ცნობილი რუსი ბარდი შავ ზღვაზე კრუიზების დროს არაერთხელ ჩასულა აფხაზეთში" />

ვისოცკი და აფხაზეთი

 ცნობილი რუსი ბარდი შავ ზღვაზე კრუიზების დროს არაერთხელ ჩასულა აფხაზეთში

ელეონორა გილოიანი, ამ მონათხრობის ავტორი, პირადად არ იცნობდა ვისოცკის, მაგრამ ის მისი კერპია. დღეს, დიდი პოეტისა და მუსიკოსის გარდაცვალების წლისთავზე, ელეონორა გვიამბობს თავის ისტორიას ვისოცკის შესახებ.

დასაწყისი

პირველი კლასი. შვიდი წლის ვარ. 9 მაისის წინ კლასის დამრიგებელი გვავალებს, დამოუკიდებლად მოვძებნოთ და ზეპირად ვისწავლოთ ლექსი დიდი სამამულო ომის შესახებ. გადავწყვიტე, დასახმარებლად დედისთვის მიმემართა. დედამ მირჩია, სახლის ბიბლიოთეკაში  ვიღაც ვისოცკი მომეძებნა. ვიპოვე. ვიპოვე ყველაფერი – ლექსი 9 მაისის შესახებ, აზრი, მამაკაცი. 

ჩემი და ვისოცკის ურთიერთობები სწრაფად ვითარდებოდა. ვკითხულობდი, ვსწავლობდი, ვუსმენდი და კიდევ ერთხელ ვკითხულობდი. თეატრალურში ჩაბარებასაც კი ვაპირებდი – მხოლოდ იმიტომ, რომ  მისაღებ გამოცდაზე ამ პოეტის ლექსები წამეკითხა. დიახ, სწორედაც რომ პოეტის. ვისოცკი უნდა წაიკითხო – სწორედ ამ დროს ხდება ჯადოქრობა. და აი, როდესაც ჩვენს შორისაც მოხდა ეს “ჯადოქრობა”, მე დავიწყე ყველაფრის “ქექვა” და გამოძიება. ყველა და ყველაფერი მაინტერესებდა ვისოცკის შესახებ – მისი მეგობრები, ქალები, ბავშვები.

აფხაზეთის პოვნა

ყველა დიდებული საქმისა და ადამიანის უკან მანიაკურად ვეძებ აფხაზეთის კვალს. მგონია, რომ ნიჭიერ ადამიანს ჩემი ქვეყანა უყურადღებოდ არ დარჩება.

 მაგალითად, ჩვენი სამშობლო ჩემს საყვარელ რუს კლასიკოსს, ჩეხოვს უყვარდა. “აქაური ბუნება იმდენად გასაოცარია, შეიძლება კაცს ცოფი და სასოწარკვეთა მოერიოს, – წერდა ანტონ პავლოვიჩი, – აფხაზეთში ერთი თვით მაინც რომ მეცხოვრა, ალბათ ორმოცდაათ მომაჯადოებელ ზღაპარს მაინც დავწერდი. თითოეული ბუჩქიდან, მთების თითოეული ჩრდილიდან და ნახევარჩრდილიდან, ზღვიდან და ციდან ათასობით სიუჟეტი მოჩანს.”

კონსტანტინ სიმონოვი ხშირად ჩამოდიოდა აფხაზეთში და ჩვენს მწერლებთან მეგობრობდა.

მე, რა თქმა უნდა, ძალიან მინდოდა, რომ ვისოცკი რაიმენაირად მაინც ყოფილიყო დაკავშირებული ჩემს აფხაზეთთან. ამის დამადასტურებელი საბუთების ძებნა დავიწყე, და საკმაოდ ბევრი რამ აღმოვაჩინე.

ფხიზელი გონებით

ვისოცკის ვიზიტების უმრავლესობა დაკავშირებული იყო საზღვაო კრუიზებთან, რომლებიც “აჭარის”, “საქართველოსა” და “შოთა რუსთაველის” სახელით ცნობილი თბომავლებით ხორციელდებოდა. 1968 წლიდან ვისოცკი თითქმის ყოველწლიურად სტუმრობდა ხოლმე კაპიტან ალექსანდრ ნაზარენკოსა და კაპიტან ალექსანდრ გარაგულის, რომელთა ხომალდებიც ყირიმი-კავკასიის რეისს ასრულებდნენ და მუდმივად შემოდიოდნენ სოხუმის პორტში.

