თურქეთის ხელისუფლება ყველაფერში ამერიკასა და ადგილობრივ ბლოგერებს ადანაშაულებს. მსოფლიოს გლობალური კრიზისის დადგომის ეშინია " />

თურქეთის ეკონომიკა კატასტროფის ზღვარზეა. რა შუაშია აშშ?

თურქეთის ხელისუფლება ყველაფერში ამერიკასა და ადგილობრივ ბლოგერებს ადანაშაულებს. მსოფლიოს გლობალური კრიზისის დადგომის ეშინია

ზეიმი სტამბოლში სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის მეორე წლისთავთან დაკავშირებით. ფოტო გადაღებულია ბოსფორზე გადებულ ხიდზე 2018 წლის 15 ივლისს. REUTERS/Murad Sezer

ბოლო რამდენიმე დღეა, თურქეთში სავალუტო კრიზისია – ეროვნული ვალუტა, ანკარასა და ვაშინგტონს შორის ურთერთობის გაუარესების ფონზე, დოლართან მიმართებაში რეკორდულ მინიმუმამდე დაეცა.

ამ დღეებში თურქული ვალუტის კურსმა 1 დოლართან მიმართებაში 7,24 ლირას მიაღწია – შედარებისთვის, 2018 წლის აპრილში დოლარი 4 ლირა ღირდა.

თურქული ლირის კურსის დაცემამ უკვე გამოიწვია რამდენიმე ქვეყნის ბაზრის კრიზისი – მათ შორის ინდოეთში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მექსიკასა და ჩინეთში. მთელი მსოფლიოს ეკონომისტები იხსენებენ ახლახან საბერძნეთში დავალიანებასთან დაკავშირებით მომხდარი კრიზისის შედეგებს მსოფლიო ეკონომიკისთვის, ასევე ბანკ Lehman Brothers-ის გაკოტრების ამბავს, რითაც 2008 წელს მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი დაიწყო.

„გახდება თუ არა თურქეთი „საბერძნეთი 2.0“? – ასე აყენებენ საკითხს საერთაშორისო გამოცემები

თურქეთი და აშშ – რა ხდება?

თურქეთსა და აშშ-ს შორის დაძაბულობამ ჯერ კიდევ 2018 წლის ივნისში, მას შემდეგ იმატა, რაც ანკარა რუსეთს საზენიტო სარაკეტო სისტემების С-400-ის შეძენის თაობაზე გაურიგდა, ვაშინგტონი კი საპასუხოდ დაემუქრა, რომ თურქეთისთვის F-35 გამანადგურებლების მიწოდებას შეწყვეტდა, და მის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებდა.

გამწვავების კიდევ ერთი მიზეზია თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაჭერა, მას 2016 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობასთან კავშირში ადანაშაულებენ.

2018 წლის აგვისტოს დასაწყისში ბრანსონის საქმესთან დაკავშირებით თურქეთის იუსტიციის მინისტრის, აბდულაჰმიტ გიულისა და რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს წინააღმდეგ აშშ-მ სანქციები დააწესა. ორივე თურქ ჩინოვნიკს აშშ-ში შესვლა აეკრძალა, მათი ყველა აქტივი კი გაიყინა.

საქმე ამით არ ამოწურულა – 10 აგვისტოს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ ტვიტერზე განაცხადა, რომ თურქულ ალუმინსა და ფოლადზე იმპორტის გადასახადი გააორმაგა – შესაბამისად, 20% და 50% -მდე.

 

 

 

„ჩვენ ამჟამად თურქეთთან არცთუ კარგი ურთიერთობა გვაქვს“, – დაწერა ტრამპმა.

 

 

ტრამპის ამ განცხადების შემდეგ თურქული ლირის კურსი მაშინვე 18 პროცენტით დაეცა და 2001 წლის შემდეგ რეკორდულ მინიმუმს მიაღწია.

ანკარა ვაშინგტონს „ადეკვატურ პასუხს“ დაჰპირდა.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ დოლარები და ოქრო გაყიდონ, რათა ამით ეროვნულ ვალუტას დაეხმარონ.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ვალუტის კურსის დაცემა „თურქეთის წინააღმდეგ პოლიტიკურ შეთქმულებას წარმოადგენს და ინტერნეტმემად ქცეული ფრაზა წარმოთქვა:

„მათ აქვთ დოლარები, ჩვენ კი გვყავს ხალხი, ჩვენი უფლებები და ალაჰი“.

რას უქადის მსოფლიო ეკონომიკას თურქეთში არსებული ეკონომიკური ჩავარდნა

მთლიანობაში 2018 წელს თურქეთის ვალუტა დაახლოებით 40 პროცენტით გაიაფდა.

ინდოეთის, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკის, მექსიკისა და ჩინეთის გარდა, თურქეთის სავალუტო კრიზისი ძლიერ აისახა რუსეთზეც. რუსული რუბლის საბირჟო კურსმა 13 აგვისტოს, 2016 წლის აპრილის შემდეგ პირველად, 1 დოლარის სანაცვლოდ – 68 რუბლს გადააჭარბა. თუმცა, ამ ყველაფერში არცთუ მცირედი როლი მიუძღვის ამერიკის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებასთან დაკავშირებით ინვესტორების შიშებს.

თურქეთში შექმნილი სიტუაციის გამო, ყველა მსხვილ სივრცეში საფონდო ინდექსები მკვეთრად დაეცა, მათ შორის – ევროპაშიც.

ინვესტორები შიშობენ, რომ თურქეთში უცხოური ვალუტით აღებულ სესხებზე დეფოლტების ტალღა მოხდება – ამგვარი სესხებზე თურქეთის საბანკო სექტორის აქტივების 40% მოდის.

ეკონომიკურ კრიზისში ბლოგერები და ლიბერალები არიან დამნაშავეები

თურქეთის ეკონომიკა კატასტროფის ზღვარზე ბალანსირებს, – წერენ საერთაშორისო მიმომხილველები. თუმცა, ქვეყნის ხელისუფლებამ, მსოფლიო სავალუტო ფონდისადმი დახმარებისთვის მიმართვის ნაცვლად, გამოძიება დაიწყო რამდენიმე ასეული ბლოგერის წინააღდეგ, რომლებმაც, მათი აზრით, „დოლარის კურსის ზრდის პროვოცირება მოახდინეს და თავიანთი მანიპულაციებით ეკონომიკურ სიტუაციას საფრთხე შეუქმნეს“.

გამოძიება დაწყებულია ასევე რამდენიმე მედიაგამოცემის წინააღმდეგაც, რომლებიც, თურქეთის ფინანსური დანაშაულების გამოძიების საბჭოს მტკიცებით, „ყალბ სიახლეებს აქვეყნებდა, რაც ეკონომიკით მანიპულირებისკენ იყო მიმართული“.


ასევე წაიკითხეთ