საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა" />

თბილისის სასამართლომ პრეზერვატივების კომპანია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში დამნაშავედ სცნო

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ სასამართლომ გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ქართული წარმოების პრეზერვატივების შეფუთვაზე იმსჯელა და დაადგინა, რომ ქართული პრეზერვატივი “აიისა” ლახავს ეროვნულ ღირსებას და მორალს.

ქართული კომპანია „აიისა” პრეზერვატივებს 2017 წლიდან აწარმოებს. პრეზერვატივების შეფუთვაზე კომიქსების სტილში გამოყენებულია წმინდანად შერაცხული ქართველი მონარქის – თამარ მეფის, ასევე თბილისის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს “ქართლის დედის” გამოსახულებები; დატანილია ციტატები  შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან”, ქართული უცენზურო გამონათქვამები, ასევე გაშარჟებულია ზოგიერთი რელიგიური გამონათქვამი. 

“აიისას” წინააღმდეგ სასამართლოს თბილისის მერიამ მიმართა. მერია თავის განცხადებაში აღნიშნავდა, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი გამოსახულებები არაეთიკურია, ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.

თამარ მეფის კომიქსი პრეზერვატივის შეფუთვაზე. ფოტო: “აიისას” ფეისბუკ-გვერდიდან

“აიისას” პრეზერვატივები სტალინის და პუტინის გამოსახულებითაც გამოდის

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ გაიზიარა  თბილისის მერიის შეშფოთება და თამარ მეფის გამოსახულების გამოყენებისთვის “აიისა” 500 ლარით დააჯარიმა. კომპანიას დაევალა 14 მაისამდე სამი დიზაინის პრეზერვატივების გაყიდვიდან ამოღება და ასევე აეკრძალა მსგავსი შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება.

“აიისას” მფლობელი, ანანია გაჩეჩილაძე on.ge-სთან კომენტარში ამბობს, რომ მას პრეზერვატივის გაყიდვიდან ამოღება არ დასჭირდება:

“14-მდე ვინ გააჩერებს მაგას, იყიდება 5 წუთში. ახლა, მაგ სამ დიზაინს ათ ლარს, ექსკლუზიურ ფასს დავადებ და ვიტყვი, რომ შემდეგ ჯერამდე მოასწარით თქო”.

“აიისას” პრეზერვატივების წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე საპროტესტო აქციაც მოეწყო, ლოზუნგით “თამარ მეფის შეურაცხყოფას ქართველი ერი არავის აპატიებს”. აქციაზე კონსერვატიული და ულტრანაციონალური ჯგუფები ამ პრეზერვატივების წარმოების აკრძალვას და უკვე გამოშვებული პროდუქციის სრულად განადგურებას ითხოვდნენ.

კომპანია “აიისას” პროდუქცია გააკრიტიკა საქართველოს საპატრიარქომაც. განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ მარტში გაავრცელა ნათქვამია, რომ ეს არის “მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინება”, და “უზნეო თავგასულობა”.

თუმცა, “აიისას” საქართველოში დამცველებიც ჰყავს. ფეისბუკზე მიმდინარე დისკუსიებიდან ირკვევა, რომ საზოგადოების ერთი, უფრო დიდი ნაწილისთვის ამ კომპანიის საქმიანობა აბსოლუტურად მიუღებელია. მეორე, შედარებით მცირე ნაწილი სასამართლოს გადაწყვეტილებას და კომპანიაზე თავდასხმებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.

“სასამართლოს გადაწყვეტილება არის საშიში პრეცედენტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა”;

“საბჭოთა კავშირი ბრუნდება!”,

“გამოხატვის თავისუფლება ზოგჯერ ჩვენთვის მიუღებელი გამოხატვის ფორმების თავისუფლებასაც გულისხმობს. ამიტომ, ყველა ვინც თავისუფლების მხარესაა, ვისაც მორალის პოლიციელობა არ უნდა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით აღშფოთებულია”, – წერენ ფეისბუკ-მომხმარებლები.

“აიისას” ადვოკატები აპირებენ 4 მაისის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას. ასევე, გეგმავენ საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივილს.

•    “აიისა” პრეზერვატივების მწარმოებელი პირველი ქართული კომპანიაა.  “სტარტაპის” იდეა, კომპანიის დირექტორს ანანია გაჩეჩილაძეს ბაზარზე ერთფეროვნებისა და მოთხოვნა­-მიწოდებას შორის არსებული ხარვეზის გამო გაუჩნდა. მისი თქმით, ბრენდის მსუბუქი სარკაზმი კონცეფციის ნაწილია. როგორც “აიისას” ფეისბუკ-გვერდზე ვკითხულობთ, კომპანიის მიზანია სექსის და სექსუალობის მიმართულებით ქართულ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების ნგრევა.  

•   “აიისა” თავის პროდუქციას ონლაინ ყიდის.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