გვიამბობს სოხუმელი ლევ ლევიტასი:

“ეს ამბავი 1971 წლის ზაფხულში მოხდა. ჩემი მეგობარი ვოლოდია დობროდეევი თბომავალ “შოთა რუსთაველზე” მსახურობდა კაპიტან ნაზარენკოს დამხმარედ მგზავრების საკითხში. ერთხელაც ის მირეკავს და მეუბნება: “თბომავალზე ერთი ქალბატონი გვყავს; ქალაქს ხომ ვერ დაათვალიერებინებდი?” რატომაც არა? ჩვენ სტუმრების მიღება გვიყვარს.

 თბომავალთან მივედი, გემზე ავედი და დობროდეევის კაიუტის კარი შევაღე.  მან ჩემი თანდასწრებით შიდა ნომერი აკრიფა და წარმოთქვა: “მარინოჩკა, შემოდი, გეთაყვა”. შემოვიდა კარგი აღნაგობის საინტერესო ქალი, რომელიც ვიღაცას მაგონებდა. ვოლოდიამ ერთმანეთი წარგვიდგინა და მე მომმართა: “მარინას ძალიან უყვარს ხაჭაპური. კაფეში წაიყვანე”.

კი ბატონო, წავიყვან, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი. როდესაც მე და ვოლოდია მარტონი დავრჩით, ჩემს მეგობარს ვკითხე: “რისთვის დამიძახე? კაფეში სხვა ვერავინ წაიყვანდა?” მან კი სიცილით მომიგო: “სულელო, ეს ხომ მარინა ვლადია! ვერ იცანი?” ეს რომ გავიგონე, კინაღამ დავეცი!
 
ყავახანაში მივედით. მარინამ ხაჭაპური, საზამთრო და 50 გრამი კონიაკი მოითხოვა. ვსხედავრთ და შეკვეთას ველოდებით. მარინამ მითხრა: “ახლა ბევრი ადამიანი მოვა”. ოფიციანტმა შეკვეთა მოიტანა, იცნო, ვინც მის წინ იჯდა, და კინაღამ ლანგარი გაუვარდა ხელიდან. სოხუმი ხომ პატარა ქალაქია… და უცებ – თვით მარინა ვლადი!
 
ამ დროს მოგვიახლოვდნენ ვისოცკი, დობროდეევი, ნაზარენკო და კიდევ ერთი ადამიანი. დავსხედით, ერთმანეთი გავიცანით და საჭმელ-სასმლის შეკვეთა დავიწყეთ. ვისოცკიმ თქვა, – ერთ წვეთსაც არ დავლევ, სმას თავი დავანებეო”.

ოფიციალურად ერთადერთი

საკუთრივ სოხუმში ვისოცკი, არამხოლოდ გავლით, არამედ კონცერტის ჩასატარებლადაც იყო ჩამოსული 1972 წელს (ზოგიერთის მემუარებში აღნიშნულია, რომ ის კონცერტი 1973 წელს ჩატარდა).

მაშინ გეგის ჩანჩქერის რაიონში იღებდნენ ფილმს “ცუდი კარგი ადამიანი”. როგორც ცნობილია, ამ ფილმში დაკავებულ მსახიობთა შორის ვისოცკიც იყო. გადაღების ერთ-ერთი დღის ბოლოს მან გიტარა აიღო და იმპროვიზაციული კონცერტი გამართა. ჯგუფის თანმხლებ პირებსა და შემთხვევით მაყურებლებს შორის სოხუმის ფიზიკურ-ტექნიკური ინსტიტუტის თანამშრომლებიც იყვნენ, რომლებმაც ვისოცკი დაითანხმეს, სომხუმში გაემართა კონცერტი.

ინსტიტუტის კულტურის სახლში ვისოცკის დიდხანს, საათზე მეტხანს ელოდნენ. არავინ იყო დარწმუნებული, რომ არტისტი მოვიდოდა. როგორც იქნა, გადაღების დღის ბოლოს მოვიდა – მშიერი და დაღლილი. ორგანიზატორებმა სახელდახელოდ მოუმზადეს საჭმელი, მაგრამ მან მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინო დალია, რაღაც მისაყოლებლით წაიხემსა, აიღო გიტარა და სცენისკენ გაემართა.

ვისოცკიმ თავიდანვე ითხოვა, რომ არ შეეწყვეტინებინათ გამოსვლა და აღნიშნა, რომ “ბისზე” არ იმღერებდა. დარბაზში მყოფთაგან ერთ-ერთმა გადაწყვიტა, კონცერტი ჩაეწერა, რაც ვისოცკის არ გამოპარვია. არტისტმა აღნიშნა, რომ მისი გამოსვლის ჩაწერას აპირებდნენ და ითხოვა, არ შეეწყვეტინებინათ იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე არ გამოუვიდოდა. ეს ჩანაწერი ქალაქში მომდევნო დღესვე გავრცელდა.

