მათ შორისაა ირაკლი ალასანიას მამა - მამია ალასანია" />

იდენტიფიცირებულია აფხაზეთის ომში დაღუპული კიდევ 25 ადამიანის ნეშტი

მათ შორისაა ირაკლი ალასანიას მამა - მამია ალასანია

აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 25 ცხედარია იდენტიფიცირებული და თბილისში გადმოსვენებული. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

იდენტიფიცირებულთა შორისაა სოხუმის მერის გურამ გაბისკირიას, ასევე ქართველი პოლიტიკოსის, ირაკლი ალასანიას მამის, უშიშროების პოლკოვნიკის, მამია ალასანიას ცხედარი.

“ამ 25-დან ყველანი არიან გმირები. მათ შორის არიან მებრძოლები და ის ადამიანები, რომლებიც ბოლო წუთამდე იცავდნენ საქართველოს ერთიანობას და დამოუკიდებლობას” – განაცხადა სოზარ სუბარმა ბრიფინგზე.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებას და ასევე აფხაზურ მხარეს პროცესში მონაწილეობისთვის:

“აფხაზური მხარე  ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პროცესი წავიდეს ძალიან დინამიურად და პოზიტიურად”, – განაცხადა სუბარმა.

როგორც ბრიფინგზე ითქვა, ბოლო ერთ წელიწადში აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ 91 ნეშტი მოიძიეს. ამ დროისთვის მათგან 25-ი იდენტიფიცირებულია.  მისი თქმით, უგზოუკვლოდ დაკარგულთა იდენტიფიცირებისა და გადმოსვენების პროცესი გრძელდება.

•  2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ–აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო–უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია.

•  2010 წლიდან დღემდე აფხაზეთის შეიარაღებულ კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 325 ადამიანის ნეშტი მოიძიეს, რომელთაგან 126 (მათ შორის ეს 25 ნეშტი) ამოცნობილია. დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი კვლავ მიმდინარეობს.

•  90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტების შედეგად, 2 400-ზე მეტი ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

•  აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს დასრულდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დამარცხებით. დაუზუსტებელი მონაცემებით, შეიარაღებულ კონფლიქტს ემსხვერლა 13 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე. აფხაზეთიდან დევნილად იქცა 300 ათასამდე ადამიანი

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