საზღვრის გადაკვეთიდან 5 წუთში შეამჩნევთ განსხვავებას ამ ორ ქვეყანას შორის" />

ველოსიპედებით მგზავრობა სომხეთიდან საქართველომდე

საზღვრის გადაკვეთიდან 5 წუთში შეამჩნევთ განსხვავებას ამ ორ ქვეყანას შორის

ქუჩის მხატვარმა და დიზაინერმა ვასილი გრინომ 10 თანამოაზრესთან ერთად სომხეთსა და აზერბაიჯანში ველოსიპედით იმოგზაურა. 600 კილომეტრი ორ ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანაში, ღამის თევა კარვებსა და უცხო ეზოებში, ურთიერთობა მილიციასთან, უგზოობა, დაბრკოლებების გადალახვა – ვასილიმ მოახერხა ამ ქვეყნების სულს ჩაწვდომოდა. დავათვალიეროთ ფოტოები და მოვისმინოთ შთამბეჭდავი ისტორია. 

გასულ წელს ჩვენ 10 მეგობართან ერთად ველოსიპედებით ქალაქ ვენიდან ტივატამდე (ჩერნოგორია) 1500 კილომეტრი გავიარეთ და ერთი წლის თავზე გადავწყვიტეთ, კვლავ გავემგზავროთ სადმე იგივე შემადგენლობით. ჩვენი არჩევანი სომხეთსა და საქართველოზე შეჩერდა, სადაც მანამდე არ ვყოფილვარ და, რაღაც მიზეზების გამო, მუდმივად ვდებდი ხოლმე ვიზიტს შემდეგისთვის. ნაყიდი ბილეთებით და შეფუთული ველოსიპედებით ერთმანეთს აეროპორტში შევხვდით. 

ერევანი

ერევანში ჩაფრენის შემდეგ, პირველ რიგში, დავიწყეთ ჩვენი უზარმაზარი ყუთების გახსნა, სადაც ველოსიპედები იყო შეფუთული. იმედი გვქონდა, რომ მტვირთავებმა ტრანსპორტირებისას არაფერი დააზიანეს. როდესაც დავრწმუნდით, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, ჩვენი ველოსიპედებით აეროპორტის  ტერიტორიაზე შევიკრიბეთ ადგილობრივების გაკვირვებული მზერის თანხლებით. ბევრი მათგანი მოვიდა და დაინტერესდა ველოსიპედებით და ჩვენი გეგმებით. ტაქსისტები ტრადიციულად გვთავაზობდნენ თავიანთ მომსახურებას, ერთმა მოხუცმა კაცმა კი ქრისტიანული სიმბოლიკის ნივთები მოგვცა: ბრელოკი ჯვარცმის გამოსახულებით, რომელმაც მთელი მოგზაურობის განმავლობაში ჩემი მეგობრის საჭეზე დაიდო ბინა; ასევე მუყაოს ხატები, რომელთაგან ერთ-ერთი მე მედო არც ისე დიდ ჩანთაში სათადარიგო საბურავთან ერთად. 

თანამედროვე ერევანი 12 უბნად არის დაყოფილი: Ачапняк, Арабкир, Аван, Давташен, Эребуни, Канакер-Зейтун, Кентрон, Малатия-Себастия, Норк-Мараш, Норк-Норк, Нубарашен, Шенгавит, რომლებიც თავის მხრივ იყოფა კვარტლებად. ბევრ სახლზე დამაგრებულია თოკები, სადაც თეთრეულია გაფენილი, ხალხი კი, როგორც ყირიმსა და სხვა ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, არ ერიდება სახლებზე დამატებითი მიშენებების გაკეთებას. ჩვენ ერთ-ერთ ნახევრად სარდაფის ტიპის ჰოსტელში გავჩერდით ქალაქის ცენტრში. 

ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ წყალი ერევანსა და მთელ სომხეთში ძალიან კარგია და მისი დალევა ონკანიდან, ან ნებისმიერი ფანტანიდან შეიძლება, რაც ქალაქში საკმაოდ ბევრია. ადგილობრივებს ძალიან უყვართ ჯიპის ტიპის მანქანები და ისინი ქალაქში საკმაოდ ბევრია. ვისაც არ აქვს ასეთი მანქანებისთვის საკმარისი ფული, “ნივებით” დადიან.    