მახსოვს თქვენი სიკეთე

ვისოცკის ვიზიტების ყველა მომსწრე ერთხმად აღნიშნავს, რომ არტისტი გაგრაში ჩამოდიოდა, მაგრამ დაზუსტებით ვერავინ ამბობს, კონკრეტულად სად ჩერდებოდა ვლადიმირ სემიონოვიჩი.

რამდენიმე წლის წინათ დოკუმენტებში გადავაწყდი ჩეპიების ოჯახის სახელს. სწორედ მათთან ცხოვრობდა ვისოცკი. ა.წ. ზაფხულში გრიგორი ჩეპიას შვილიშვილს შევხვდი. ყოველთვის, როდესაც გაგრაში ჩამოდიოდა, ვისოცკი გრიშა ჩეპიას სახლში ცხოვრობდა.

ირენმა ბევრი საინტერესო ამბავი მიამბო. მისი ბაბუა, გრიგორი ჩეპია ფილმ “ცუდი კარგი ადამიანის” დირექტორს [აღმასრულებელ პროდუსერს] იცნობდა. როდესაც ამ ფილმის გადამღები ჯგუფი ჩამოვიდა, აღმოჩნდა, რომ “გაგრიფში” სხვა ფილმის (“მთვარის მოტაცების”), გადამღებ ჯგუფს დაეკავებინა. გრიგორი ჩეპიამ განაცხადა, რომ მსახიობებს საკუთარ სახლში უმასპინძლებდა. მათ შორის იყვნენ ანატოლი პაპანოვი და ლიუდმილა მაკსაკოვა.

ამის შემდეგ ვისოცკი კიდევ რამდენჯერმე ჩამოვიდა. მომდევნო ვიზიტებისას მას მარინა ვლადიც ახლდა. ვალერი პერევოზჩიკოვის წიგნში, “გამარჯობა, ეს მე ვარ”, ნახსენებია ჩეპიების ოჯახი და მოყვანილია წერილი, რომელიც ვისოცკიმ გაგრაში გაგზავნა.

“ძვირფასო გრიშა ბიძია და დეიდა ლიუბა! თქვენი მეხუთე ვაჟი გწერთ! მთლიანად სამუშაოში ვარ ჩაფლული. ტაშკენტსა და ალმა-ატაში (თანამედროვე ალმათი) ვიყავი. მარინა საფრანგეთშია და მოკითხვას გიგზავნით. გთხოვთ, საკუთარ სახლში მიიღოთ, ანუ უბრალოდ თქვენთან მიუჩინოთ ბინა სევა აბდულოვის დედას, იმ სევას ვგულისხმობ, რომელიც ბიძია გრიშამ ჭაჭით დაათრო. დასვენება უნდა. ელიზავეტა მოისეევნა ჰქვია. საოცარი ქალია. ჩემთვის საერთოდ დედასავითაა. თუკი თქვენთან კარგად იქნება, ძალიან გამიხარდება. ვფიქრობ, თქვენც შეიყვარებთ მას. მოიკითხეთ ბავშვები. გეხვევით. მახსოვს თქვენი სიკეთე. მომავალ შეხვედრამდე, ვოლოდია ვისოცკი.”

ბოთლის, ცოლებისა და შტორმის შესახებ

თავად ვისოცკიმ ჩეპიების ოჯახი 1973 წლის აგვისტოში მოინახულა. მაშინ ის და მარინა ბიჭვინთაში ისვენებდნენ. მათთან ერთად იყვნენ ვსევოლოდ აბდულოვი და ბრეჟნევის პირადი თარჯიმანი, ვიქტორ სუხოდრევი მეუღლესთან ერთად.

სუხოდრევმა მემუარები დატოვა, რომელშიც იგი იხსენებს, თუ როგორ ისვენებდა ვისოცკისთან ერთად ბიჭვინთაში. მისი თქმით, ჩეპიას სახლში იმიტომ მოხვდნენ, რომ სუხოდრევის ქორწინების წლისთავი ახლოვდებოდა და კარგი ღვინო უნდა ეშოვათ. ოჯახის უფროსმა მართლაც უზარმაზარი ბოთლი მისცა და ფულიც არ გამოართვა. თუმცა, ამისათვის “მთელი საღამო კავკასიურ სუფრაზე  ყოფანა მოუხდა.”

“ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც უნდა დასრულებულიყო – ვოლოდიამ ბოთლი, მე და სევა “რენოში ჩაგვდო” და საღამოს (ცოლები უკვე შეშფოთებულები იყვნენ იმის გამო, რომ ვაგვიანებდით) სახლში დავბრუნდით. ვოლოდიამ თანმიმდევრულად გადმოგვიტანა მანქანიდან – ჯერ სევა, შემდეგ მე, ბოლოს ბოთლი და  ჩვენს ოთახებამდე მიგვაცილა”, – წერს სუხოდრევი.

სუხოდრევის სხვა მოგონება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.

“ერთხელ (იმავე ბიჭვინთაში) ფაქტობრივად ჩვენს თვალწინ დაიბადა სიმღერა შტორმის შესახებ. მართლაც ასეთი დღე იყო: შტორმი მძვინვარებდა, ცურვა არ შეიძლებოდა. უცნაური ამინდი იდგა – მზე პირს იბანდა… მომდევნო დღეს ზღვა დამშვიდდა, ვოლოდიამ კი საუზმის დროს აღნიშნა: “ბავშვებო, სიმღერა დავწერე შტორმზე”. და წაგვიკითხა. დიახ, წაგვიკითხა, და არა გვიმღერა. სწორედ იმ შტორმის შესახებ, რომელშიც ტალღები ცხენების კისრებს შეადარა, და შემდეგ საკუთარ თავზე თქვა,- მეც თავს ვიტეხავო”. საუბარია სიმღერაზე “მთელი საღამოა, შტორმი მძვინვარებს”.

ჩეპიების სახლში დღემდე “ცხოვრობს” გიტარა, რომელზეც ვისოცკი უკრავდა. მარინა ვლადის მიერ ლიუბა დეიდასთვის ნაჩუქარი შალი კი არაა შემონახული.

ზღვა და მთები

იმ აზრით ვცხოვრობ, რომ ვისოცკისთვის აფხაზეთი ბევრი რამის შთაგონების წყარო გახდა. ჩემი აზრით, მის შემოქმედებაში საზღვაო მოტივების უმრავლესობა აფხაზურია. ამ სტრიქონების კითხვისას მხოლოდ ჩვენი ზღვა წარმომიდგება ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ზღვებსაც ვიცნობ.

ვისოცკი მართლაც ხშირად სტუმრობდა კავკასიას – დაწყებული “ვერტიკალის” გადაღებით, და იმ გასტროლებით დასრულებული, რომლებიც მან დაღესტანში, ყაბარდო-ბალყარეთში, ჩრდილოეთ ოსეთსა და ჩეჩნეთში გამართა. ვისოცკის ცხოვრებაში “მთავარი მთები” სწორედ იმ ადგილებში (ჩვენს მთებთან შედარებით ახლოს) მდებარეობს. და ვინ იცის, რომელ უღელტეხილებზე გაუვლია ჩვენს გმირს! და, ამას გარდა, რა შეიძლება იყოს მთებზე უკეთესი?!

დღეს?

ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე დღევანდელ ვისოცკის. ვინ და სად იქნებოდა ახლა? რაზე დაწერდა?  ვხვდები, რომ არ მინდა ვისოცკი დღეს – იქ, სადაც არსებობს კომერციული ფალსიფიკაცია სახელწოდებით “გმადლობ, რომ ცოცხალი ხარ”. საკუთარ თავს ძალა დავატანე და ბოლომდე ვნახე იმისთვის, რომ უფლება მქონოდა, თქვენთვის მერჩია, ეს ფილმი არ გენახათ… იქ, სადაც ვისოცკის სახელობის პრემია “საკუთარი ნაკვალევი” ფსევდოპატრიოტულ აბსურდად იქცა.

მე მიყვარს ვოლოდია სამოციანების ბოლოს. მყუდროდ ვგრძნობ თავს ბოლშოი კარეტნიზე. ჭეშმარიტებას ტაგანკის ეზოებში ვპოულობ. ახლაც კი, როდესაც მის დედაქალაქში ვარ, ვაგანკოვის სასაფლაოს ჭიშკრიდან მარჯვნივ ვუხვევ და მტკიცე ნაბიჯით  მსოფლიოში ყველაზე უხეირო მემორიალისკენ მივემართები. იქ, სადაც ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებმაც მისი ლექსები ზეპირად იციან და მღერიან ხოლმე. და რა თქმა უნდა, აქ, სოხუმში, ყოველდღე ვსვამთ ყავას ზღვის სანაპიროზე, სადაც ხშირად მოცურავდა ხოლმე ის, ჩვენი.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს


ასევე წაიკითხეთ