საზოგადოებრივი აზრი გაიყო " />

აზერბაიჯანში საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის ამკრძალავი კანონი მიიღეს

საზოგადოებრივი აზრი გაიყო

აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა (პარლამენტი) 14 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონი “თამბაქოს ნაწარმის გამოყენების შეზღუდვის შესახებ”.

შრომისა და სოციალური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თვმჯდომარემ ხადი რაჯაბლიმ, კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა: “პროექტის მომზადება საზოგადოებრივი მოთხოვნით იყო განპირობებული: ბოლო წლებში აზერბაიჯანში თამბაქოსადმი ქალების ინტერესი გაიზარდა. მამაკაცების 67,5% და ქალების 52,5% დამოკიდებულია თამბაქოზე. აუტანელია ის, რომ ეს ყველაფერი ნარკოდამოკიდებულებამდე მიდის, რაც საზოგადოების უკმაყოფილების მიზეზი ხდება. სასიხარულოა, რომ ეს პროექტი პრესაში განიხილება, და საზოგადოებამ ის დადებითად შეაფასა”, – ციტირებს რაჯაბლის სიტყვებს სააგენტო АПА.

რაჯაბლიმ დასძინა, რომ კანონის მიღება არ ნიშნავს ქვეყანაში თამბაქოს წარმოების შემცირებას, რადგან საზღვარგარეთ აზერბაიჯანულ თამბაქოზე დიდი მოთხოვნაა.

კანონში, რომელიც 3 თავისა და 17 მუხლისგან შედგება, ჩამოთვლილია ის ადგილები, სადაც მოწევა იკრძალება და სანქციები, რომლებიც ამ კანონის დამრღვევებს ემუქრებათ.

მოქალაქეებს ამ ინფორმაციაზე სხვადასხვაგვარი რეაქცია ჰქონდათ:

ჟურნალისტი, 41 წლის: “სწორად მოიქცნენ, რომ აკრძალეს. საკუთარი გამოცდილებით ვამბობ, რომ როდესაც საზღვარგარეთ ვარ – ისეთ ქვეყნებში, სადაც ანალოგიური კანონი მოქმედებს, ყოველთვის ვიცავ ამ კანონს და არაფერი განსაკუთრებული არ მემართება. იქნებ, აკრძალვის წყალობით, ამ დამღუპველი ჩვევისგან გავთავისუფლდე კიდეც”.

მენავთობე, 43 წლის: “უშედეგო აკრძალვაა. თუ ადამიანს მოწევა უნდა, მაინც მოწევს, ჯარიმის მიუხედავად”.

კაფეს მფლობელი, 39 წლის: თუ აკრძალვა ყველას ერთნაირად შეეხება, მაშინ ამას მივესალმები. კლიენტების დაკარგვის არ მეშინია, შეიძლება მათი რიცხვი კიდევაც გაიზარდოს, არამწეველების ხარჯზე”.

კაფეს კლიენტი, 37 წლის ქალი: “ძალიან თანამედროვე გადაწყვეტილებაა. წინათ აქ ბავშვთან ერთად ვერ მოვდიოდი, რადგან ჩემი გოგონა თამბაქოს სუნს ვერ იტანს. ახლა კი აქ მშვიდად შევძლებთ სადილობას”.

სოციალური ქსელების მომხმარებლები:

ძალიან სწორია! მთელი მსოფლიო იყენებს ამგვარ პრაქტიკას. მე არამწეველი ვარ და სიგარეტის კვამლს ვერ ვიტან. რატომ უნდა წავიდე რესტორანში, კლუბში ან კიდევ სადმე დასასვენებლად, და თან ეს თამბაქოს სუნი ვისუნთქო. რატომ უნდა ასდიოდეს სუნი ჩემს ტანსაცმელს, მეც ხომ ისევე ვიხდი დასვენების საფასურს, როგორც მწეველები. მოწევა გინდა? გაბრძანდი ქუჩაში, აივანზე, ან ამისთვის საგანგებოდ განკუთვნილ ადგილას და მოწიე, რამდენიც გენებოს!”

“ეს არც ისე სწორი გადაწყვეტილებაა. მწეველს მოწევა სმის და ჭამის დროს უნდება. ესე იგი, თუკი რესტორანს საშუალება აქვს, საამისოდ ცალკე დარბაზები უნდა გამოყოს. არამწეველთა რესტორანის ვარიანტის განხილვა სასაცილოც კია, რადგან ასეთ შემთხვევაში, დიდი დანაკარგები ექნებათ”.

” ვფიქრობ, ეს ბოლო ხუთი წლის საუკეთესო სიახლეა”.


ასევე წაიკითხეთ