როგორ ცხოვრობენ ისლამისტებისთვის ყველაზე საძულველი და დევნილი ხალხის წარმომადგენლები " />

ვინ არიან იეზიდები და რატომ გაურბიან ისინი „ისლამურ სახელმწიფოს“ სამხრეთ კავკასიაში?

როგორ ცხოვრობენ ისლამისტებისთვის ყველაზე საძულველი და დევნილი ხალხის წარმომადგენლები

 ტექსტი, ფოტო და ვიდეო მომზადებულია  JAMnews -ის პარტნიორი უკრაინული ტელეკომპანია ჰრომადსკოეს მიერ      

ჰრომადსკოეს ჟურნალისტი საქართველოსა და სომხეთში  იმ ადამიანებთან  სასაუბროდ გაემგზავრა, რომელთაც ისლამური სახელმწიფოს ბოევიკები ეშმაკის თაყვანისმცემლებად მიიჩნევენ. სად მიაგნეს მათ თავშესაფარს და რას ფიქრობენ სამშობლოში დაბრუნებაზე?

მუდამ დევნილები

იეზიდები წარმოადგენენ ეთნორელიგიურ უმცირესობას, რომელთა სამშობლო ქურთისტანის მთებში მდებარეობს, და რომლებიც მთელი თავიაბთი ისტორიის განმავლობაში მუდამ იდევნებიან. როგორც თავად ამბობენ, აქ უკვე 7 ათასი წელიწადია ცხოვრობენ, და ამ დროის განმავლობაში 70-ჯერ გადაიტანეს სრული ამოწყვეტის მცდელობა. წერილობით წყაროებში კი იეზიდები მე-11 საუკუნის დასაწყისიდან მოიხსენიებიან; თანაც, ყველაზე უძველესი დოკუმენტები, რომლებშიც ისინი არიან  ნახსენები, იეზიდებს ცალკე ხალხად კი არ ასახელებს, არამედ – სუფიზმის შიდა მიმდინარეობის – ისლამური მისტიციზმის მიმდევრებად. ეს მიმდინარეობა დღემდე გავრცელებულია ერაყში,სირიასა და რეგიონის სხვა ქვეყნებში, ასევე – კავკასიაშიც.

თუმცა, დროთა განმავლობაში იეზიდები სწორედ ეთნორელიგიურ ჯგუფად გამოიყოფიან და იმ ხალხად მიიჩნევიან, რომლის კუთვნილებაც მათი რწმენის გაზიარებას ნიშნავს. მიუხედავად საერთო ენისა და ნაწილობრივ ისტორიისა, ერაყელი იეზიდები ხშირად ხაზს უსვამენ, რომ ქურთები არ არინ; მეტიც იეზიდური ტრადიციების ერთ-ერთი დამცველი და ამ ხალხის ისტორიის მცოდნე ლუკმან სულეიმანი ირწმუნება, რომ დღეს მცხოვრები ქურთების უმეტესობა, ასევე მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა, ვისაც თავი თურქად, სპარსელად ან არაბად მიაჩნია, სინამდვილეში, ისლამიტებად ძალად მოქცეული  იეზიდების შთამომავლები არიან.

–  ისლამური სახელმწიფო, რომელიც ახლა გვანადგურებს, პირველი არ არის, ვინც იეზიდებთან ომით მივიდა; პირველები არც მათ შორის არიან, ვინც ხალხი არჩევნის წინაშე დააყენა: ან თქვენი რწმენა უარყავით და ისლამი მიიღეთ, ან მოგკლავთო. ათასობით წლის განმავლობაში, რაც აქ ვცხოვრობთ, ასეთი რამ სულ ხდებოდა ხოლმე. დაახლოებით, ას წელიწადში ერთხელ რომელიმე მორიგი ისლამური სახელმწიფო მოდის და გვხოცავს.

მაგალითად, მე-16 საუკუნეში,  ოსმალეთის ხელისუფლების განკარგულებით, მილიონ ორასი ათასი იეზიდი დახოცეს. სიცოცხლის გადასარჩენად თითქმის ორმა მილიონმა იეზიდმა უარყო საკუთარი რწმენა. მაშინაც, როგორც დღეს, ისინი ვინც იეზიდებს ხოცავდნენ და რწმენის უარყოფას აიძულებდნენ,  ამბობდნენ, რომ ამას ილამის სახელით აკეთებდნენ. მაშინ, 400 წლის წინათ ბევრ ადამიანს აიძულეს უარი ეთქვა წინაპართა რწმენაზე, მაგრამ ვიცით, რომ მილიონობით ადამიანი ერაყში, სირიაში, ირანსა და თურქეთში – იეზიდია, რომლებსაც ძალით დააკარგვინეს თავიანთი ისტორიული ფესვები.

