კინოფესტივალი „ბრიტანული გაზაფხული“ ბაქოში" />

„ზედმეტად ფსიქოლოგიური“ ფილმები

კინოფესტივალი „ბრიტანული გაზაფხული“ ბაქოში

ყოველ გაზაფხულზე აზერბაიჯანელ მაყურებლებს შეუძლიათ სიმბოლური ფასი გადაიხადონ და ერთი კვირის მანძილზე საუკეთესო ბრიტანულ ფილმებს უყურონ. უკვე მესამე წელია, რაც ბრიტანული ორგანიზაცია British Council Azerbaijan ატარებს ფესტივალს სახელწოდებით „ბრიტანული კინოს გაზაფხული“.

წელს ბაქოში ექვსი ფილმი აჩვენეს. მაყურებლებს ამჯერადაც არ მოეწონათ სუბტიტრების ხარისხი, მაგრამ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ინგლისური ენა ესმოდათ, კმაყოფილება გამოხატეს.

1. „მოზრდილი ადამიანის ცხოვრების უნარ-ჩვევები“

ფილმი „მოზრდილი ადამიანის ცხოვრების უნარ-ჩვევები“ ერთი შეხედვით ბავშვობაში ჩარჩენილი 29 წლის გოგონას ცხოვრებას შეეხება. იგი ფარდულში ცხოვრობს და იღებს ვიდეორგოლებს, რომლებშიც მთავარ როლებს მისი თითები „ასრულებენ“. ფილმის გმირს არ სურს რაიმეს შეცვლა. თანდათანობით ირკვევა, რომ ასეთი ქცევა ფსიქოლოგიური ტრავმითაა გამოწვეული, თავად გმირი კი საკუთარი ქცევების გაანალიზებას იწყებს.

გმირების შინაგან სამყაროზე ფოკუსირებული ფორმატი ბევრ მაყურებელს არ მოეწონა. ზოგიერთი საერთოდ არ დაელოდა ჩვენების დასრულებას და დარბაზი დატოვა. სხვადასხვა მიზეზები დასახელდა:«კარგი ფილმია, მაგრამ ხვალ გამოცდა მაქვს/სამსახურში უნდა წავიდე/ დიდხანს მომიწევს სახლამდე მგზავრობა», «ფილმში ძალიან ბევრი ფსიქოლოგიზაცია და ძალიან ცოტა მოქმედებაა», «მოსაწყენია. ფილმის შუა ნაწილის ყურებისას ჩამეძინა. უკვე სრულდებოდა, როდესაც გამომეღვიძა. სასიამოვნო მუსიკამ გამომაფხიზლა».

2. „მე დენიელ ბლეიკი ვარ“

ერთ-ერთმა კინომაყურებელმა (ბრიტანელმა ქალბატონმა, რომელმაც ეს ფილმი ნახა) აღნიშნა, რომ „მე დენიელ ბლეიკი ვარ“ ბრიტანული საზოგადოებისათვის აქტუალურ პრობლემებს ეხება. მისი აზრით, ქვეყანაში სოციალური დახმარების სფერო ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილებისგან. ფილმი ასახავს ინფარქტგადატანილი მარტოსული მოხუცისა და მარტოხელა დედის ბრძოლას ქვეყანაში არსებულ ბიუროკრატიულ მანქანასთან.

3. წყალდიდობა

კიდევ ერთი სერიოზული ფილმი ადამიანური ტრაგედიის შესახებ. ძმის სიკვდილის შემდეგ გოგონა იძულებულია, მამის სახლში დაბრუნდეს. დიდი ხანია, რაც დედა გარდაეცვალა და უკვე რამდენიმე წელია, რაც მამასთან არ ულაპარაკია. მამამ რამდენიმე ტრაგედია გადაიტანა და ამიტომ მარტოსული და დათრგუნულია. ოჯახის ცოცხლად დარჩენილ წევრებს ერთმანეთთან ურთიერთობების დალაგება და ურთიერთპატივისცემისა და დაფასების სწავლა უწევთ. მათ ხომ აღარავინ დარჩათ ერთმანეთის გარდა.

4. „არც თივთიკი, და არც ფერფლი“

ფილმი ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელმაც სიკვდილის წინ მეგობრებს სთხოვა, რომ მისი კრემაციის შემდეგ მიღებული ფერფლი ინგლისის სხვადასხვა კუთხეში გაეფანტათ.