საინტერესო იყო ქალაქის დათვალიერება უფრო უკეთ, ამიტომ მთელი მომდევნო დღე ქალაქის ველოსიპედით შემოვლასა და მის ყურადღებით შესწავლას მოვანდომეთ. ყველა მოედნიდან შესაძლებელი იყო არარატის დანახვა. ციცერნაკაბერდმა (“მერცხლის ციხესიმაგრე”), რომელიც სომეხთა გენოციდისას გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად აშენდა, ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. 44-მეტრიანი სტელა სომეხი ხალხის აღორძინების სიმბოლოა. სტელა ქვემოდან წვერამდე ორ ნაწილად არის გაყოფილი და სომეხი ხალხის გახლეჩილობას გამოხატავს. მათი მცირე ნაწილი ცხოვრობს სომხეთში, დიდი ნაწილი კი სხვადასხვა ქვეყნის დიასპორას წარმოადგენს. სტელასთან მდებარეობს კონუსის ფირმის პედესტალი, რომელიც 12 დიდი ქვის ლოდისგან შედგება. კონუსის ცენტრში, 1.5 მეტრის სიღრმეზე კი მარადიული ცეცხლი ანთია. 

სევანი

მომდევნო დღეს ჩვენი ჯგუფის კიდევ 2 წევრი შემოგვიერთდა, ისინი ერთი დღის დაგვიანებით ჩამოვიდნენ. დილის 11 საათზე სრული შემადგენლობით, 11 კაცით, დავიწყეთ ჩვენი მოგზაურობა ერევნიდან, სევანის ტბის მხრიდან. თან გვახლდა ჩვენი ახალი წევრი მანქანით, რომელიც ჰოსტელის ერთ-ერთი მფლობლი იყო. 9-11 %-იანი აღმართების ავლა 64 კილომეტრის მანძილზე შედარებით გაგვიჭირდა და ჯგუფის ზოგიერთმა წევრმა ფეხით სიარული არჩია, თან ველოსიპედები და ჩანთები მოჰქონდათ; დროდადრო მოსული წვიმა მხოლოდ ამწვავებდა ამ სიტუაციას. 19:30 საათზე ჩვენ უკვე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცივ ტბასთან ვიყავით. 

სევანის ტბა – ბუნების საოცრება, დაკავშირებული ცასთან, მოქცეულია უზარმაზარ მთებს შორის 1916 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. წყალი ძალიან სუფთა და კამკამაა: ლეგენდის თანახმად, მას მხოლოდ ვარსკვლავები და ღმერთები სვამდნენ. არსებობს სევანის ტბის წარმოშობის რამდენიმე ჰიპოთეზა. ყველაზე სარწმუნოა, რომ ეს ტბა რამდენიმე ათასი წლის წინათ გეგამის მთებში მიმდინარე ვულკანური პროცესების შედეგად წარმოიშვა. ტბის სამხრეთით მდებარეობს რამდენიმე ათეული წრის ფორმის კრატერი, რომლებიც წყლითაა სავსე. სევანში ჩაედინება 28 მდინარე, ყველა მცირე მდინარეა, მათ შორის ყველაზე დიდი – მაერიკი – 59 კილომეტრსაც არ აღწევს. ტბიდან გამოედინება მხოლო ერთი მდინარე – ჰრაზდანი. 

ჩვენი ერევნელი თანხმლები ღამის გასთევის პოვნაში დაგვეხმარა. ეს იყო არც ისე დიდი საზაფხულო სახლი, რომელიც ჩვეულებრივი გადაკეთებული ვაგონია. ტემპერატურა ღამით -2 გრადუსი იყო, თუმცა ჩვენ საძილე ტომრებში დავიძინეთ, რადგან თეთრეული ნესტიანი იყო. 

ისევ სომხეთში 

დილით ჩვენ იჯევანის მხარეს გავემგზავრეთ. ერთ-ერთი მთავარი შთაბეჭდილება ჩვენთვის იყო 3-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც სევანი-დილიჟანის კლდეშია გაჭრილი. პირველი სპონტანური ბანაკიც იჯევანთან ახლოს, უჩვეულოდ ლამაზ ადგილას გავმართეთ. უძინარმა და ცოტა გაყინულმა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, როგორი ციცაბო აღმართები გველოდა წინ. 

