წარმოვიდგინოთ,  ეს როგორ მოხდება" />

ვთქვათ, ყარაბაღი რომ დაბრუნდეს?!

წარმოვიდგინოთ,  ეს როგორ მოხდება

ეს სტატია ზუსტად ერთი წლის წინ დაიწერა – იმ პერიოდში, როდესაც ყარაბაღში სამშვიდობო შეთანხმების შემდგომ მიღებულ ფრონტის ხაზზე მომხდარი ყველაზე მწვავე ესკალაცია ახალი დასრულებული იყო. სწორედ მაშინ გადაბეჭდა ეს მასალა ერთმა სომხურმა ვებგვერდმა და სათაური ავტორის დაუკითხავად შეცვალა “ჰედლაინით” “ვერ ვხედავ ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნების პერსპექტივას”, ამასთან, შეამოკლა ფრაზა “ამჟამად, ან უახლოეს მომავალში”. ისე გამოვიდა, თითქოს ავტორი საერთოდ სკეპტიკურად და უიმედოდაა განწყობილი ამ საკითხის მიმართ.

მოდით, ეს ილეთები “კლიკების” მოგროვების მოყვარულებს დავუტოვოთ. პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან ზუსტად ერთი წელი გავიდა. ანუ “უახლოესი მომავალი” წარსულს ჩაბარდა. დაუახლოვდა თუ არა ამ პერიოდის მანძილზე აზერბაიჯანი ყარაბაღს?ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ არა. გასულ წელს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ძალიან სერიოზული ინციდენტი მოხდა, ამასთან, სიტუაციის ესკალაციის მომენტებში მძიმე შეიარაღება გამოიყენებოდა. ორივე მხარეს დაღუპული ადამიანების რიცხვმა წინა წლებში გარდაცვლილი ცოცხალი ძალის რაოდენობას გადააჭარბა (თუ არ ჩავთვლით აპრილის პირველი დეკადის ოთხ დღეს).

სტატიის ბოლოს, დასკვნის სახით აღნიშნულოა, რომ კონფლიქტის მონაწილე ქვეყნებისა და საზოგადოებების დემოკრატიაციას კონფლიქტის მოგვარების სტიმულირება შეუძლია. არის თუ არა დღეს კინფლიქტში მონაწილე თითოეული სახელმწიფო იმაზე უფრო დემოკრატიული, ვიდრე გუშინ იყო? ამ შეკითხვასაც უარყოფითი პასუხი უნდა გაეცეს. აზერბაიჯანში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანების დაპატიმრებები გაგრძელდა, ვებგვერდები დაიბლოკა და განმტკიცდა მმართველი ოჯახის ძალაუფლება. სომხეთში კი პრეზიდენტმა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, ხელისუფლებაში დარჩენის მიზნით საკონსტიტუციო რეფორმების გასატარებლად საჭირო რეფერენდუმი ჩაატარა, რომლის შედეგების საფუძველზეც ხელისუფლება შეინარჩუნა.

სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ კონფლიქტის მოგვარებისთვის განსაზღვრული “უახლოესი პერიოდი” გაურკვეველი ვადით იწელება.

და დაუშინეს ავტორს დამპალი პომიდორები და ლაყე კვერცხები,თანაც – კონფლიქტის ორივე მხრიდან.

აზერბაიჯანელი მკითხველი: “რას ნიშნავს „დაბრუნდება“? იყო კი სადმე წასული? ამას მსოფლიოში არავინ აღიარებს, სომხეთიც კი!’
სომეხი მკითხველი: ‘ავტორს ფანტასტიკა ჰყვარებია. არწახის ხალხს  საკუთარი მომავალი უკვე არჩეული აქვს!’

ძვირფასო მკითხველებო, შემოინახეთ კვერცხებიც და პომიდორიც – მთელ მარაგს სათაურს ნუ დაახარჯავთ, რადგან სრული ტექსტის წაკითხვის შემდეგ მარაგის შევსება მოგინდებათ.