სულეიმანთან კამათი მხოლოდ იძულებით მოქცეულების რაოდენობაზე შეიძლება, და ამაზე კამათიც აზრს მოკლებულია; რადგან ამჟამად მცხოვრები იეზიდების ზუსტი რაოდენობის დადგენა ალბათ შეუძლებელია. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქურთისტანში ბევრი მუსლიმი  დიდი სიამოვნებით ჰყვება,რომ  მათი წინაპრები ასეული, ზოგიერთი კი სულ რაღაც ათეული წლების წინათ იეზიდები იყვნენ, მაგრამ მუსლიმი მეზობლების ზეწოლით ისლამი მიიღეს.

კონფლიქტების ისტორია 

მაშინ რაღა იყო მეზობლებთან იეზიდების კონფლიქტების მიზეზი? საქმე იეზიდების რელიგიის ერთ-ერთი ცენტრალურ ფიგურას, ანგელოზ-ფარშევანგ მელექ თაუსს ეხება. ლეგენდის თანახმად, ამ ანგელოსმა, როგორც ყურანში ნახსენებმა ეშმაკმა-იბლისმა, უარი თქვა პირველი ადამიანისთვის – ადამისთვის   თაყვანი ეცა. და ისევ იმ იბლისის მსგავსად, ღმერთმა ისიც ჯოჯოხეთში გაამწესა. იეზიდური ლეგენდის თხრობა ისე გრძელდება, რომ ჯოჯოხეთში მელექ თაუსი ათას წელიწადს ტიროდა, რადგან იქ მყოფი ტანჯული ცოდვილები ებრალებოდა. ღმერთმა მას შეუნდო, და ანგელოზების სათავეში დააყენა; თუმცა, უკვე ის ფაქტი, რომ იეზიდები ოდესღაც თავად უზენაესის მიერ  ჯოჯოხეთში გაძევებულ არსებას სცემენ თაყვანს, რადიკალი ისლამისტების თვალში მათ ეშმაკის თაყვანისმცემლებად აქცევს.

ჯერ კიდევ სულ ახლახან ისლამის (და ნებისმიერი სხვა სარწმუნოების) მიღება თემთან ურთიერთობის სრულად გაწყვეტას ნიშნავდა. იეზიდები, რომლებიც პროზელიტიზმს უარყოფენ და რომლებისთვისაც მოქცევა მიუღებელია (იეზიდი ვერ გახდები, ასეთად მხოლოდ შეიძლება  იეზიდების ოჯახში დაიბადო), სხვა რელიგიის მიმღებ თავიანთ თანამოძმეებს  უკან აღარ იღებდნენ.

მაგრამ დროება იცვლება. და იეზიდთა ქართული  თემი ცდილობს, რომ, ბევრის აზრით, ეს მთელი ხალხისთვის დამღუპველი  ტრადიცია წარსულში დატოვოს.

– რასაკვირველია, თავს უფლებას არ ვაძლევთ, რომ რაიმე რეფორმატორული სიახლეები შემოვიღოთ, მაგრამ საქართველოში იმაზე დავიწყეთ მსჯელობა, რომ ადამიანები უკან უნდა მივიღოთ, – ამბობს საქართველოს იეზიდური თემის ექსხელმძღვანელი, სამართალდამცველი აგიტ მირზოევი;- სხვა შემთხვევაში, უბრალოდ აღარ ვიარსებებთ, მიმდევნო 5-10 წელიწადში სრული ასიმილაციის საფრთხე გველის. საჭიროა რაღაცის შეცვლა და ამის პრაქტიკაში დანერგვა დავიწყეთ (ადამიანების თემში უკან დაბრუნება). რა თქმა უნდა, მე ასეთი გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ მაქვს. ლოკალურ დონეზე ამით ჩვენი სულიერი საბჭოა დაკავებული. ეს არც იმას ნიშნავს, რომ ყველა იეზიდი ამ პრაქტიკის მიხედვით უნდა მოიქცეს, თუმცა ვისურვებდი, რომ  ყველა იეზიდი დაფიქრდეს იმაზე, რომ როდესაც ჩვენ ასე მარტივად ვიმეტებთ იეზიდიზმის მიმდევრებს, ამით ძალიან ბევრს ვკარგავთ.