შემდეგი პუნქტი – არც ისე დიდი სოფელია ვოსკეპარი ტავუშუსკის მხარეში. ჩვენი მარშრუტის საკმაოდ დიდი ნაწილი აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს ვიარეთ, გზაზე შეგვხვდა რამდენიმე მიტოვებული ანკლავი, სამხედრო ტექნიკის საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელიც დაფარული იყო. ჯარისკაცები იღიმებოდნენ და ხელით მიგვითითებდნენ გზისკენ.

ნოემბრიანს, საქართველოს საზღვართან შებინდებისას მივაღწიეთ. ვერ მივხვდით, სად შეგვეძლო კარვების ბანაკის გამართვა და ამოვირჩიეთ პირველივე ადგილი მთის მახლობლად. როდესაც ახლოს მივედით, ეს “დრიფტერების” საყვარელი ადგილი აღმოჩნდა;  იქ ასევე დაგვხვდა დიდი ძეგლი, 1941-1945 წლების კონსტრუქტივიზმის სიმბოლო. 

გარკვეული დროის შემდეგ გამოჩნდა პოლიციის მანქანა და სიტუაცია ცოტათი სიურეალისტურ სიუჟეტს დაემსგავსა. პოლიციელები, რომლებიც ან ძილი აკლდათ, ან რაიმეს ზემოქმედების ქვეშ იყვნენ, დაიწყეს იმის გარკვევა, თუ ვინ ვიყავით ჩვენ და რას ვაკეთებდით იქ. ხანგრძლივი დათვალიერებისა და ლაპარაკის შემდეგ საერთო ენა გამოვნახეთ და საუბარს შედარებით ადეკვატური სახე მივეცით. მოგვიანებით მოვიდა პოლიციის კიდევ ერთი მანქანა, სადაც ნოემბრიანის პოლიციის ხელმძღვანელი იჯდა, და ნება დაგვრთეს, ღამე გაგვეთია აქ მდებარე ძეგლის დახურულ ტერიტორიაზე. მათ ჩაიწერეს ჯგუფის 11-ვე წევრის პაპსორტის მონაცემები. განმარტება ასეთი იყო: აქ ხანდახან ისვრიან და ამიტომაც ხდება ასე. ნახევარი საათის განმავლობაში პოლიციის 2 მანქანა ფარებით გვინათებდა იმ ადგილს, სადაც კარვებს ვდგამდით. შემოგვთავაზეს დამხმარე ჯგუფის გამოგზავნა, რომ ღამე მშვიდად გაგვეთია, თუმცა ჩვენ უარი ვთქვით.

შემდეგ დღეს ჩვენი ნივთების მზეზე გავაშრეთ და გავემართეთ თბილისისკენ. ამინდი ბოლოსდაბოლოს დალაგდა, გზა კარგი იყო. საქართველოს საზღვართან საკმაოდ სწრაფად მივედით. მესაზღვრემ ფანჯრიდან შეხედა ჩემს პასპორტს და მკითხა: “Батька ваш – мужик. Как он там?” მე ვუპასუხე, რომ ნორმალურად. 

ზოგადად, სომხეთმა მთლიანობაში უაღრესად სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა. ყველა სომეხს, ვინც გზად გვხვდებოდა, თავიდან განურჩეველი გამომეტყველება ჰქონდა, თუმცა ჩვენი მხრიდან მცირე კეთილგანწყობის გამოვლენისთანავე თავადაც იმავეს ავლენდნენ. ხალხი ხშირად გვეკითხებოდა: “რითი დაგეხმაროთ, ძმაო?”, ხოლო თუ დასახმარებელი არაფერი იყო, ბედნიერ და კარგ მგზავრობას გვისურვებდნენ, მანქანები პირველივე ნიშანზე ჩერდებოდნენ, მძღოლები კი გვიხსნიდნენ, თუ სად და როგორ იყო უკეთესი გადაადგილება. ბავშვები ყველა მხრიდან შემოგვერტყმებოდნენ ხოლმე გარშემო, გვთხოვდნენ შლემების მოზომებას, ველოსიპედით გასეირნებას, ან უბრალოდ იცინოდნენ. 