მაშ ასე, განვიხილოთ სცენარი (თუნდაც სომეხი მკითხველი ამას ფანტასტიკად მიიჩნევდეს, აზერბაიჯანელები  კი – ღალატად), რომლის მიხედვითაც, ყარაბაღი და მისი მიმდებარე ტერიტორიები აზერბაიჯანს უბრუნდება.
აზერბაიჯანში ობიექტური სოციოლოგიური გამოკითხვა რომ ჩატარდეს, ვფიქრობ, შეკითხვას – „როგორ უნდა დაბრუნდეს ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში?“- მოსახლეობის უმეტესობა უპასუხებს, რომ „მხოლოდ ომის გზით“. დიახ, ეს რევანშისტული მიდგომაა – სწორედ ისეთი, როგორიც გერმანიას ჰქონდა ვერსალის ზავის შემდეგ (წამოვიდა პომიდორები!). ვერსალის შეთანხმებამ ევროპაში არსებული პრობლემები ვერ გადაწყვიტა, ისევე როგორც ბიშკეკისა და კაზიმირის შეთანხმებებმა ვერ გადაჭრა ყარაბაღის პრობლემა. ამ დოკუმენტებით  კონფლიქტის მოგვარება  უბრალოდ  გადაიდო.

 სხვა საკითხია, რამდენად შესაძლებელია ყარაბაღის ომის გზით დაბრუნება. საკუთარ შეცდომებზე მხოლოდ სულელი სწავლობს. ჭკვიანი კი მეზობლის, კერძოდ კი საქართველოს მაგალითს გაითვალისწინებდა, რომელსაც მსგავსი ტერიტორიული პრობლემებიც აქვს და მათი ომის გზით გადაჭრის მცდელობის გამოცდილებაც.

სტეფანაკერტის/ხანკენდის თავზე დროშის აღმართვა რომ კონფლიქტს ვერ გადაჭრის, ვფიქრობ, უდავოა, ისევე როგორც აზერბაიჯანის შვიდი რაიონის ოკუპაცია აღმოჩნდა უშედეგო. მოწინააღმდეგეზე ზეწოლის მეთოდად ტერიტორიების დაპყრობის გამოყენება XIX საუკუნეში ჩარჩენაა. ამიტომ, ნურც დროს დავკარგავთ და ნურც კილობაიტებს ამ მართლაც ფანტასტიკურ სცენარზე  და იმაზე ვიმსჯელოთ, რა იქნება,  ყარაბაღი აზერბაიჯანს მშვიდობიანი გზით რომ დაუბრუნდეს.

აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში „ყველაზე ფართო ავტონომიას“ სთავაზობს. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რა იგულისხმება ამ “სიფართოვეში”, თუმცა, მოლაპარაკებებსა და ბრიფინგებზე აზერბაიჯანული მხარე თათრეთის, ტრიესტისა და ალანდის კუნძულების მოდელების ანალოგიებს ახსენებს.

ამ მოდელებიდან ყველაზე „ფართო“ ალანდის კუნძულების მაგალითია, რომელიც 90-იანი წლების ბოლოს განიხილებოდა. წარმოვიდგინოთ, რომ მხარეები შეთანხმდნენ და ყარაბაღი, ალანდის ავტონომიის ანალოგიური პირობებით, აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩება. ეს ნიშნავს იმას, რომ:

  • მთიან ყარაბაღს ყველა საერთაშორისო შეთანხმებაზე ვეტოს დადების უფლება ექნება. თუკი აზერბაიჯანს ხვალ თურქეთთან რაიმე სახის კავშირის გაფორმების სურვილი გაუჩნდება, მთიანი ყარაბაღის თანხმობის გარეშე, ასეთი შეთანხმების დადება შეუძლებელი იქნება. გვინდა, რომ ასე მოხდეს?
  • სომხეთი მეორე სახელმწიფო ენა გახდება. ნებისმიერი ეთნიკურ სომეხს უფლება ექნება, აზერბაიჯანის სახელმწიფო უწყებებს სომხურ ენაზე მიმართოს და პასუხიც იმავე ენაზე მოითხოვოს. მზად ვართ ამისთვის?
  • ბაქოს ცენტრში, სავარაუდოდ, სომეხი არქიტექტორების მიერ აგებულ რომელიმე ლამაზ შენობაში (ასეთი ნაგებობების რაოდენობა ბაქოში არც ისე მცირეა) მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის წარმომადგენლობა (ამჯერად ბრჭყალების გარეშე) იქნება გახსნილი, რომელსაც ყარაბაღის დროშა და გერბი დაამშვენებს. მილი მეჯლისში კი ყარაბაღის სომხურ უმრავლესობას მანდატების კვოტა ექნება. ხელისუფლება, რატომღაც, ამ ალბათობაზე არაფერს ამბობს.

