კონკურსის ინიციატორი ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვია. გამარჯვებულმა ჩეჩენმა გოგონამ საჩუქრად IPhone X მიიღო" />

ვიდეო: პუტინზე ლექსების კონკურსში მესამეკლასელმა გოგონამ გაიმარჯვა

კონკურსის ინიციატორი ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვია. გამარჯვებულმა ჩეჩენმა გოგონამ საჩუქრად IPhone X მიიღო

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისადმი მიძღვნილი ლექსის კონკურსი 2017 წლის ნოემბერში გამოაცხადა. მის ამ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

„პუტინზე ლექსი სამი ათასმა ადამიანმა გააგზავნა. მათ შორის 1,7745-მა ვიდეორგოლი ჩაწერა. ლექსებს აგზავნიდნენ არა მარტო ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონიდან, არამედ დსთ-ს ქვეყნებიდანაც. ბევრი ძალიან საინტერესო და შინაარსიანი ლექსი იყო, თუმცა საბოლოოდ, ერთი შეირჩა – კონკურსის გამარჯვებული მესამეკლასელი ჩეჩენი გოგონა ჰედა იბაჰიევა გახდა, ნადტერეჩნის რაიონის სოფელ ბენო-იურტიდან“ , – უამბო ონლაინპორტალ „კავკაზსკი უზელს“  ჩეჩნეთის ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

გამარჯვებული გოგონას პუტინისადმი მიძღვნილ ლექსში ასეთი სიტყვებიცაა: “Скрипит Америка зубами, Но им, убогим, не понять, Что никогда вот этот парень, Не посрамит Россию-мать!”.

კადიროვს კონკურსის ჩატარების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც მხიარულთა და საზრიანთა კლუბის ადგილობრივი გუნდის წევრებმა მას ახლადგამოსული iPhone X აჩუქეს. ჩეჩნეთის მეთაურმა გადაწყვიტა, საჩუქარი თავისთვის არ დაეტოვებინა და იგი პუტინზე საუკეთესო ლექსის ავტორისთვის გადაეცა.

კადიროვმა გამარჯვებული გოგონას ვიდეო თავის ინსტაგრამზე დადო.

კონკურსმა სოციალურ ქსელებში ბევრი კრიტიკაც გამოიწვია, ერთ-ერთი კომენტარის ავტორმა მას „პუტინიადა“ უწოდა.


ასევე წაიკითხეთ