კალაძემ პარლამენტს სთხოვა კანონში ცვლილებები რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ" />

თბილისის მერი უცხოელებისთვის საქართველოში ბინადრობის უფლების წესის გამკაცრებას ითხოვს

კალაძემ პარლამენტს სთხოვა კანონში ცვლილებები რაც შეიძლება სწრაფად მიიღონ

უცხოელი ტურისტები თბილისში. ფოტო: კახა მჭედლიძე/რადიო თავისუფლება

თბილისის მერი კახა კალაძე მიმართავს პარლამენტს, რაც შეიძლება მოკლე დროში გადაიხედოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების შესახებ კანონმდებლობა.

მერის თქმით, დღევანდელი კანონმდებლობა “ეწინააღმდეგება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას” და იგი უნდა გამკაცრდეს.

კერძოდ, დღეს არსებული კანონმდებლობით, საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის მოწმობის მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქემ უნდა შეიძინოს 35 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, კანონის თანახმად, თუ 35 ათასი დოლარის ქონების მყიდველი ამ ქონებას სხვას გადასცემს, მაშინ ის მეორე პირიც მოიპოვებს ბინადრობის მოწმობას.

სწორედ სხვისთვის გადაცემის წესია, კალაძის აზრით, კანონის მთავარი ხარვეზი:

“ძალიან ბევრია შემთხვევები, როდესაც ერთი ადამიანი ყიდულობს ბინას და შემდეგ ფიქტიურად გადააფორმებს სხვა პიროვნებებზე და ისინიც იღებენ ბინადრობის უფლებას. ატრიალებენ ე.წ. კარუსელს, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის,” – აღნიშნა მერმა. 

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მას უკვე ჰქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.

“პარლამენტში უკვე მოხდა განხილვა და მინდა, მივმართო ჩვენს პარლამენტარებს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ამ ცვლილების მიღება,” – აღნიშნა კალაძემ. 

გარდა ქონების სხვისთვის გადაცემის წესისა, კალაძე კანონში სხვა პუნქტების გამკაცრებასაც ითხოვს.

კერძოდ, ითხოვს, რომ 35 000 დოლარის ნაცვლად, ბინადრობის უფლების მოსაპოვებლად მოთხოვნილ იქნება 100 ათასი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ პირი, რომელმაც მიიღო ერთწლიანი ბინადრობის უფლება, გაასხვისებს ან გადასცემს სხვას თავის ქონებას, იგი დაკარგავს ბინადრობის უფლებას.

“ანუ შეუძლებელი გახდება ერთი უძრავი ქონებით სხვადასხვა პირისთვის ბინადრობის უფლების მინიჭება,” – განმარტავს კალაძე და აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა ინვესტორთა მიმართაც უნდა შეიცვალოს. 

დღევანდელი კანონმდებლობით, ბიზნესმენს, რომელიც ქვეყანაში 300 ათასი ლარის ინვესტიციას ჩადებს, განუსაზღვრელი ვადით ბინადრობის უფლება ენიჭება. კალაძის ინიციატივაა, რომ 300 ათასი ლარი შეიცვალოს 300 ათასი დოლარით და მუდმივი ბინადრობის უფლება შეიცვალოს ხუთწლიანი ბინადრობის უფლებით.

“ჩვენ მივესალმებით და არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო უცხო ქვეყნის მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში, აწარმოონ კანონიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიიღონ განათლება, მაგრამ კანონი და წესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შესაბამისობაში იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან. კანონში არსებული ხარვეზების გამოსწორება გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან და ეროვნული უსაფრთხოებიდან,” – აღნიშნა მერმა. 

კალაძე ერთადერთი არ არის, ვინც ამ კანონის გამკაცრებას ითხოვს. ცვლილებების შეტანა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონში დიდი ხანია იგეგმება და ცვლილებების პაკეტი უკვე შეტანილია პარლამენტში დეპუტატების გოჩა ენუქიძისა და ივლიანე წულაიას მიერ. დეპუტატების მიერ მომზადებული პაკეტში ზუსტად ის ცვლილებები შეტანილი, რასაც თბილისის მერი ითხოვს.

•   2012-2016 წლებში საქართველოში უცხოელებზე 70 508 ბინადრობის ნებართვა გაიცა. 2017 წელს გაცემულია 1173 ბინადრობის ნებართვა (მოთხოვნის შემცირება დაკავშირებულია საქართველოში უვიზოდ ყოფნის წესების გამარტივებასთან). ქვეყნების მიხედვით, ბოლო წლებში ყველაზე მეტი ბინადრობის ნებართვა გაიცა აზერბაიჯანის, რუსეთის, თურქეთის, სომხეთის, უკრაინის, ინდოეთის, ჩინეთისა და ირანის მოქალაქეებზე.

•   2012-2016 წლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საკუთრების უფლებით რეგისტრირებული 34 024 უძრავი ქონება აღირიცხა.

•  ყველაზე ხშირად (53 პროცენტი) უძრავ ქონებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეები ყიდულობენ.  შემდეგ მოდიან უკრაინა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი და ა.შ. ეს ინფორმაცია „2017 წლის მიგრაციის პროფილის“ მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება.


ასევე წაიკითხეთ