სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობის საგანგაშო სტატისტიკის გამო აქტივისტები კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ " />

თბილისში მშენებლობაზე ორი მუშის დაღუპვა გააპროტესტეს

სამუშაო ადგილებზე სიკვდილიანობის საგანგაშო სტატისტიკის გამო აქტივისტები კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ

31 მარტს თბილისის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე, საძირკვლის გამაგრების სამუშაოების დროს მიწის ჩამოშლის შედეგად ორი მუშა დაიღუპა. პირველი ცხედარი — 26 წლის ჭიათურელი დავით აბესაძე, მაშველებმა დაახლოებით 20:00 საათისთვის ამოიყვანეს. მეორის, 40 წლის ედვარდ ვარიშოვის ძებნა დაახლოებით 8 საათს გაგრძელდა.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, რომ პირველადი დათვალიერებით, სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო. მისი თქმით, სამშენებლო მოედანზე „კუსტარული მანქანა-დანადგარები და დაუცველი ღიობები არსებობდა, რომელიც ერთი შეხედვით თვალსაჩინო იყო.“ თუმცა, ამ ეტაპზე მიწის ჩამოშლის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი ნაადრევია.

ამჟამად ობიექტზე მშენებლობა შეჩერებულია.

• ტყიბული – სიკვდილს შეგუებული ქალაქი

• “ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები”. სამუშაო ადგილზე დაშავებული მუშების ისტორიები

კომპანია “ტრანსმშენმა”, რომელიც შემთხვევის ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, დაღუპულთა ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა და ისიც აღნიშნა, რომ უშუალოდ საძირკვლის გამაგრების სამუშაოებს ქვეკონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა. და შესაბამისად, პასუხისმგებლობა თანამშრომელთა უსაფრთხოებაზე მას ეკისრება.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ჩამოშლის შედეგად ორი ადამიანის დაღუპვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მიზეზები აუცილებლად დადგინდება.

,,ჩვენ, აუცილებლად, დეტალურად გამოვიძიებთ ამ საკითხს, მივიღებთ შესატყვის ზომებს, იმისთვის რომ მაქსიმალურად დავიზღვიოთ თავი, რომ ასეთი რაღაც არ განმეორდეს” – თქვა მინისტრმა.

სამწუხარო სტატისტიკა

31 მარტის შემთხვევამდე, 16 მარტს, თბილისში ერთ-ერთ მშენებლობაზე სამი მუშა სიმაღლიდან გადმოვარდა და ორი მათგანი დაიღუპა. კიდევ უფრო ადრე, თებერვალში, ასევე თბილისში იგივე მიზეზით ერთი მუშა გარდაიცვალა.

2019 წელს სამუშაო ადგილებზე დაღუპულების სტატისტიკა ჯერჯერობით უცნობია. 2018 წელს კი ეს რიცხვები ასეთი იყო: საწარმოო შემთხვევების შედეგად 199 ადამიანი დაშავდა, 59 დაიღუპა. 2011 წლიდან 2018 წლის ჩათვლით, ანუ 8 წლის განმავლობაში, საწარმოო შემთხვევების შედეგად 1081 ადამიანი დაშავდა და 376 დაიღუპა.

საწარმოო შემთხვევების შესახებ გამოძიება 240-ე მუხლით იწყება ხოლმე, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმთელობის დაზიანება ან სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 2017 წელს საქართველოს რაიონული სასამართლოების მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მსჯავრდებულ იქნა 34 ადამიანი, 2018 წლის 11 თვეში კი — 32.

რას აკეთებს ხელისუფლება?

პარლამენტმა 2018 წლის 7 მარტს მიიღო კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ. ახალი კანონით, შრომის ინსპექციის მანდატი დასაქმების ყველა სექტორზე გავრცელდება, და არა მხოლოდ განსაკუთრებით საშიშ დარგებზე, როგორც ეს მანამდე ხდებოდა. ასევე ინსპექტირების დეპარტამენტს ენიჭება უფლებამოსილება სამუშაო ადგილი კომპანიის წინასწარი თანხმობის გარეშე შეამოწმოს.

ეს ცვლილება ძალაში 2019 წლის პირველი სექტემბრიდან შედის.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე აცხადებს, რომ კანონის ქმედითობის შეფასება ჯერ ნაადრევია. იმისთვის, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს, დროა საჭირო.

,,ინსპექტორების დამატება ნამდვილად საჭიროა. დღეს არის 40 ინსპექტორი. 90-მდე მაინც უნდა ავიდეს მათი რიცხვი”, – ამბობს აკაკი ზოიძე.

,,დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ“

მომხდართან დაკავშირებით, სოლიდარობის ქსელის ინიციატივით, 1 აპრილს საღამოს ჭავჭავაძის გამზირზე მსვლელობა მოეწყო დევიზით ,,დროა, ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ”. აქციის მონაწილეებმა შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოსგან გადამჭრელი ქმედებები მოითხოვეს.

,,ჩვენ სახელმწიფო არ გვიცავს, ამიტომ პირდაპირი ბრძოლისა და გაერთიანების გარდა არაფერი დაგვრჩა! სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს! ვითხოვთ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