საქართველო 

საზღვართან ახლოს მდებარე კაფეში გავჩერდით და სხვების მოლოდინში შევუკვეთეთ საჭმელი. უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთში  ყველგან, და ბევრ ადგილას საქართველოშიც, კაფეს მენიუ ძალიან პირობითი ცნებაა; უფრო სწორად, შეგიძლიათ უთხრათ, რომ  განსაკუთრებულ დიეტაზე ხართ და მაშინვე მოხარშულ მწვადს მოგიმზადებენ. ეს ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. პორციები დიდია, საკვები კი უჩვეულოდ გემრიელი. საზღვრის გადაკვეთიდან უკვე 5 წუთში ამჩნევ განსხვავებას ამ ქვეყნებს შორის. მაშინვე იგრძნობა, რომ საქართველო უფრო მდიდრულად ცხოვრობს. ამაზე გზების მდგომარეობა, პატარა ქალაქები და სოფლები მეტყველებს. 

საქართველოს ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია მეტალის ქრისტიანული ჯვრები, რომელიც სწორი კი არ არის, როგორც ჩვენთან, არამედ ოდნავ დახრილია ქვევით, როგორც, მაგალითად, ჩიტის ფრთები. მათ წმინდა ნინოს ჯვარს უწოდებენ. გადმოცემის თანახმათ, ვაზისგან დამზადებული ჯვარი ღვთისმშობელმა წმინდა ნინოს მისცა საქართველოში წამოსვლამდე. მე ველოსიპედზე ამოვკაწრე ასეთივე ჯვარი. 

სომხეთის მთები უკან დარჩა და ჩვენ უკვე იდეალურად სწორი ასფალტით გავემართეთ თბილისისკენ. გზაში ხალხი გვესალმებოდა, ბედნიერ მგზავრობას გვისურვებდა, ღვინოს გვასმევდა გაჩერებებისას, გვეხვეოდა და რამდენჯერმე გვაკოცეს კიდეც. არ მჯეროდა, რომ ასეთი რამ შესაძლებელი იყო. 

თბილისი

ამ დღეს ჩვენ 100 კილომეტრი გავიარეთ და აღმოვჩნდით გასაოცარ ქალაქ თბილისში. რა თქმა უნდა, ტურისტების არარეალური ნაკადის გამო, თბილისი არ არის ისეთივე გულღია, როგორიც საქართველოს სხვა მხარე, თუმცა მიუხედავად ამისა, მე არსად შევხვედრივარ ასეთ ატმოსფეროს. ქალაქის ძველი უბნები ისეთი მყუდროა, რომ არავის დატოვებს გულგრილს. რა თქმა უნდა, ჩვენ ვცადეთ ტურისტის სტანდარტული პროგრამის შესრულება: მაგალითად, მოვინახულეთ ლეგენდარული გოგირდის აბანოები აბანოთუბანში. წყალი იქ მიწიდან ამოდის, ის თბილია და შეიცავს გოგირდს. ასეთი აბანოები არის იტალიაში, ასევე ინგლისში, ტივოლის მხარეში. 

ჩვენ არც ქართულ საჭმელებსა და ღვინოებზე გვითქვამს უარი. ერთიც და მეორეც იქ უბრალოდ შესანიშნავია. ახლაც მენატრება აჭარული ხაჭაპური და ხინკალი. უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო შორს მიდიხარ თბილისიდან ზღვის მიმართულებით, მით უფრო გემრიელად გეჩვენება ხინკალი, და ამიტომ, ფრთხილად უნდა იყო შეკვეთისას, შეიძლება უბრალოდ ვერ მოერიო შეკვეთილ კერძს. 

რომელიმე რესტორანი, ან კაფე რომ გირჩიოთ, აზრი არ აქვს, რადგან ისინი ძალიან ბევრია და ყველა შესანიშნავი. ქალაქში სეირნობა კი ერთი სიამოვნებაა. თბილისი ძალიან ცოცხალი ქალაქია. სანამ ჩვენ დავდიოდით და ყველაფერს ფოტოებს ვუღებდით, ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმა ერთი ბოთლი ღვინო მრევლის ხელით გადმოგვცა. 

მართალია, ქალაქში ველოსიპედით გადაადგილება უსაფრთხო არ არის, რადგან ქართველები საგზაო მოძრაობის წესებს დიდად ყურადღებას არ აქცევენ: მანქანას არ აჩერებენ წითელზე, არ უშვებენ ფეხით მოსიარულეს. გარკვეული დროის შემდეგ ჩვენც შევეჩვიეთ და ისევე დავიწყეთ გზაზე სიარული, როგორც ადგილობრივებმა – ზოგიერთ ადგილას ხელს ვწევდით, რომ გვენიშნებინა, – “გაჩერდი, გადავდივარ”. ასევე არ გავუშვი ხელიდან შესაძლებლობა, მოვხვედრილიყავი დიდ ბაზარზე, სადაც ვიპოვე თბილისის ველოშეჯიბრის ძველი საინტერესო ნიშანი. ორმა მშვენიერმა დღემ ქალაქში შეუმჩნევლად გაიარა. 

