ამერიკა, ევროპა და სამხრეთი ამერიკა მხარს უჭერენ ვენესუელის ახალ ლიდერებს; რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი კი - მოქმედ პრეზიდენტს" />

ვინ არის ხუან გუაიდო და ვინ და რატომ უჭერს მხარს ვენესუელაში?

ამერიკა, ევროპა და სამხრეთი ამერიკა მხარს უჭერენ ვენესუელის ახალ ლიდერებს; რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი კი - მოქმედ პრეზიდენტს

განახლებულია 2019 წლის 3 თებერვალს

რევოლუციონერი ლიდერი ხუან გუაიდო სულ უფრო დიდ მხარდაჭერას იღებს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

მასობრივი პროტესტის დაწყების შემდეგ პირველად, გუაიდოს მხარი დაუჭირა სამხედრო მაღალჩინოსანმა – ვენესუელის საჰაერო ძალების დივიზიის გენერალმა, სამხედრო საჰაერო ძალების უმაღლესი სარდლობის სტრატეგიული დაგეგმვის დირექტორმა, ფრანცისკო ესტებან იანეს როდრიგესმა.

„დღეს სიამაყით გაცნობებთ, რომ უარვყოფ ნიკოლას მადუროს ავტორიტარულ დიქტატურას და ვაღიარებ ხუან გუაიდოს რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად“, –ციტირებს როდრიგესის განცხადებას გაზეთი El Nacional.

ასევე, გენერალმა აღნიშნა, რომ „ვენესუელის შეიარაღებული ძალების 90 პროცენტი არ უჭერს მხარს მოქმედ პრეზიდენტ მადუროს და დემოკრატიისკენ გადასვლა გარდაუვალია“.

ამასთან ერთად, გაზეთის ცნობით, ფრანცისკო ესტებან იანეს როდრიგესმა განაცხადა, რომ ნიკოლას მადუროს გასაფრენად მუდმივად მზად ჰყავს ორი თვითმფრინავი – და მოუწოდა, რაც შეიძლება მალე ისარგებლოს ერთ-ერთი მათგანით.

23 იანვრიდან, ანუ ვენესუელაში საპროტესტო ტალღის დაწყებიდან და ქვეყნის პარლამენტის მიერ დროებით პრეზიდენტად გამოცხადებიდან მოყოლებული, სულ უფრო და უფრო ბევრმა ქვეყანამ აღიარა ხუან გუაიდო დროებით პრეზიდენტად. 30 იანვარს მათ უკვე ევროპარლამენტიც შეუერთდა.

ამერიკამ არა მხოლოდ აღიარა ვენესუელის ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად ხუან გუაიდო, არამედ, ასევე, სანქციები დაუწესა სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVSA-ს. ამის შედეგად კომპანიამ თავისი უმსხვილესი ბაზარი დაკარგა და ვეღარ იღებს ფულს თავისი ამერიკული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებიდან.

თავად ხუან გუაიდო საზოგადოებას ქუჩის საპროტესტო აქციების გააქტიურებისკენ მოუწოდებს, რათა ნიკოლას მადუროს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა აიძულონ. ის დახურულ მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკელ მაღალჩინოსნებთან და არმიას ქუჩაში გამოსული ხალხის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მანამდე, გუაიდომ რუსეთსა და ჩინეთს მიმართა და მოუწოდა, “შეუერთდნენ მთელ პლანეტას და მხარი დაუჭირონ ახალ ვენესუელას“.

მოკლედ ვენესუელაში მიმდინარე მოვლენების შესახებ

რა ხდება და ვინ არის ლიდერი?

23 იანვარს, ვენესუელის დედაქალაქ კარაკასში, მრავალი ათასი ადამიანი გამოვიდა. მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ: „ვინ ხარ შენ? ვენესუელა! რა გინდა შენ? თავისუფლება!“.

საპროტესტო გამოსვლის ლიდერი – პარლამენტის თავმჯდომარე ხუან გუაიდო. მთავარი ლოზუნგი – პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს გადადგომა, რომელმაც ეს პოსტი მეორე ვადით 2019 წელს დაიკავა, თუმცა ამ არჩევნების აღიარებაზე უარი განაცხადეს არა მხოლოდ ადგილობრივმა ოპოზიციონერებმა, არამედ ასევე, დასავლეთისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების უმეტესობამ.