რაც შეეხება დროშას, გერბსა და ბრჭყალებს… პირადად ჩემთვის ეს ყველაფერი ნორმალურია. თუკი ყველა საფეხბურთო კლუბს საკუთარი გერბი, დროშა და ჰიმნი აქვს,  რატომ არ შეიძლება რომელიმე რეგიონს (და, მით უმეტეს, ავტონომიური სტატუსის მქონე სუბიექტს) საკუთარი სიმბოლოები ჰქონდეს. თუნდაც ნახიჭევანის ავტონომიურ რესპუბლიკასაც ჰქონდეს საკუთარი დროშა და ჰიმნი.

ბევრი აზერბაიჯანელი ავტორი კატეგორიულად ეწინააღმდეგება იმას, რომ მთიან ყარაბაღის რეგიონს „რესპუბლიკა“ ერქვას. მათი აზრით, რესპუბლიკის შემადგენლობაში კიდევ ერთი რეპუბლიკა ვერ იქნება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ნახიჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა უკვე არსებობს, და ამასთან, როგორც ჩემი პირველი რედაქტორი, ზარდუშტ ალიზადე იტყოდა, თუ უნდათ, „მთიანი ყარაბაღის იმპერია“ დაირქვან, ოღონდ იმ ტერიტორიაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონები მოქმედებდეს.

კიდევ ერთი შედეგი  ის იქნება, რომ თუნდაც იმავე მადრიდის პრინციპების საფუძველზე მომზადებული სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ლტოლვილებს საშუალება ექნებათ, მშობლიურ ქალაქებსა და სოფლებს დაუბრუნდნენ. იქნება თუ არა ბაქოსა და განჯაში მცხოვრები საზოგადოება მზად იმისთვის, რომ რამდენიმე ათეული ათასი სომეხი მიიღოს? დღევანდელ პირობებში ამ შეკითხვას ცალსახა პასუხი აქვს: „არა“. არადა, მოვლენების ამგვარად განვითარებაზე დღეს არავინ საუბრობს.

ხშირად სომხური მედიასაშუალებები აზერბაიჯანს არმენოფობიაში ადანაშაულებენ. მაშინ, აქვე შეიძლება სომხური  თურქოფობიაც გაგვახსენდეს. თუმცა, ეს სხვა სტატიის თემაა. ჯერჯერობით კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ აზერბაიჯანში ნამდვილად არსებობს არმენოფობია და ამას თავისი მიზეზები აქვს. აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი ოკუპირებულია, ამ რეგიონებიდან დევნილი ადამიანები კი არც ისე სახარბიელო პირობებში ცხოვრობენ. აზერბაიჯანში მიაჩნიათ, რომ ომი ჯერ არ დასრულებულა. ახლა კი წარმოვიდგინოთ, რომ ამ ფონზე ბაქოში სომხები ბრუნდებდებიან. სხვათა შორის, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბაქოელი სომხები ქალაქის ცენტრში, პრესტიჟულ სახლებში ცხოვრობდნენ. ასეთ პირობებში, მცირე ნაპერწკალმაც კი შეიძლება ეთნიკური დაპირისპირების ხანძარი თავიდან გააღვივოს. გვინდა რომ ასე მოხდეს?

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნება მომეცით, დავასკვნა: ვერ ვხედავ პერსპექტივას, რომ ყარაბაღის კონფლიქტი დღეს, ან უახლოეს მომავალში რაიმე გზით გადაწყდება (გთხოვთ, პომიდორს ნუ დაიშურებთ); იმიტომ, რომ კონფლიქტის მოგვარება ხელს არ აძლევს სომხეთის ხელისუფლებას (რომელმაც იმაზე მეტიც კი მიიღო, რაც უნდოდა და რაიმეს დათმობის სურვილი ნამდვილად არ აქვს); სიტუაციის დარეგულირებით არც აზერბაიჯანის ხელისუფლებაა დაინტერესებული, რომელსაც განჯიდან და ბაქოდან დევნილი და მთიანი ყარაბაღის მკვიდრი ფხუკიანი სომხები არ სჭირდება, იმიტომ, რომ ეს მოქალაქეები გამუდმებით ადამიანის უფლებების დაცვაზე ილაპარაკებენ და საერთაშორისო ინსტიტუტებს საჩივრებით აიკლებენ.