უფლისციხე 

ჩვენი ჯგუფის უმრავლესობამ გაიკეთა ტატუ “9%” სომხეთის მთების 9-პროცენტიანი აღმართების სამახსოვროდ, რომლებიც ჩვენ დიდი შრომის შედეგად გავიარეთ, და გავემგზავრეთ საქართველოს უძველესი ქალაქი გორისაკენ. უფრო ზუსტად, ჩვენ გვაინტერესებდა ერთ-ერთი ადგილი – უფლისციხე – გორიდან არც ისე შორს.  

უფლისციხე – უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქია, ერთ-ერთი უპირველესი ქალაქი საქართველოში. ის გორის აღმოსავლეთით 12 კილომეტრში, მდინარე მტკვირს მარცხენა სანაპიროზე მდებარეობს. ქალაქი მე-19 საუკუნის ბოლოს მიატოვეს და მრავალფენოვანი არქეოლოგიური ობიექტია. ის მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება საქართველოს კულტურაში. მისი უნიკალურობა ისაა, რომ იქ შემონახულია უძველესი რამდენიმე ათასი წლის წინანდელი არქიტექტურული და კულტურული დეტალები. უფლისციხეში თავიდან 700 გამოქვაბული იყო, რომელთაგანაც 150-ია შემორჩენილი. 

დანიშნულების ადგილს საღამოს მივაღწიეთ, ვიპოვეთ მოედანი კარვების ბანაკისთვის და დავიწყეთ კარვების დადგმა; გარს შემოგვეხვია რამდენიმე ძაღლი, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში გვიცავდნენ ძროხებისა და სხვა ცხოველებისგან, მათ ჩვენი კარვების სიახლოვეს გაათენეს ღამე. ჩვენ კი გამოვკვებეთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო.

ციხესიმაგრესთან ღამის გათევა შესანიშნავი იყო. დილით, ავიბარგეთ და გავეშურეთ ქალაქის ისტორიის გასაცნობად ექსკურსიამძღოლთან ერთად, რომლის გარეშეც, ეს ყველაფერი უბრალოდ შთამბეჭდავი ქვები და გამოქვაბულები იქნებოდა ციხესიმაგრეში. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მომენტი, როდესაც გვიამბო ღვინის შენახვის შესახებ სპეციალურ კონუსისებურ ჭურჭელში, ქვევრში, რაგდან შენახვის ეს ფორმა გამოიყენება ძალიან ბევრ ადგილას.

ასეთ ჭურჭელში შენახული ღვინო, უბრალოდ წარმოუდგენელია –  მძაფრი და ოდნავ მჟავე. ღვინო მუზეუმთან ახლოს, კაფეში გავსინჯეთ. ერთ-ერთმა მასპინძელმა, უცნაური სახელით სტალბერი (სტალინი და ბერია), სიამოვნებით გვიმასპინძლა. მასთან გავსინჯე წარმოუდგენლად გემრიელი ქართული კერძი ჩაქაფული, რომელიც ახალი ხორცით მზადდება. ხორცი მწვანილთან და სუნელებთან ერთად იხარშება (სახელწოდება პირდაპირ ითარგმნება, როგორც “ხორცი ქაფში”). ხორცის მოყვარულებს განსაკუთრებით ვურჩევ. 

სურამი და პრომეთეს მღვიმე

შემდეგ ჩვენი გზა სურამის მხარეს გაგრძელდა. ყველაფერი ისევე იყო, როგორც აქამდე, სწორი გზა, მწყემსები ფერდობებზე, ხალხი გვესალმებოდა, ლამაზი პეიზაჟები და ენდორფინები, რაც ფიზიკური დატვირთვის შედეგად ჩნდება. რა არის კიდევ საჭირო ბედნიერებისთვის? როდესაც დავეწიეთ სურამთან ჩვენ მეგობრებს, მათ, რა თქმა უნდა, უკვე დალეული ჰქონდათ ღვინო, ასევე გაესინჯათ ადგილობრივი წარმოუდგენლად გემრიელი ფუნთუშა ნაზუქი, რომელსაც, ქიშმიში და სანელებლები აქვს დამატებული.