აქ აწარმოებდნენ „ნოვიჩოკს“, რომლითაც ბრიტანეთში ყოფილი რუსი მზვერავის მოწამვლა სცადეს

ცენტრალურ აფრიკაში დახოცილი რუსი ჟურნალისტების საქმე: რა დასკვნამდე მივიდა გამოძიება?

სწორედ ეს ინაუგურაცია გახდა პროტესტისთვის იმპულსის მიმცემი.

გუაიდომ მადურო უზურპატორად გამოაცხადა, ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდა და მაშინვე განაცხადა მზადყოფნა ახალ არჩევნებამდე, დროებით სახელმწიფოს მეთაურობაზე.

პოლიციამ მზარდი ტალღა წყლის ჭავლით დაშალა, დაუდასტურებელი ინფორმაციით, გამოიყენეს იარაღიც. დღეისათვის საპროტესტო აქციების მსვლელობისას დაიღუპა არანაკლებ 16 ადამიანი.

იმავე დღეს ვენესუელის პარლამენტმა ხუან გუაიდო ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა.

Juan Guaido and his wife Fabiana Rosales, Caracas, Venezuela February 2, 2019. REUTERS/Andres Martinez Casares

ის მალევე აღიარეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციამ და რამდენიმე მეზობელმა ლათინოამერიკულმა ქვეყანამ, მათ შორის, ბრაზილიამ, კოლუმბიამ, ჩილემ, პერუმ და არგენტინამ.

ვენესუელის დროებით ხელმძღვანელად ხუან გუაიდოს აღიარებისგან ერთ ნაბიჯშია ევროკავშირი. ევროკავშირის 28 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვენესუელაში არსებული მდგომარეობა ბუქარესტში 31 იანვრისა და 1 თებერვლის არაფორმალურ შეხვედრებზე განიხილეს.

სააგენტო ბლუმბერგის ცნობით, მხოლოდ იტალია არ ეთანხმება განცხადების შემოთავაზებული ვარიანტის ფორმულირებას, რომლითაც ევროკავშირი ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას აღიარებს.

რადგან ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, შესაძლოა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ალტერნატივის სახით დამოუკიდებელი განცხადებები გააკეთონ.

ახალი ლიდერების წინააღმდეგ გამოვიდნენ და დე იურე პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მხარი დაუჭირეს რუსეთმა, თურქეთმა, ჩინეთმა, კუბამ და ირანმა.

როგორ აფინანსებს მოსკოვი ოსეთის საშუალებით აღმოსავლეთ უკრაინას

რატომ გამოუცხადა აშშ-მ ეკონომიკური ომი ირანს და თურქეთს

ახლა ვენესუელაში ერთდროულად არსებობს ორი დაპირისპირებული ბანაკი და ორივე მათგანი თავს ლეგიტიმურად აცხადებს.

თუმცა, მადუროს ჯერჯერობით საგრძნობი უპირატესობა აქვს – მის მხარეს რჩებიან სახელმწიფო უწყებები და ეკონომიკური აპარატი, ასევე საკვანძო ინსტიტუტები და, რაც ყველაზე მთავარია – არმია.

ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა და თავად ნიკოლას მადურომ აშშ და ლათინოამერიკული ქვეყნები გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს.

არსებობს საფრთხე, რომ ვენესუელაში შიდაპოლიტიკური კრიზისი შესაძლოა სამოქალაქო ომში გადაიზარდოს.

„მე აღმოვჩნდი იქ, სადაც ხდება ისტორია. ბედნიერი ვარ, მეშინია, ვნერვიულობ და ასე ბევრს ველი“, – დაწერა 48 წლის ბლოგერმა, მორელ ატენსიომ.

რატომ ითხოვს ოპოზიცია მადუროს წასვლას?

ვენესუელა – სახელმწიფო, რომელსაც მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი რეზერვი აქვს. თუმცა, უკვე მრავალი წელია, იქ მძიმე ეკონომიკური კრიზისი გრძელდება.