ფესტივალის შემდეგ ერთმა მაყურებელმა თავის ბლოგში ასეთი ჩანაწერი დატოვა « ბრიტანული აქცენტი, ჩვეულებრივი, უპრეტენზიო, ცოცხალი პერსონაჟები, როუდ მუვის სტილი, სახალისო დიალოგები, მაგრამ საკმაოდ სერიოზული სიუჟეტი, მარტივი, ყველასთვის გასაგები ჭეშმარიტებები, რომლებიც სულაც არ აღიზიანებს მაყურებელს და კარგად ჯდება უშფოთველობის ნალექით გაჯერებულ სცენებში. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გმირები მოზარდები არ არიან. ეს ფილმი დაახლოებით ოცდაათი წლის ახალგაზრდების ცხოვრებას აღწერს და ამიტომაცაა, რომ მაყურებელს ძალიან კარგად ესმის თითოეული ამ პერსონაჟის ხასიათი და ქცევის მოტივები ».

5. “ფანტასტიკური სიყვარული და სად ვიპოვოთ ასეტი გრძნობა”

სწორედ ეს ფილმია წარმოდგენილი „ბრიტანული გაზაფხულის“ პოსტერებზე. The Washington Post -ისათვის დაწერილ რეცენზიაში მაიკლ ო’სალივანმა აღნიშნა, რომ ეს ფილმი ფუნთუშაზე დადებულ მარმელადს ჰგავს, რომელიც „ან მოგეწონებათ, ან მალევე მოგყირჭდებათ“.

სიუჟეტი ამ შემთხვევაშიც გმირების ცვალებადი შინაგანი სამყაროს გარშემო ვითარდება. ფილმს ორი გმირი ჰყავს – მწერალი ქალი, რომელიც პათოლოგიურ შიშს განიცდის საკუთარ ეზოში ამოზრდილი მცენარეების მიმართ (რა თქმა უნდა, მისი „ფობია“ ბავშვობის ტრავმითაა განპირობებული) და მისი მეზობელი – მოუსვენარი ქვრივი ბერიკაცი.

მარმელადის ხსენებით კრიტიკოსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ესაა ლამაზი, ამაღელვებელი ისტორია ექსცენტრიკული ლუზერების შესახებ.

6. „ ეტელი და ერნესტი“

ეს ანიმაციური ფილმი მეოცე საუკუნის ლონდონში მცხოვრები მუშების ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ფილმი რეიმონდ ბრიგსის ავტობიოგრაფიული კომიქსის მიხედვითაა გადაღებული და ავტორის მშობლებს ეხება. საკმაოდ პოზიტიური სურათი გამოვიდა. გმირები არასდროს კარგავენ ოპტიმიზმს და ამავდროულად დრამატული ცხოვრებით ცხოვრობენ – მათ ომისა და ლონდონის დაბომბვების გადატანა უქწევთ.

ბრიტანული ფილმების გარდა, ფესტივალის გახსნისას სამამულო წარმოების ფილმებიც აჩვენეს. მაყურებელმა ჩვენი თანამემამულის, ნატიკ რასულოვის მოკლემეტრაჟიანი ფილმი, „მეორე ტყვია“ იხილა. ამ კინოსურათის სცენარმა კინემატოგრაფისტების კავშირის კონკურსი მოიგო.

ფილმის მოქმედება მაღალმთიან სოფელში ვითარდება, სადაც ქორწილის შემდგომი ღამე დადგა. ძველი ტრადიციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი პატარძალი ქალწული აღმოჩნდება, მისი ქმრის სახლიდან ორჯერ გაისვრიან თოფს; ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი ქალი უბიწოდ არ ჩაბარდება მეუღლეს, თანასოფლელები ერთი გასროლის ხმას გაიგონებენ. შემთხვევითი ინციდენტი რიტუალს საფრთხის ქვეშ აყენებს და ამის შემდეგ, სიუჟეტი აზერბაიჯანში გავრცელებული სტერეოტიპების გადათამაშებასა და ადამიანების საზოგადოებაზე დამოკიდებულებას ეფუძნება.

რეჟისორის გადაწყვეტილებით, ამ ფილმს წლის ბოლოს ინტერნეტში განათავსებენ. ამჟამად ამ სურათის ნახვა მხოლოდ ფესტივალებზე და დახურულ ჩვენებებზე შეიძლება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