ეს ტკბილი ლავაშის მსგავსია, საკმაოდ გემრიელი რამ. ნაზუქებს ჰყიდიან მხოლოდ ამ ადგილას და არსად სხვაგან. ორი ადგილობრივი ჯენტლმენი ცდილობდა, დავეთანხმებინეთ დარჩენასა და მათთან ერთად ღვინის დალევაზე, მაგრამ ხანგრძლივი განმარტებების შედეგად, რომ ჩვენ უნდა წავსულიყავით, რადგან ვერ მოვასწრებდით კარვების გაშლას დაღამებამდე, გაგვიშვეს შემდეგი სიტყვებით: “მეგობრებო, ისევ მოდით, ჩვენ აქ ვიქნებით”. ნაზუქებს კიდევ რამდენიმე დღე სიამოვნებით ვჭამდით. 

ერთ-ერთ დასახლებასთან სოფლის გზაზე გადავუხვიეთ, რაგდან არ გვინდოდა ათობით მსუბუქ და სატვირთო მანქანასთან ერთად გვევლო, MAPS.ME კი გვიჩვენებდა, რომ იმ მიმართულებით გზა იყო. საბოლოოდ 40 კილომეტრი მომაკვდინებელ სოფლის გზაზე ვიარეთ, რის შემდეგაც იმედი მქონდა, რომ ჩემი ველოსიპედი ცოცხალი იქნებოდა, რადგან ასეთი გზებისთვის არ არის გათვლილი. სამაგიეროდ, ვნახეთ დაუჯერებელი ხედები და უმშვენიერესი ჩანჩქერი, რომელიც გზად შეგვხვდა; ასევე რკინიგზა, რომელიც მთებში იკარგებოდა, და მშენებარე გვირაბი.  

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც უნდა გვენახა იყო პრომეთეს მღვიმე, ქალაქ წყალტუბოსთან ახლოს. მღვიმის მთელი სიგრძე დაახლოებით 11 კილომეტრია, საიდანაც 1060 მეტრია მნახველებისთვის გახსნილი. ის საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს და აქ შესაძლებელია ქორწილის ორგანიზებაც. მღვიმე – საკმაოდ საინტერესო ადგილია, მაგრამ ცოტა დმახინჯებულია მყვირალა მანიშნებლებით და რაღაც გაუგებარი ლაზერ-შოუთი, რომელიც ხმას გამოსცემს. უკეთესი იქნებოდა, უბრალოდ დაეტოვებინათ ისე, როგორიც არის, მინიმალური ჩარევით. 

ღამის გათევა გვინდოდა მიტოვებულ ციხე ნოქალაქევში, დასავლეთ საქართველოს ქალაქ-ციხესიმაგრეში, რომელიც ე.წ. სენაკის მუნიციპალიტეტში, ეგრისის დედაქალაქში მდებარეობს. ეს არის ლეგენდარული ქალაქ აიას ადგილი, სადაც არგონავტები იმყოფებოდნენ. როდესაც მივედით ამ ადგილთან, აღმოჩნდა, რომ ტერიტორია შემოღობილია და კარვის დადგმა იქ არ გამოვიდოდა. ჩვენ შემოგვთავაზეს დილით მისვლა და ყველაფრის დათვალიერება. ოდნავ გაბრაზებულები წავედით ხიდისკენ და არც ისე ცუდი ადგილი ვიპოვეთ კარვების ბანაკისთვის ვიღაცების სახლებთან და ეზოებთან ახლოს. 

რამდენიმე საათის შემდეგ გაუგებარმა ხმაურმა გამაღვიძა, ისმოდა ძაღლის ყეფა, ავტომობილის ძრავის ხმები. რაღაც პერიოდის შემდეგ ხმაური შეწყდა და დავიძინე. დილით კვლავ ხმაურმა გამაღვიძა. გავიხედე კარვიდან და მივხვდი, რომ ძროხები და ღორები ჩვენი ვახშმის ნარჩენებს მიირთმევდნენ. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ძროხების გადევნა დავიწყეთ, რომ ჩვენი კარვები არ დაეზიანებინათ, ღობესთან გამოჩნდა ვიღაც კაცი. ვიფიქრე, რომ გაგვყრიდა იქიდან, რადგან მის ძროხას ვაგდებდით და თან კარვები დავდგით იმ ადგილას. 

