ეკოლოგიის სამინისტრო მიიჩნევს, რომ მინგეჩაურის წყალსაცავში მომხდარი კატასტროფა ანომალიური დათბობითაა გამოწვეული." />

ვიდეორგოლმა, რომელზეც თევზის მასობრივი დახოცვაა აღბეჭდილი, ბაქოში დიდი სკანდალი გამოიწვია

ეკოლოგიის სამინისტრო მიიჩნევს, რომ მინგეჩაურის წყალსაცავში მომხდარი კატასტროფა ანომალიური დათბობითაა გამოწვეული.

ვიდეორგოლში, რომელიც მდინარე მტკვრის კალაპოტში მდებარე მინგეჩაურის წყალსაცავზე (წყალსაცავზე, რომელიც ყველაზე დიდია კავკასიაში მდებარე წყალსაცავებს შორის), აშკარად ჩანს, რომ სანაპირო ზოლის მთელ გაყოლებაზე  ძალიან ბევრი მკვდარი თევზი (უფრო ზუსტად კიკაპარჭინა) ტივტივებს. ვიდეორგოლის ქვეშ მომხმარებელთა კომენტარები იყო წარმოდგენილი. „იუზერები“ ეკოლოგიის სამინისტროსა და ადგილობრივ ხელისუფლებას ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ სიტუაციაზე კონტროლის დაკარგვაში ადანაშაულებდნენ.

შემთხვევას ეკოლოგიის სამინისტრო გამოეხმაურა და ინციდენტის გამოძიების პირობა დადო. სპეციალისტებმა მინგეჩაურის წყლის შემადგენლობა შეისწავლეს. ინფექციის კვალს ვერ მიაგნეს, თევზის დახოცვა კი ზედმეტად თბილი ამინდით ახსნეს. თევზის გაწყვეტის დღეს ჰაერის მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა. სიცხის გამო მინგეჩაურის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსამდე გაიზარდა, ტუტოვანი ბალანსი დაირღვა, ჟანგბადის შემცველობა კი ნორმალურ დონეზე დაბლა დაეცა (ეს მაჩვენებელი 4-5 მგ/ლ -მდე შემცირდა –  მაშინ, როდესაც ნორმა 6მგ/ლ-ს შეადგენს).

ანალიზი თევზის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებმა ჩაატარეს. მათი განმარტებით, ქვირითობის პერიოდში (მარტის ბოლოდან მაისის ბოლომდე) თევზები ასეთი მკვეთრ ცვლილებებს ძალიან ცუდად იტანენ  და ბოლო 10 წლის მანძილზე თევზის დახოცვის ფაქტები აზერბაიჯანის სხვა წყალსატევებზეც ხშირად ფიქსირდება. ასეთი  შემთხვევები, როგორც წესი, ანომალიურ დათბობებთან და წყლის მონაცემების გაუარესებასთანაა დაკავშირებული.

წყალსატევში მდებარეობს აზერბაიჯანის ყველაზე დიდი ჰესი –  მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც 2018 წლის თებერვალში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა (ჰესს ტურბინები და გენერატორი შეუცვალეს). თუმცა,  მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში არავის აღუნიშნავს, რომ მომხდარი ინციდენტი, შესაძლოა, ჰესის რეაბილიტაციის შედეგებით იყოს გამოწვეული.

სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებელი არ დაკმაყოფილდა იმით, რომ სპეციალისტებმა მომხდარი ანომალიური დათბობით ახსნეს:

«და ზაფხულში რა დაემართება ამ თევზს? მოიხარშება?»
«ბრაკონიერების ხელწერა ჩანს. ხიზილალა ამოაცალეს და გამოშიგნული თევზები წყალში გადაყარეს»

წელს აზერბაიჯანში ძალიან თბილი ზამთარი იდგა. ერთხელაც არ მოუთოვია. მაისში ჰაერის ტემპერატურა ამ თვის კლიმატურ ნორმას 3-4 გრადუსით აჭარბებს.


ასევე წაიკითხეთ