ახალი სახლი სამხრეთ კავკასიაში 

იეზიდები საქართველოსა და სომხეთში – უკვე რამდენიმე ასეული წელიწადია, ცხოვრობენ. ათობით ათასი იეზიდი ამ ორი ქვეყნის მოქალაქეა. საქართველოს დედაქალაქ თბილისსა  და რამდენიმე სომხურ სოფელში იეზიდური ტაძრები და სალოცავებია აშენებული. ახალგაზრდობა ახალი სამშობლოს ენებს მშობლიურ ენაზე არანაკლებ კარგად ფლობს. მაგრამ ბევრი მაინც ოცნებობს იქ დაბრუნებაზე, საიდანაც ოდესღაც მათი დიდი ბაბუები გამოქცნენ – ერაყში, იეზიდიზმის მთავარი სიწმინდის, ქალაქი-ტაძარი ლალიშის მახლობლად, რომელიც, იეზიდების რწმენით, სწორედ ის ყოფილი ედემის ბაღია, სადაც ადამი და ევა სახლობდნენ.

როდესაც ახლო აღმოსავლეთში მთელი ეს ომი და გენოციდი დასრულდება, სიამოვნებით გავემგზავრებოდი იქ, – აღიარებს ვაზირ ავდოლიანი, – ერევნიდან დაახლოებით ასი კილომეტრით დაშორებული იეზიდური სოფლის ალაგიაზის სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, – ეს ჩემი ოცებაა, და თუ მე ვერ მოვახერხებ ჩემი წინაპრების სამშობლოში ჩასვლას,  ვისურვებდი, რომ ჩემმა შვილებმა მოახერხონ.

მაგრამ ჯერჯერობით ერაყის ქურთისტანში დაბრუნებას ისინიც კი არ ჩქარობენ, ვისაც სხვა სახლი არ გააჩნია – დევნილები, რომლებმაც საკუთარი სახლ-კარი „ისლამური სახელმწიფოს“ რაზმების შეტევების გამო მიატოვეს. ნური ალალე, რომელიც ოდესღაც ისლამურ უნივერსიტეტში ინფორმატიკას სწავლობდა, ახლა თბილისში ცხოვრობს, სადაც იმაზე ცოტა ხნით ადრე გამოიქცა, ვიდრე მოსულს ჯიჰადისტები აიღებდნენ. დევნილის ცხოვრება რთულია: ნურის სამსახური არ აქვს, და შესაბამისად არც ხელფასი. ის ცხოვრობს ერთ ციცქნა ბინაში, რომელსაც მისი თანამემამულე ერაყელები საქართველოს დედაქალაქში ქირაობენ.

მაგრამ, როგორც ამბობს, შინ ყოფნას მაინც ეს სჯობს. ნური წარმოშობით შანგალიდან არის – იეზიდური დედაქალაქიდან, იმ ქალაქიდან, სადაც იეზიდები მოსახლეობის უმეტესობას შეადგენენ. უფრო სწორად, შეადგენდნენ; ისევე როგორც „ისლამური სახელმწიფოსგან“ შანგალის  გათავისუფლების შემდეგ, იქ ისევ უკიდურესად დაძაბული სიტუაციაა, და ახლა ერაყის სხვადასხვა ბოლოდან თავმოყრილი ქურთი ამბოხებულების-პეშმენრგატამის  მეომრები იქ უფრო მრავლად არიან, ვიდრე მუდმივი მცხოვრებლები.

– ჯიჰადისტები ამბობენ, რომ ჩვენსავე სამშობლოში იეზიდების ადგილი არ არის. ქურთისტანის ხელისუფლებასთან ურთიერთობა მარტივად არ გვარდება. ჩემი მშობლიური ქალაქი შანგალი – უკვე თავისუფალია, თუმცა იეზიდებს იქ არცთუ დიდი ხალისით უშვებენ, – ამბობს ნური. ამიტომ, ჯერჯერობით საქართველოში ვრჩები.


ასევე წაიკითხეთ