თუმცა, ყველაფერი პირიქით მოხდა. ამ კაცმა გვითხრა, რომ წინა დღეს მას დაბადების დღე იყო, ეს მისი აგარაკია, სადაც ყურძენი მოჰყავს. ბოდიში მოიხადა წუხანდელი ხმაურისთვის და გვითხრა, რომ სცოდნოდა ჩვენი იქ ყოფნის შესახებ, აუცილებლად მიგვიპატიჟებდა. ამის შემდეგ გაუჩინარდა და დაბრუნდა უგემრიელესი ოჯახის ღვინით სავსე ბოთლით და საჭმელებით. მასთან ერთად ვისაუზმეთ და სამახსოვრო ფოტო გადავიღეთ. მან გვირჩია თბილი წყაროები გვენახა, რაც პირდაპირ მიწიდან ამოდის იქვე ახლოს. ასეც მოვიქეცით მას შემდეგ, რაც ნოქალაქევში გავისეირნეთ. 

ბეთლემის ნახვა ნამდვილად ღირს. ცხელი წყალი პირდაპირ მიწიდან ამოდის და იქ ბანაობაც შეიძლება,  მცირე საშხაპეებივით არის მოწყობილი. 

სენაკი და ბათუმი

შემდეგ იყო სენაკი. იქ მოულოდნელად, ვიღაც მამაკაცმა, რომელმაც ჩვენი ველოსიპედები დაინახა კაფესთან, გვკითხა საიდან ვიყავით. როდესაც გაიგო, რომ ჩვენ შორის გოგონებიც არიან და მათ უკვე 600 კილომეტრი ველოსიპედით და მძიმე ჩანთებით იარეს, გაოცდა. გვითხრა, რომ მოგვეცადა და დაბრუნდა ნამცხვრებით სავსე ორი უზარმაზარი პაკეტით. “ეს გზაში გამოგადგებათ, მეგობრებო! ბედნიერი მგზავრობა!” – გვითხრა მან. ასე გამოვემგზავრეთ და მივაღწიეთ საპორტო ქალაქ ფოთამდე. აქ გასაკეთებელი არაფერი იყო. 

ორჯერ გამოგვედევნა პოლიციის მანქანა. პირველად – საქმე არ ჰქონდათ, მეორედ – სხვა ფერის მანქანა იყო (ისევე როგორც იტალიაშია) – უკვე დაუფარავად შეწუხებული სახით გადმოგვხედა ერთ-ერთმა პოლიციელმა და აგვიხსნა, რომ კარვების გაშლა ამ მხარეში არ იყო უსაფრთხო, რადგან იყო რამდენიმე არასასიამოვნო შემთხვევა. 

ჩვენი უმრავლესობისთვის ბათუმი ველოტურის ბოლო პუნქტი იყო, სადაც რამდენიმე მშვენიერი დღე გავატარეთ აჭარული ხაჭაპურთან და ზღვასთან ერთად. აქ პირველად ვნახე უზარმაზარი აჭარული ხაჭაპური სახელწოდებით “ტიტანიკი”, რომელიც ჩემი ხელის სიგრძე იყო. ხუთმა ადამიანმაც ვერ შეძლო მისი ბოლომდე ჭამა. აჭარული ხაჭაპური ბათუმში უნდა ჭამოთ კაფე “რეტროში”, რომელიც ყველამ გვირჩია, პანკებიდან დაწყებული პოლიციელებით დამთავრებული. 

ბათუმში არაჩვეულებრივად გავატარეთ დრო, ვისეირნეთ ქალაქში და სანაპიროზე. განსაკუთრებით უნდა აღვნიშნოთ ბოტანიკური ბაღი. ოთხი ჩვენგანი ბათუმის შემდეგ თურქეთში გაემგზავრა, დანარჩენებისთვის კი ეს ისტორია დასრულდა ბათუმში, საიდანაც  თვითმფრინავით შინისკენ გავეშურეთ. 

საქართველომ ჩემზე წარმოუდგენელი შთაბეჭდილება მოახდინა და, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მათ შორის, სადაც კი ვყოფილვარ. ძალიან მენატრება ეს ბუნება, სამზარეულო და დაუჯერებლად გულიანი და სტუმართმოყვარე ხალხი. საქართველო – ეს სიყვარულია.

გამოქვეყნდა: 04.06.2016

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