რა ხდება სამხრეთი კავკასიისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში - კლანების ომი, თუ დემოკრატიისთვის ბრძოლა?" />

თურქეთი ერდოღანსა და გიულენს შორის

რა ხდება სამხრეთი კავკასიისთვის უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში - კლანების ომი, თუ დემოკრატიისთვის ბრძოლა?

ფოტო: დავით ფიფია. სტამბოლი, აპრილი 2017, JAMnews

აკინ აიპეკი, თურქეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ლონდონში იმყოფებოდა, როდესაც  სტამბოლში მის კუთვნილ ტელეარხზე პოლიცია მივიდა. მას შესაძლებლობა ჰქონდა, თავის მრავალმილიარდიან იმპერიაზე შეტევისთვის პირდაპირ ეთერში ედევნებინა თვალი.

“სიბრაზისგან გონზე არ ვიყავი, – ჰყვება აიპეკი  The New York Times-თან ინტერვიუში, – მაგრამ მეგონა, რომ ორ დღეში ყველაფერი დაწყნარდებოდა“.

თუმცა, არაფერიც არ დაწყნარებულა. ეს აიპეკის პირადი კატასტროფა იყო. მის არხს „ბუგუნ ტვ“-ს  2015 წლის 28 ოქტომბერს ეთერთან წვდომა დაუხურეს. მის მფლობელობაში არსებული 22-ვე კომპანია, რომლებიც „კოზა აიპეკის“ კონგლომერატში იყო გაერთიანებული, ახლა სახელმწიფოს კუთვნილებაში გადავიდა.  

და ეს კომპანიის კონფისკაციასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი ეპიზოდია, რაც თურქეთში გასული წლის 15 ივლისს, ერდოღანის მთავრობის დამხობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დაიწყო, წერს  New York Times. კონფისკაციას დაექვემდებარა 950-ზე მეტი კომპანია, რომლებიც, თურქეთის პრეზიდენტის აზრით, სავარაუდოდ, ამ შეთქმულების ორგანიზატორ მუსლიმ მოძღვართან, ფეთულაჰ გიულენთან იყო კავშირში.

ამ უპრეცედენტო კამპანიის შედეგად თურქეთის სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა აქტივები აღმოჩნდა – წვრილმანი მაღაზიებით და კაფეებით დაწყებული, მსხვილ კომპანიებამდე, რომელთა საერთო ღირებულება $11 მილიარდს შეადგენს. მათი რამდენიმე ათასი თანამშრომელი საზღვარგარეთ გაიქცა, სხვები ციხეში მოხვდნენ  – იმ 50, 000 ადამიანს შორის, რომლებიც პოლიციაში, ჯარში, სასამართლოებსა და მედიაში ჩატარებული წმენდის შედეგად დააპატიმრეს.

თურქეთი თავის დროზე განვითარებად ბაზრისა და ისლამის შერწყმის ეტალონად იყო მიჩნეული. ვითარდებოდა ტურიზმი და ვაჭრობა, მხოლოდ კომპანია „სტარბაკსმა“, 2013 წლიდან მოყოლებული, ქვეყანაში ასობით დაწესებულება გახსნა.

მაგრამ, თურქეთში პოლიტიკა და ფინანსები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული, და წარუმატებელი გადატრიალების შედეგებმა ეკონომიკას ზიანი მიაყენა.

თურქული ლირა დასუსტდა, ხოლო ერთი წლის განმავლობაში უცხოური ინვესტიციები ორჯერ შემცირდა. მსოფლიოს სამმა ყველაზე მსხვილმა სარეიტინგო სააგენტომ თურქეთის სტსტუსი „უსარგებლომდე“ დაიყვანა, და ამის ერთ-ერთ მიზეზად ფეთულაჰ გიულენის მოძრაობასთან კავშირში ეჭვმიტანილი კომპანიების ჩამორთმევა დაასახელა.  

ფეთულაჰ გიულენი

იპეკი – ერთ-ერთი იმათგანია, რომელიც თურქეთიდან გადასახლებულ და აშშ-ში მცხოვრებ  76 წლის გიულენთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

ფეთულაჰ გიულენი

ათწლეულების განმავლობაში გიულენი ქადაგებს ისლამის ნაირსახეობას, რომელიც მშვიდობის, დემოკრატიისა და სამეცნიერო ცოდნის პრინციპებს ეფუძნება. მისმა მოძრაობამ „ხიზმეტმა“ („მსახურება“) თურქეთსა და სხვა ქვეყნებში დააარსა საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი, მათ შორის 120 სკოლა აშშ-ში. ეს მოძრაობა ამერიკელი პოლიტიკოსების დელეგაციების თურქეთში მოგზაურობას აფინანსებდა.

გიულენის ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ პროპაგანდისტული საფარი იყო ამ ორგანიზაციისთვის, რომელიც მიზნად გამდიდრებასა და მთავრობის დამხობას ისახავდა.

გიულენის სკოლების კურსდამთავრებულებს ახალისებდნენ, რომ პირველ რიგში ქვეყნის სამართალდამცავ სისტემაში ეძებნათ სამუშაო. გიულენის მფარველობის ქვეშ მყოფი მეწარმეები კონკურენტებზე ადრე,   მარტივად იღებდნენ ნებართვებსა და ლიცენზიებს.

თურქეთის ხელისუფლების ვერსიით, მისი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროტეჟე აიპეკი იყო.

აიპეკი ლონდონში იმით არის დაკავებული, რომ საკუთარი რეპუტაცია და ცხოვრების ადრინდელი წესი აღიდგინოს. ის უარყოფს, რომ გიულენს ფინანსურად  მხარს უჭერდა და მისი მომხრეების მფარველობით სარგებლობდა. აიპეკის თქმით, ახლა მისი ქონება $10-ს არ აჭარბებს.

