ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი პირი. ორივე ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია " />

თბილისში მოკლული 25 წლის ვიტალი საფაროვის მკვლელობის მოტივი, შესაძლოა, ქსენოფობია იყოს

ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ორი პირი. ორივე ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრია

ფოტო: ვიტალი საფაროვის პირადი ფეისბუკ-გვერდი

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” (HRIDC) ვარაუდობს, რომ 25 წლის ვიტალი საფაროვი, რომელიც თბილისის ცენტრში 30 სექტემბერს მოკლეს, ქსენოფობიური განწყობების მსხვერპლი გახდა.

საფაროვის მკვლელობის საქმეზე ამ დროისთვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ე.წ. ნეონაცისტური დაჯგუფების წევრები არიან.

ვიტალი საფაროვი თბილისის ცენტრში,  ალექსანდრე დიუმას ქუჩაზე 30 სექტემბერს დილის 5 საათისთვის მოკლეს. მანამდე ის მეგობრებთან ერთად კაფეში იყო, სადაც მოხდა შელაპარაკება. ჩხუბი ქუჩაში გაგრძელდა. საფაროვს სასიკვდილო ჭრილობები დანით მიაყენეს. სასწრაფოს ექიმებს იგი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

 

თვითმხილველები ჟურნალისტებთან ინტერვიუში აცხადებდნენ, რომ საფაროვის წინააღმდეგ ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა

 

ვიტალი საფაროვი არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩართულობის და განვითარების ცენტრში“ მუშაობდა. იგი, მრავალი წლის მანძილზე აქტიურად იყო ჩართული მოზარდების ტოლერანტულ ბანაკებსა და სხვა პროექტებში – რასიზმის, ქსენოფობიისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ.

HRIDC-იმ დღეს საფაროვის მკვლელობის საქმეზე პრესკონფერენცია გამართა. 

ცენტრის თანამშრომლებმა მომხდარის სავარაუდო დეტალებიც გამოიკვლიეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მკვლელობის საღამოს საფაროვი და მისი მკვლელები ერთ ბარში იმყოფებოდნენ.

კონფლიქტის მიზეზი, სავარაუდოდ, გახდა ის, რომ საფაროვი არ ლაპარაკობდა ქართულად. როგორც კონფლიქტის თვითმხილველები იხსენებენ, შემდგომ შელაპარაკება უფრო გამძაფრდა და საუბარი შეეხო “სამშობლოს და ქართველობის” თემას.

“ამის გათვალისწინებით, ვიტალი საფაროვის წინააღმდეგ ძალადობა, სავარაუდოდ, განხორციელდა ქსენოფობიურ ნიადაგზე, რაც გულისხმობს უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშს ან/და სიძულვილს”, – აცხადებენ ცენტრში.

პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ  საფაროვის მკვლელობის საქმეზე დაწყებული გამოძიება მიმდინარეობს არასწორი კვალიფიკაციით.

“ვიტალი საფაროვის მკვლელობა არის ჩადენილი ჯგუფურად, ხულიგნური ქვენა გრძნობით, რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო”, – აღნიშნავენ უფლებადამცველები.

თუმცა, პროკურატურა თავის ბრალში არც ჯგუფურ დანაშაულზე და არც ეთნიკურ შეუწყნარებლობაზე არ საუბრობს.

დაკავებული ორი პირიდან ერთს ბრალი წარდგენილი აქვს განზრახ მკვლელობაში (დამამძიმებელი გარემოებების გარეშე), ხოლო მეორეს დანაშაულის შეუტყობინებლობაში.

პროკურატურაში ამბობენ, რომ ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების შემთხვევაში გადაკვალიფიცირდება.

ორივე დაკავებული ნეონაცისტური ჯგუფის წევრია, რომლებიც მანამდეც იყვნენ შემჩნეული მსგავს ძალადობაში. ერთი 1995 წელსაა დაბადებული, მეორე – 1998 წელს.

როგორც ცენტრის თანამშრომლები თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებენ, ბოლო ორი წლის განმავლობაში საინფორმაციო ცენტრ 112-სა და კრიმინალურ პოლიციაში არაერთხელ შევიდა შეტყობინება ბრალდებულების მიერ ჩადენილ ძალადობრივ ფაქტებზე, თუმცა პოლიციას ამ შეტყობინებებზე რეაგირება არ მოუხდენია.

ცენტრში აცხადებენ, რომ ბოლო დროს “ქსენოფობიური, ფაშისტური ჯგუფების აქტიურობა და სიძულვილის გაღვივება  ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს”.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