ჩეჩენი ზელიმჰან ელიევიჩის წარუმატებელი გატაცების ისტორია პეტერბურგში" />

რუსეთში ჩეჩენი ჰომოსექსუალების დევნა გრძელდება

ჩეჩენი ზელიმჰან ელიევიჩის წარუმატებელი გატაცების ისტორია პეტერბურგში

REUTERS/Maxim Shemetov 

„ნოვაია გაზეტას“ მასალის მიხედვით

სანკტ-პეტერბურგში ახლახან სცადეს 20 წლის ჩეჩენი ზელიმჰან ელიევიჩის გატაცება, რომლის მიმართაც სამშობლოში ჰომოსექსუალური ორიენტაციის შესახებ ეჭვი არსებობს.  

ზელიმჰანი სახლიდან ნაგვის გასატანად გავიდა, რა დროსაც მას თავს დაესხა ოთხი ადამიანი, რომლებმაც ის მანქანაში ძალით ჩასვეს და მიიყვანეს ჰოსტელში, სადაც მას მამა ელოდებოდა. ზელიმჰანის მეგობარმა მოახერხა, რომ მომხდარის შესახებ რუსული ლგბტ ქსელის სამართალდამცავებისთვის ეცნობებინა. ისინი ადვოკატთან ერთად შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, მონახეს და დაკითხეს მოწმეები, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებას მიმართეს –  პოლიციამ აჰმადოვის ადგილსამყოფელი სწრაფად დაადგინა, რისი წყალობითაც, ზელიმჰანი და მისი მამა უკვე რამდენიმე საათში ჩვენების მისაცემად განყოფილებაში მიიყვანეს.

მათ პოლიციაში ხუთ საათზე მეტი გაატარეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ზელიმჰანის მამა ცდილობდა, შვილი ეიძულებინა, რომ მას ვიდეოგანცხადება გაეკეთებინა, რომლითაც ზელიმჰანს მისი გატაცების მცდელობა და საკუთარი სექსუალური ორიენტაცია უნდა უარეყო.

შეტყობინება, რომელიც ზელიმჰანის ნომრიდან რუსეთის ლგბტ ქსელის თანამშრომელმა მიიღო. ფოტო „ნოვაია გაზეტას“ ვებგვერდიდან

ვიდეოუარყოფა – ეს არის მეთოდი, რომლითაც ჩეჩნეთის ხელისუფლება საკუთარი მისამართით არსებულ ბრალდებებს ებრძვის. ცნობილია ათობით შემთხვევა, როდესაც ჩეჩნეთის ხელისუფლების კრიტიკოსები შემდეგ საკუთარი სიტყვებისთვის საჯაროდ ბოდიშს იხდიან – არა საკუთარი ნებით, არამედ ზეწოლის შედეგად. უფლებადამცავებმა ზელიმჰანს ამგვარი ვიდეოჩანაწერის შედეგები განუმარტეს: ამის შემდეგ საეჭვოა, რომ ის  ვინმეს დაეცვა ჩეჩნეთში ჩაყვანისა და ეგრეთ წოდებული „ღირსების მკვლელობისგან“, რომლისკენაც ჩეჩნეთის ხელისუფლება მის ნათესავებს უბიძგებდა. ზელიმჰანმა ვიდეო არ ჩაწერა.

ლგბტ-ქსელის მონაცემებით, ამჟამად ზელიმჰანი უსაფრთხოდ, დაცვის ქვეშ იმყოფება. მის საქმეზე ადვოკატი მუშაობს.

ცხრა თვის წინათ ის მშობლიური სახლიდან სწორედ იმ მიზეზით გაიქცა, რომ მის ნათესავებს (მამას და ძმას) მის მოკვლას აიძულებდნენ. ზელიმჰანის დევნა გეების წინააღმდეგ გამართული იმ ფართო კამპანიის ფარგლებში დაიწყო, რომელიც რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული. მიუხედავად იმ დიდი გამოხმაურებისა, რაც ერთი წლის წინათ სექსუალური ორიენტაციის გამო ჩეჩნეთში მამაკაცების დევნის გამოვლენილ ფაქტებს მოჰყვა, ეს დანაშაულები დღემდე გრძელდება. გამოძიების ნაცვლად, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ყველაფერი იღონა, რომ დანაშაულის კვალი დაეფარა, და დამნაშავეებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აერიდებინა. ყველა ფაქტისა და სამხილის გაქრობის კოლოსალურმა სამუშაომ, რომელიც ერთ წელიწადს გაგრძელდა, სამწუხარო შედეგამდე მიგვიყვანა: სამართალდამცავები გეების დევნის, მათ შორის – მკვლელობის შემთხვევების დაფიქსირებას აგრძელებენ.

ასე გახდა ცნობილი იანვარში მომღერალ ზელიმჰან ბაკაევის მკვლელობის შესახებ, რომელიც გასული წლის აგვისტოში მოსკოვიდან ჩეჩნეთში გაიტყუეს, გაიტაცეს და რამდენიმე თვის განმავლობაში გროზნოს საიდუმლო ციხეში ჰყავდათ დამწყვდეული. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბაკაევი მკვდარია.

ზელიმჰან ბაკაევი დაიკარგა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის მკვდარია. ფოტო „ნოვაია გაზეტას“ ვებ-გვერდიდან

ჩეჩნეთის მეთაურმა რამზან კადიროვმა 17 იანვარს საჯარო გამოსვლისას განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელისუფლებას ბაკაევის მკვლელობასთან კავშირი არ აქვს, და რომ ის ნათესავებმა მოკლეს: „ნუთუ მათ გვარში ნორმალური მამაკაცები არ ჰყავთ? მათ ხომ იცოდნენ, თუ რას სჩადიოდა მათი ნათესავი. არ უნდათ ამის თქმა, –  ჩვენ მოვკალით, ეს ჩვენი კაცია, და ეს ჩვენ გავაკეთეთო. მათ მშვენივრად იციან, თუ ვინ არის მათი ნათესავი. მერე იტყვიან, – ეს კადიროვმა გააკეთაო. საიდან უნდა ვიცოდეთ, სად არის? რატომ გინდათ, რომ თქვენს გარჩევებში ჩაგვითრიოთ?“

იმ ცხრა თვის განმავლობაში, რაც ჩეჩნეთიდან გაქცეული ზელიმჰანი იმალება, ეს მისი გატაცების უკვე მეხუთე მცდელობაა. ის სიჯიუტე, რასაც მისი ნათესავები მისი ძებნისას იჩენენ, მათ პირსისხლიანობაზე მეტად იმაზე მეტყველებს, რომ ისინი საშინელი არჩევანის წინაშე ჰყავთ დაყენებული: ზელიმჰანის „პრობლემა ან თავადვე უნდა გადაწყვიტონ“, ან ისინი ჩეჩნეთში საკუთარ მდგომარეობას დაკარგავენ და სასამართლოს გარეშე ანგარიშსწორებას დაექვემდებარებიან.  

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