მაისში, აშშ-ის მხარდაჭერით, საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება, რომელიც გერმანიაში არსებული ჰოჰენფელსის ბაზის ანალოგი იქნება " />

იზორია: 2018 წელს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სერიოზული რეფორმები ელის

მაისში, აშშ-ის მხარდაჭერით, საბრძოლო მომზადების ცენტრი გაიხსნება, რომელიც გერმანიაში არსებული ჰოჰენფელსის ბაზის ანალოგი იქნება

ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე/JAMnews

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მიმდინარე წლის მაისში “საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის ყველაზე ამბიციური პროგრამის” დაწყება იგეგმება, რაც საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრის შექმნას გულისხმობს.

ცენტრი ვაზიანის სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უნდა გაიხსნას და გერმანიაში არსებული ჰოჰენფელსის ბაზის ანალოგი იქნება. პირველი ინფორმაცია ახალი ცენტრის შექმნის შესახებ გასული წლის თებერვალში გავრცელდა.

პარლამენტში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე გამართულ მოსმენაზე გამოსვლისას ლევან იზორიამ პროექტის დეტალებზე ისაუბრა:

“2017 წელს ორი მილიონი ლარი მივმართეთ საქართველო-ნატო-ს წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JTEC) ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ასევე მივმართეთ ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობაზე 18 მილიონი ლარი, რაც ძირითადად სამინისტროში ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხაა. მაისში დავიწყებთ საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად”,  – განაცხადა “რადიო თავისუფლების” ცნობით, ლევან იზორიამ.

პროგრამა აშშ-ს დახმარებით ქართველი სამხედროების მომზადებას ითვალისწინებს.

ვაზიანში მოსამზადებელი ცენტრის გახსნა საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის პროგრამის დაწყებას ემთხვევა, რომლის ფარგლებშიც ქართველი სამხედროების მომზადება აშშ-ის დახმარებით მოხდება. ახალი ეტაპი საქართველო-აშშ-ს სამხედრო თანამშრომლობაში 2016 წლის ივლისში საქართველოში სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ვიზიტის დროს დაიწყო. მაშინ თბილისში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.

იზორიამ ასევე განაცხადა, რომ 2018 წელს შეიარაღებულ ძალებს სერიოზული რეფორმები ელის. კერძოდ, თავდაცვის სამინისტრო ბიუჯეტიდან 23 მილიონი ლარი სამხედრო ავიაციის მოდერნიზებას და განახლებას მოხმარდება. ასევე, მინისტრის თქმით, დაგეგმილია თავდაცვის პროგრამაში საზღვაო კომპონენტის შემოტანაც.

დღეისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ნატო-ს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესი გრძელდება. პირველ რიგში ეს მსუბუქ შეიარაღებას ეხება – აუცილებელი შეიარაღებით და აღჭურვილობით ცხრა ბატალიონის აღჭურვა არის დაგეგმილი. გასულ წელს საქართველომ ასეულობით ამერიკული ტყვიამფრქვევი M-240 მიღო, რომლებმაც საბჭოთა შეიარაღება უნდა ჩაანაცვლოს, წელს კი  – “ჯაველინის” ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოთხოვნით, გადაიარაღებას თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის არანაკლებ 20% მოხმარდება, რომელიც წელს 802 მილიონ ლარს შეადგენს.


ასევე წაიკითხეთ