ამას მიაღწიეს აქტივისტებმა, რომლებმაც ონლაინ-პეტიცია შეადგინეს" />

ვლადიკავკაზში აუტიზმის დიაგნოზის გოგონას ჯგუფურად გაუპატიურების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე განახლდა

ამას მიაღწიეს აქტივისტებმა, რომლებმაც ონლაინ-პეტიცია შეადგინეს

ვლადიკავკაზში აუტიზმის დიაგნოზის მქონე 18 წლის გოგონას სავარაუდო ჯგუფურ გაუპატიურებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის წარმოება განახლდა. ამ შედეგს ადგილობრივმა აქტივისტებმა მიაღწიეს, რომლებმაც სათანადო პეტიცია Change.org-ზე განათავსეს.

რა მოხდა

თავად ეს ისტორია 2017 წელს მოხდა. აუტიზმის დიაგნოზი არამხოლოდ ვიკა ძესტელოვას, არამედ მის ორ ძმასაც აქვს. დედას რამდენიმე თვით მოსკოვში გამგზავრება და ერთ-ერთი ვაჟის ჰოსპიტალიზება მოუხდა.

18 წლის ვიკა სახლში მარტო დარჩა. მან ინტერნეტით გაიცნო მამაკაცები, რომლებმაც შემდეგ ის გააუპატიურეს და აიძულებდნენ, რომ პროსტიტუციით დაკავებულიყო.

როდესაც მისი დედა ზალინა დუდუევა შინ დაბრუნდა და მომხდარის შესახებ შეიტყო, პოლიციაში განაცხადა. თუმცა ჩრდილეთ ოსეთი-ალანიის საგამოძიებო კომიტეტმა უარი განაცხადა, რომ სარჩელის ფიგურანტი თითქმის ორი ათეული მამაკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა.

სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ ვიქტორიასა და მამაკაცებს შორის ინტიმური კავშირი გოგონას თანხმობით მყარდებოდა.

ეს დასკვნა ეფუძნებოდა იმ მამაკაცების ჩვენებებს, რომლებიც მასთან ინტიმურ კავშირს ამყარებდნენ. მამაკაცები თავიდანვე მოწმეების სახით და არა როგორც ეჭვმიტანილები ისე დაიკითხნენ; ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ძესტელოვას „ფსიქიკური არასრულფასოვნების“ შესახებ ვერაფერს ხვდებოდნენ.  

ამავდროულად საქმეში მოტანილი იყო ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა, რომ ვიქტორია ძესტელოვას „სავარაუდოდ მაღალი ხარისხის მენტალური აშლილობა და ჰიპერსექსუალობა“ აღენიშნებოდა.

საზოგადოების პროტესტი და პეტიცია

ეს ისტორია ჩრდილოეთ ოსეთში ფართოდ გახმაურდა მას შემდეგ, რაც ზელინა დუდუევამ ამის შესახებ ჟურნალისტებს უამბო.

რადიო „თავისუფლების ამ მოკლე ფილმში მეზობლები მომხდარში მთლიანად თავად ვიკასა და მის დედას ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გოგონაზე ძალადობის არავითარი შემთხვევა არ შეუნიშნავთ. თუმცა, ვიკა ძესტელოვას მძიმე დიაგნოზი არც ერთ მათგანს არ უხსენებია.

მთლიანობაში საზოგადოებას ამ ისტორიაზე უაღრესად ნეგატიური და მძაფრი რეაგირება ჰქონდა.

„პირადად ჩემთვის, ეს ისტორია არა იმედენად სექსუალური ძალადობის, არამედ – ჩვენი საზოგადოების შესახებაა. რამდენი რამაა მასში არასწორად მოწყობილი, რამდენი გულგრილობა, ძალადობა და პირფერობაა“, – წერს ონლაინ-პორტალის „კავკაზსკი უზელის“ ბლოგერი ალან ცხურბატი.

საგამოძიებო კომიტეტის გადაწყვეტილებამ, რომ სისიხლის სამართლის საქმე არ აღძრულიყო, დიდი პროტესტი გამოიწვია. ვებგვერდზე Change.org შედგა პეტიცია, რომელზეც ათობით ათასი ხელმოწერა შეგროვდა.

საბოლოოდ მომხდარიდან თითქმის ნახევარი წლის გასვლის შემდეგ სისხლის სამართლის საქმე გახსნილია და ის ამჯერად ჩრდილო კავკასიის ფედერალურ საოლქო სამმართველოს გადაეცა.  

თავად გოგონა ამჟამად იმყოფება დაღესტანში, სადაც მას კრიზისულ სარეაბილიტაციო ცენტრში დახმარებას ფსიქოლოგები უწევენ.

მისი დედა ზალინა დუდუევა ამბობს, რომ პოლიციაში განცხადების შემდეგ მას ემუქრებიან. ამჟამად ის სახელმწიფოს დაცვის ქვეშ იმყოფება.

იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს გამოძიება, ჯერჯერობით არაფერია ცნობილი. პროცესის შესახებ  თავად ზალინა დუდუევას JAMnews-თან კომენტარი არ გაუკეთებია. მან განაცხადა, რომ „ადვოკატი მას, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, პრესასთან ურთიერთობისგან თავის შეკავებას ურჩევს“.


ასევე წაიკითხეთ