სომხებს კი აზერბაიჯანელებივით ციხეებში ვერ ჩასვამ; იმიტომ, რომ საერთაშორისო საზოგადოება მათ ლამის გამადიდებელი შუშით  დააკვირდება. დაპირისპირების დასრულება ხელს არ აძლევს არც რეგიონის მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეს – რუსეთს, რომელიც, ამ კონფლიქტის წყალობით, ორივე მხარეს საკუთარი გავლენის ქვეშ ამყოფებს და არსებულ სიტუაციას მხარეებზე ზეწოლის მშვენიერ ბერკეტად იყენებს. 

აბა,რა არის გამოსავალი? ვფიქრობ, ხელოვნური იძულების გზით კონფლიქტს არაფერი ეშველება. საერთო ინტერესები უნდა მომწიფდეს. ასეთ ინტერესებად კი, შესაძლოა, ეკონომიკური სარგებელი, საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანება, ან მოსალოდნელი გეოპოლიტიკური დივიდენდები იქცეს. 70 წლის მანძილზე საფრანგეთსა და გერმანიას შორის სამი სისხლისმღვრელი ომი მოხდა, მაგრამ საერთო ეკონომიკურმა ინტერესებმა (იგულისხმება ქვანახშირი) და კომუნიზმის საფრთხემ ეს ორი ქვეყანა  იმდენად დაახლოვა,რომ დღეს საფრანგეთი და გერმანია ევროკავშირის ღერძს წარმოადგენენ. გავიხსენოთ ჩრდილოეთი კვიპროსის მაგალითიც. სამხრეთი კვიპროსის ევროკავშირში შესვლა კუნძულის ორი ერთმანეთისგან გათიშული ნაწილის დაახლოების მიზეზად იქცა. დღეს კვიპროსის ჩრდილოეთი ნაწილიდან სამხრეთში გადასვლა ჩვეულებრივი ფორმალობაა, წინათ კი გამყოფი ხაზის გადაკვეთა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

რა საერთო ინტერესები შეიძლება ჰქონდეთ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანულ და სომხურ თემებს? თუკი ეკონომიკურ პროექტებზე ვისაუბრებთ, მაშინ წყლის რესურსების გამოყენება უნდა ვახსენოთ. მაგალითად, სარსანგის წყალსაცავი, რომელსაც სომხური მხარე აკონტროლებს, შესაძლოა, ახლომდებარე აზერბაიჯანული რეგიონებისთვის სოფლის მეურნების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის წყაროდ იქცეს (ცხადია, რაიმეს სანაცვლოდ). საერთო მტერზე ფიქრიც კი არ მინდა, მაგრამ ასეთ მტრებად შეიძლება ის მეზობელი ქვეყნები იქცნენ, სადაც სომხური და აზერბაიჯანული თემები მშვიდობიანად თანაარსებობენ. თუკი ამ ქვეყნების ხელმძღვანელები „ულტრანაციონალისტები“ გახდებიან, მაშინ ხელისუფლება ორივე ეთნიკური უმცირესობის დევნასა და შევიწროებას დაიწყებს, რაც, ბუნებრივია, ამ ორ ხალხს გააერთიანებს.

ცხადია, მთიანი ყარაბაღის ავტონომიის სტატუსით აზერბაიჯანის შემადგენლობაში დაბრუნების შეთანხმების ბევრი პუნქტი და პირობა შეიძლება მოლაპარაკებების საგნად  იქცეს, თუმცა მთავარი რეგიონის სამომავლო მოწყობის მოდელი  არ არის. საქმე ისაა, რომ დღეს არცერთი მხარის პოლიტიკური ისტებლიშმენტს კონფლიქტის მოგვარების არც სურვილი და არც ნება არ გააჩნია, და არც საზოგადოებაა მზად მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის. ამ ვითარების შეცვლის გზა ერთადერთია _  კონფლიქტის მონაწილე მხარეების ეტაპობრივი, დემოკრატიული განვითარება. კონფლიქტები  ავტოკრატიებს სჭირდებათ. დემოკრატიები  ერთმანეთს არ ეომებიან.

შაჰინ რზაევი
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს

ასევე წაიკითხეთ