“ჩემს ცხოვრებაში არც ერთი დანაშაული არ ჩამიდენია, მოძრაობის წესებიც კი არ დამირღვევია“, – თქვა აიპეკმა ინტერვიუს დროს.

აიპეკის ნათქვამსა და თურქეთის ხელისუფლების ვერსიაში სიმართლისა და გამონაგონის ერთმანეთისგან გარჩევა ადვილი არ არის. დღევანდელ თურქეთში ამ ცნებებს, ასევე მოკავშირეებსა და მოღალატეებს შორის ზღვარი ძალიან ბუნდოვანია.    

სინამდვილეში, მთელ ამ ამბავში უფრო მნიშვნელოვანი როლი აქვს აიპეკის მამას.

15 წლის წინათ უფროსი აიპეკი წვრილი მეწარმიდან მილიარდერად იქცა. მისი თქმით, ამ თავბრუდამხვევ წარმატებას მან საკუთარი შრომით მიაღწია, და არა გავლენიანი პოლიტიკური მოღვაწის მხარდაჭერის წყალობით.

აგრამ არსებობს სხვა ვერსიაც –  აიპეკ-უფროსმა წარმატებას  იმის წყალობით მიაღწია, რომ 2003-ში პრემიერ-მინისტრი მისი მომავალი მოსისხლე მტერი ტაიპ ერდოღანი გახდა.

მანამდე თურქეთს ათწლეულების განმავლობაში ქემალისტები მართავდნენ – საერო ელიტა, რომელიც ჯარს ეყრდნობოდა. უეცრად პრემიერი გახდა კონსერვატორი ისლამისტი, რომელსაც ხელისუფლებისადმი ლოიალური ახალი ჩინოსნები, მოსამართლეები და პოლიციელები ძალიან სჭირდებოდა.

ერდოღანმა გიულენთან დაამყარა კავშირი, რომელიც მაშინ მოწინააღმდეგედ კი არა, კონსერვატიულ მუსლიმ მოძღვრად მიიჩნეოდა, და ინტელექტუალურ ელიტაში ავტორიტეტით სარგებლობდა. გიულენის მიმდევრები მთავრობაში საკვანძო პოზიციებს იკავებდნენ,  დაიწყო სახელმწიფო ბიუროკრატიის შეცვლა.

ბიზნესმენებს, რომლებიც ერდოღანისა და გიულენის მხარდჭერით სარგებლობდნენ, წარმატება გარანტირებული ჰქონდათ. თურქეთს ზრდის პერიოდი დაუდგა, და იმ ადამიანებს, ვისაც სამთავრობო კავშირები ჰქონდა, საქმე საუკეთესოდ მისდიოდათ. აიპეკ-უფროსი ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელმაც კარიერა 2005 წელს ოქროს საბადოს შეძენით დაიწყო.  

ერდოღანისა და გიულენის კავშირი ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. 2007 წელს უკანასკნელმა ქვეყანა დატოვა, ხოლო მასთან თანამშრომლობის შესახებ ეჭვები საშიში გახდა. 2009 წელს ერდოღანმა ის დაადანაშაულა, რომ გიულენი თურქეთის ხელისუფლებისთვის იღვწის.

მალე გასაგები გახდა, რომ მეწარმეებსაც მოუწევდათ არჩევნის გაკეთება, თუ ვის მხარეს ყოფილიყვნენ. მაგრამ აიპეკის ოჯახს არჩევანი უკვე აღარ ჰქონდა – ამ მომენტისთვის მათი ოჯახის კეთილდღეობა ზედმიწევნით მჭიდროდ იყო გიულენთან დაკავშირებული.

აკინ აიპეკი.ფოტო: ენდრიუ ტესტა. the New York Times

როგორც ჩანს, აიპეკს ესმოდა, რომ თურქეთში მისი მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ჯერ კიდევ 2014-ში მან ლონდონში გადაბარგება დაიწყო, სადაც თავისი მთელი აქტივების მმართველი კომპანია დააარსა.

თურქეთის ხელისუფლებას აიპეკზე ზემოქმედების ისეთი საშუალებაც აქვს, როგორიცაა  მისი უმცროსი ძმა ტეკინი, რომელიც სასამართლოს გარეშე, უკვე ორი წელიწადია, ციხეშია. აიპეკმა მათ, უმცროსი ძმის სანაცვლოდ, საკუთარი თავი შესთავაზა. მისი სიტყვებით, საპასუხოდ ხელისუფლებამ მას თურქეთში ჩასვლა და მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა. მან უარი უთხრა იმის შიშით, რომ ასეთ შემთხვევაში, ორივე მთგანი ციხეში აღმოჩნდებოდა.

თურქეთსა და მის საზღვრებს გარეთ ბევრს მიაჩნია, რომ ერდოღანმა გადატრიალების ეს წარუმატებელი მცდელობა მოწინააღმდგეებთან ანგარიშსწორების საბაბად გამოიყენა, და ადამიანები ციხეებში იმის გამოც კი ჩასვა, რომ ისინი ფულს გიულენთან კავშირში მყოფ ბანკებში ინახავდნენ.

გასული წლის განმავლობაში 130,000 -ზე მეტი ადამიანი  მოხსნეს ან ჩამოაშორეს დაკავებულ თანამდებობას, დაიკეტა ათობით საავადმყოფო, 1,200 სკოლა და 15 უნივერსიტეტი.


ასევე წაიკითხეთ