ნიკოლას მადურო ვენესუელის ხელისუფლებაში 2013 წელს მოვიდა. მან პრეზიდენტის პოსტზე უგო ჩავესი შეცვალა – სოციალისტური იდეებისა და ნაციონალიზაციის მომხრე, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ვენესუელის ეკონომიკურ კრახს.

ნიკოლას მადური, 14 იანვარი 2019. REUTERS

მადურომ ეს პოლიტიკა გააგრძელა და გასული ხუთი წლის განმავლობაში ქვეყანა ფაქტობრივად კატასტროფამდე მიიყვანა:

ინფლაციამ დაახლოებით 2 მილიარდი პროცენტი შეადგინა

მშპ 45 პროცენტით შემცირდა

საშუალო ხელფასი 10 დოლარია და მოსახლეობის უმეტესობა შიმშილობს

ქვეყნიდან ემიგრაციაში წავიდა 3 მილიონი ადამიანი, რაც მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენს

რას ამბობენ ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ ახალ ლიდერს?

აშშ-მ ხუან გუაიდო ლეგიტიმურ, დროებით პრეზიდენტად ჯერ კიდევ 23 იანვარს გამოაცხადა.

გერმანიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა და რამდენიმე სხვა ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ, ასევე კანადამ, განაცხადეს, რომ ისინიც იმავეს გააკეთებდნენ, თუკი ქვეყანაში უახლოეს მომავალში არ გამოცხადდებოდა ახალი არჩევნები.

„ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს არ ვინარჩუნებთ – ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რასაც იქ გუაიდო აკეთებს“,განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაიკო მასმა.

ხუან გუაიდო ლეგიტიმურ დროებით პრეზიდენტად აღიარეს ასევე საქართველომ და ალბანეთმა.

სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნეიტრალური განცხადება გააკეთა. აღნიშნა, რომ სომხეთი ვენესუელაში სიტუაციის მშვიდობიან მოგვარებას იმედოვნებს.

Reuters

რას ამბობენ ქვეყნები, რომლებიც მხარს უჭერენ მოქმედ ლიდერს?

ნიკოლას მადუროს მხარეს პირველ რიგში დგას მოსკოვი, თავისი ვეტოს უფლებით გაეროს უშიშროების საბჭოში.

„მოსკოვი აშშ-ის პოლიტიკას ვენესუელასთან დაკავშირებით დამანგრევლად მიიჩნევს“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა.

Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 400 რუსი დაქირავებული მებრძოლი შესაძლოა ამ დროისთვის ვენესუელაში იმყოფებოდეს. მათ დავალებაში თითქოს შედის ის, რომ არ დაუშვან პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავება მისივე დაცვის წევრების მიერ, რომელთა შორისაც, შესაძლოა, ოპოზიციის მომხრეები იყვნენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუა ჩუნინმა განაცხადა, რომ ჩინეთი აგრძელებს ვენესუელის ხელისუფლების მხარდაჭერას, საკუთარი სახელმწიფო სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის საკითხში.

თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს უჭერს მადუროს:

„ჩვენმა პრეზიდენტმა… თქვა: „ჩემო ძმაო, მადურო! გაუძელი, ჩვენ მხარს გიჭერთ თქვენ!“.

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ პირდაპირი განცხადება არ გააკეთა. თუმცა, მადუროს ტელეფონით დაურეკა და დაარწმუნა მის მხარდაჭერაში.

ვინ არის ხუან გუაიდო?

35 წლის ხუან გუაიდო, არცთუ შესამჩნევი პოლიტიკოსიდან, რამდენიმე კვირის განმავლობაში სათაურების მთავარ გმირად გადაიქცა. გუაიდო ცნობილია მშობლიური ქალაქის ბეისბოლის გუნდის, „ლა გუაიროს ზვიგენებისა“ და სალსას სიყვარულით. მისი მეუღლე ფაბიანა როსალესია, მათ ერთი ქალიშვილი, მირანდა ჰყავთ.

