მსვლელობის მონაწილეები არალეგალური მიგრანტების დეპორტირებას ითხოვდნენ, შეშინებული ტურისტები კი კაფეებსა და მაღაზიებში იმალებოდნენ" />

თბილისში ე.წ. ქართული მარში ჩატარდა. ფოტორეპორტაჟი

მსვლელობის მონაწილეები არალეგალური მიგრანტების დეპორტირებას ითხოვდნენ, შეშინებული ტურისტები კი კაფეებსა და მაღაზიებში იმალებოდნენ

ფოტოები: ლევან მიქაძე, მაია წიკლაური

თბილისში აღმაშენებლის გამზირზე  ე.წ. “ქართული მარში” გაიმართა. აქციის მონაწილეებმა საიმიგრაციო კანონის გამკაცრება და საქართველოს ტერიტორიიდან “არალეგალი და კრიმინალი უცხოელების” დეპორტირება მოითხოვეს.

მსვლელობისას ისმოდა ნაციონალისტური და ქსენოფობიური შეძახილები: “ჩვენ გავწმინდავთ ჩვენ ქუჩებს უცხოელი კრიმინალებისგან”, “ქართული საქართველოსთვის”, “ყველამ თავისი ადგილი იცოდეს”.

საპროტესტო მსვლელობაში სხვადასხვა ინფორმაციით რამდენიმე ასეულიდან 2 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ნაციონალისტური დაჯგუფებების წევრები. აქციის ერთერთმა ორგანიზატორმა პოლიტიკოსმა სანდრო ბრეგაძემ განაცხადა, რომ 14 ივლისს დაიწყო “ახალი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა”. მსვლელობის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ უნდა გამკაცრდეს საქართველოში ბინადრობის უფლების მინიჭება. ასევე მოითხოვეს – უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების და პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა. მოთხოვნების შესასრულებლად აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 1 კვირიანი ვადა მისცეს. თუკი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი მარშის უფრო რადიკალური ზომებით გამართვას გეგმავენ.

აღმაშენებლის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. ისინი იდგნენ იმ სავაჭრო დაწესებულებებთან, რომლებიც უცხოელებს ეკუთვნით და სადაც შესაძლოა ყოფილიყო კონფლიქტის საფრთხე.

ქართული მარშთან დაკავშირებით სამოქალაქო პლატფორმა “არა ფობიამ” ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიიღოს სათანადო ზომები და უზრუნველყოს ამ პროცესის კანონის ჩარჩოებში დარჩენა, რათა თავიდან იქნეს აცილებული რასისტულ და ქსენოფობიურ ნიადაგზე ნებისმიერი ძალადობის გამოვლინება.

მარშის მსვლელობისას ვხვდებოდით დაბნეულ ტურისტებს. ზოგიერთმა მათგანმა საერთოდ არ იცოდა მსვლელობის მიზეზი, ზოგი კი გაკვირვებული იყო აქციის მოტივით.

მათი ნაწილი მსვლელობის დასრულებამდე აღმაშენებლის გამზირზე მდებარე რომელიმე კაფეს, ან რესტორანს აფარებდა თავს. უცხოელ მოქალაქეებს, მათ შორის, ტურისტებს, მარშის შესახებ ინფორმაცია აქციის ორგანიზატორებმა არაბულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე მიაწოდეს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