რაშია სომხური სამზარეულოს „მარილი“? პასუხად იქცა 100-ზე მეტი კერძი, რომლებითაც გამვლელებს ერევნის ცენტრში უმასპინძლდებოდნენ" />

ვიდეო და ფოტოები სომხური სამზარეულოს ფესტივალიდან

რაშია სომხური სამზარეულოს „მარილი“? პასუხად იქცა 100-ზე მეტი კერძი, რომლებითაც გამვლელებს ერევნის ცენტრში უმასპინძლდებოდნენ

ზედიზედ ორი დღის განმავლობაში ერევნის ცენტრში – მთავარი მოედანის მახლობლად – გავრცელდა სურნელები, რომლებიც გურმანებს იხმობდა. სომხური სიმღერებისა და ცეკვების ფონზე მიმდინარეობდა ფესტივალი „ერევანი – გემოთი“, რომელიც სომხური სამზარეულოს ტრადიციულ კერძებს წარმოადგენდა.

ადგილი, სადაც 20 პავილიონი განლაგდა, ფესტივალის მონაწილეებს შემთხვევით არ აურჩევიათ – აქ ყოველთვის ბევრი ტურისტია. ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ტურისტებს იმ პოპულარული კერძების გასინჯვას სთავაზობდნენ, რომლებსაც თითოეული დიასახლისი საკუთარ სამზარეულოში ხშირად ამზადებს, ასევე კერძებს ძველი რეცეპტების მიხედვით, რომლებსაც იშვიათად და არცთუ ყველა ამზადებს.

„ფესტივალი მეოთხედ ტარდება. წელს წარმოდგენილი იყო 60 სადღესასწაულო, სარიტუალო კერძებიც კი, რომლებიც ახალი წლისა და რელიგიური დღესასწაულების დროს მზადდებოდა. წელს ფესტივალი ჩვენი საყვარელი დედაქალაქის 2800 წლისთავს მიეძღვნა“, – თქვა ერევნის მერიის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელმა გევორგ ორბელიანმა.

ბევრი ტრადიციული კერძის მოსამზადებლად აუცილებელია ძველი ჭურჭელი, რაც აქ ასევე  წარმოდგენილი იყო. მაგალითად, ჰნოცი (კარაქის სადღვები). ეს არის საგანგებო თიხის ან ხის ქილა, რომელიც ხის მორებზე თოკებით კიდებენ, მასში კარაქის მისაღებად რძეს, არაჟანსა და ტანას (მომჟავო რძის პროდუქტი) თქვეფენ.

დღეს მას ბევრი აღარ იყენებს, მაგრამ მზარეულები ირწმუნებიან, რომ ძველი ჭურჭლის გარეშე, პროდუქტებს ის გემო და არომატი არ აქვს.

ეთნოგრაფი ხორენ გრიგორიანის თქმით, სომხეთში ბევრი რთული კერძია. ინგრედიენტების ნაწილი მხოლოდ სომხეთში იზრდება, ზოგიერთ საკმაზსა და პროდუქტს ანალოგი და შემცვლელი არ გააჩნია, მომზადების პროცესი კი ბევრ დროს იკავებს:

„ზოგიერთი კერძის კომპონენტს 10-12 დღით ადრე ამზადებენ, მათ ხარშავენ ან  ამარინადებენ. მაგალითად, კერძი „აგანჯაპურის“(წვნიანი „ყურები“ – ხორცის ბურთულები  ცომში) მომზადებაში მთელი ოჯახი მონაწილეობდა – მას ერთი ადამიანი არასდროს ამზადებდა, რადგან ბევრი პროდუქტი გამოიყენება – და ყველაფერი ცალ-ცალკე უნდა მოხარშულიყო. ეს მთელი რიტუალია. საჭმელს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ფასდებოდა ერთობა (ოჯახის, რომელიც მას ერთად ამზადებდა)“.

ეთნოგრაფი ამბობს, რომ კერძების უმრავლესობა ცხვრის, ძროხის, ღორის და ფრინველის ხორცისგან მზადდება. მათ შორის განსაკუთრებულ ადგილს „არისა“ იკავებს.  ეს არის ხორბლისა და ქათმის ხორცის ფაფა, რომელიც მთელი დღის განმავლობაში იხარშება. არისას მომზადების ტრადიცია მრავალ სომხურ ოჯახშია შემორჩენილი, და თითოეულს კიდევ საკუთარი „საიდუმლო“ აქვს, თუ როგორ უნდა მომზადდეს ეს კერძი კიდევ უფრო გემრიელად.

ორგანიზაციის „სომხური კულინარიული ტრადიციების შენარჩუნება და განვითარება“ თავმჯდომარე სედრაკ მამულიანი ფესტივალის მიზნებს განმარტავს:

„ჩვენთვის (ფესტივალის ორგანიზატორებისთვის) – პირველ რიგში, მთავარი ის არის, რომ ჩვენმა ხალხმა საკუთარი დღესასწაულების ფესვები და საფუძვლები იცოდეს. და რასაკვირველია, ეს სომხური ტრადიციების გავრცელებისა და ტურიზმის სტიმულირების საუკეთესო საშუალებაა“.

მამულიანს – სომხეთში ცნობილ შეფ-მზარეულს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ადამიანებმა გასინჯონ ტრადიციული წვნიანი „კონჩოლი“, რომელიც პურის, კვერცხისა და მწვანილისგან მზადდება, რომ დიასახლისები ხშირად ამზადებდნენ „გაპამას“ – ბრინჯით, თაფლითა და ჩირებით დატენილ გოგრას, ახალგაზრდებმა კი გასინჯონ „მშოში“, რომელსაც ოსპისა და გარგრის ჩირისგან აკეთებენ.

ამჯერად ფესტივალმა ბევრი ტურისტი მიიზიდა. ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ სომხური კერძების გაცნობით ისინი ქვეყნის ტრადიციებსა და კულტურას, ადგილობრივი მაცხოვრებლების მენტალიტეტსა და ხასიათს ეცნობიან; და რადგან სტუმრები ამ შთაბეჭდილებებს თან წაიღებენ და თავიანთ ქვეყნებში სხვებსაც გაუზიარებენ, ეს აქ სხვა ტურისტებსაც მოიზიდავს.


ასევე წაიკითხეთ