გუაიდო მოკრძალებული წარმოშობისაა – ის პილოტისა და დიასახლისის შვიდი შვილიდან ერთ-ერთია, გაიზარდა არცთუ ისე დიდ საპორტო ქალაქ ლა გუაირაში და დიპლომი კარაკასის კერძო უნივერსიტეტში აიღო. პოლიტიკაში გუაიდო სწორედ სწავლის დროს აღმოჩნდა – ის სტუდენტი-აქტივისტი იყო და 2007 წელს აქტიურ მონაწილეობას იღებდა უგო ჩავესის ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ პროტესტში.

მაშინ ჩავესი ცდილობდა, დაეხურა ქვეყნის უმსხვილესი დამოუკიდებელი ტელეკომპანია RCTV და ასევე აპირებდა რეფერენდუმის გზით კონსტიტუციის შეცვლას. ჩავესი გეგმავდა, პრეზიდენტს ხელისუფლებაში ყოფნა განუსაზღვრელი ვადით შეძლებოდა.

გუაიდოს პოლიტიკური „ნათლია“, დღეს შინაპატიმრობაში მყოფი ლეოპოლდო ლოპესი გახდა – პარტია „ხალხის ნების“ დამაარსებელი. 2011 წელს გუაიდო სწორედ მისი პარტიის რიგებიდან გახდა დეპუტატი.

პარტია „ხალხის ნება“ – სოციალ-დემოკრატიული პარტია. ის უმცირესობების მიმართ პროგრესულ პოლიტიკას უჭერს მხარს – ლგბტ თემის წარმომადგენლები პირველად სწორედ ამ პარტიის სახელით მოხვდნენ პარლამენტში. ამას გარდა, „ხალხის ნება“ ბაზრის შენარჩუნებას უჭერს მხარს და ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის წინააღმდეგ გამოდის – თუმცა, მოითხოვს სოციალურ გარანტიებს, სიღარიბესთან ბრძოლას და რეგიონებისთვის სუბსიდიებს.

თუმცა კი, ხუან გუაიდო კიდევ დიდხანს დარჩებოდა შეუმჩნეველი ფიგურა. ყველაფერი შეიცვალა 2018 წლის დეკემბერში, როდესაც ის პარლამენტის თავმჯდომარედ აირჩიეს. გუაიდო ეროვნული ასამბლეის სპიკერის თანამდებობაზე მუშაობას 5 დეკემბერს შეუდგა, მადურო – პრეზიდენტის თანამდებობაზე 10 იანვარს.

და აი, ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი აქტიურ ფაზაში გადავიდა. გუაიდო მთელი ქვეყნის მასშტაბით მრავალათასიანი პროტესტის ცენტრალური ფიგურა გახდა და პარლამენტმა დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

Caracas, Venezuela February 2, 2019. REUTERS/Carlos Barria

ადგილობრივი ექსპერტები ამბობენ, რომ გუაიდო ის ფიგურაა, რომელიც მიმოფანტულ საპარლამენტო ოპოზიციას გააერთიანებს.

მნიშვნელოვან როლს ასრულებს ის ფაქტი, რომ მადუროს დროს ეროვნული ასამბლეა ფაქტობრივად ყველანაირი საკანონმდებლო ძალაუფლების გარეშე იყო დარჩენილი. 2016 წლის დასაწყისში უზენაესმა სასამართლომ პარლამენტს ბიუჯეტის პროექტზე გავლენის მოხდენა აუკრძალა. შემდეგ, 2017 წელს, მადურომ ალტერნატიული საკანონმდებლო ორგანო შექმნა – დამფუძნებელი კრება, სადაც ყველა, 545 ადგილი მოქმედი ხელისუფლების მომხრეებმა დაიკავეს.

გუაიდოს ძლიერი მოკავშირე – ეს არის საერთაშორისო და, რაც მთავარია, რეგიონული თანამეგობრობა. ე.წ. ლიმას ჯგუფი (პერუს დედაქალაქის სახელობის, სადაც 12 ამერიკული სახელმწიფოს წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა), რომელთა მოწოდებაც არის შეიმუშაონ ვენესუელური კრიზისის დაძლევის გზები. უკვე ორი წელია, ის მხარდაჭერას უცხადებს ეროვნულ ასამბლეას მადუროს წინააღმდეგ ბრძოლაში.


ასევე წაიკითხეთ