დირექციამ და სამხატვრო ხელმძღვანელმა გასტროლები ვერ გაიყვეს" />

აფხაზეთის თეატრალურ საზოგადოებაში განხეთქილებაა

დირექციამ და სამხატვრო ხელმძღვანელმა გასტროლები ვერ გაიყვეს

ფოტო: სერგეი დემიანოვი, JAMnews

აფხაზეთის მთავარი თეატრის ხელმძღვანელობა და კოლექტივი ორად გაიყო – განხეთქილების მიზეზი გახდა რუსეთში დასის ერთი ნაწილის ორჯერ გამგზავრება – მსახიობებმა სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად ჯილდოები ჩამოიტანეს, მაგრამ დირექციას ეს წარმატება სულაც არ გახარებია და ქვეყნის ხელისუფლებას კოლექტივის ერთი ნაწილის თვითნებურ ქმედებაში გარკვევა მოსთხოვა.

კონფლიქტი ვლადიკავკაზში (20-24 თებერვალს) გამართულ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „სცენა საზღვრებს გარეშე“-ზე მიწვევით დაიწყო. თეატრის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ფესტივალზე ოფიციალურად იყო მიწვეული ს.ი. ჩანბას სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი სპექტაკლით „ბერნარდა ალბას სახლი“, რეჟისორ მადინა არგუნის დადგმით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასეთივე მიწვევა მიიღო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვალერი კოვემ, მაგრამ უკვე სხვა სპექტაკლით – „ფეხით“, რომელიც მროჟეკის პიესის მიხედვით თავად კოვემ დადგა.

თეატრის დირექცია აცხადებს, რომ „ ერთსა და იმავე ფესტივალზე ორი მიწვევის გამო, თეატრში შექმნილ არასტანდარტულ სიტუაციასთან დაკავშირებით“ საქმე აფხაზეთის ხელისუფლებამდე მივიდა, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ჩანბას სახელობის თეატრი ფესტივალში „სცენა საზღვრებს გარეშე“ მონაწილეობას არ მიიღებდა. ფესტივალზე გასაგზავნად ორი სპექტაკლიდან ერთ-ერთის ამორჩევა კულტურის სამინისტრომაც კი ვერ შეძლო, და ეს მთავრობის ერთგვარი „ბრძნული“ გადაწყვეტილება იყო.

თუმცა, სამხატვრო ხელმძღვანელმა ვალერი კოვემ სპონსორები მოძებნა და დასის ნაწილი ვლადიკავკაზში დამოუკიდებლად წაიყვანა. მეტიც, სპექტაკლმა „ფეხით“ მონაწილეობა მიიღო სხვა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალშიც „სამხრეთის სცენა“, (ნალჩიკში 24-27 თებერვალს).

დირექცია აცხადებს, რომ ამით „თეატრში სპექტაკლებისა და რეპეტიციების ოფიციალური გრაფიკი დაირღვა“. თეატრის ხელმძღვანელობამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას მიმართა, რათა მომხდარი სათანადოდ შეეფასებინათ.

დირექცია და სამხატვრო საბჭო კოვეს თეატრში განხეთქილების პროვოცირებაში ადანაშაულებენ.

ამავდროულად, ვალერი კოვეს მიერ დადგმულ სპექტაკლს ორ ფესტივალზე რამდენიმე ჯილდო მიენიჭა, მათ შორის, სპექტაკლმა „ფეხით“ ფესტივალი „სამხრეთის სცენის“ გრან-პრი დაიმსახურა.

თავად კოვე კონფლიქტთან დაკავშირებით არანაირ კომენტარს არ აკეთებს. მის ნაცვლად, ეს თეატრის წამყვანმა მსახიობმა კესოუ ხაგბამ გააკეთა: „იმის ნაცვლად, რომ თეატრის ოსტატობა პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორის, ვალერი კოვეს დონეს დავუახლოვოთ, თავდ კოვეს ჩვენს დონემდე ჩამოქვეითებას ვცდილობთ“.

პუბლიკაციის ავტორის მიერ წარმოდგენილი ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები მას ეკუთვნის და აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ის ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთვეოდეს. JAMnews უფლებას იტოვებს, წაშალოს პუბლიკაციისთვის დართული ისეთი კომენტარები , რომელიც შეურაცხმყოფელად, მუქარის შემცველად, ძალადობისკენ მოწოდებად ან რაიმე სხვა მიზეზით ეთნიკურად მიუღებლად იქნება მიჩნეული.

ასევე წაიკითხეთ