კაფეების მფლობელებმა საპროტესტო აქციები ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაიწყეს, " />

სომხეთში გადასაადგილებელი კაფეების გაუქმებას, მფლობელების პროტესტი მოჰყვა

კაფეების მფლობელებმა საპროტესტო აქციები ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ დაიწყეს,

ერევნის მერიამ გადაწყვიტა, რომ „ბორბლებიანი“ გადასაადგილებელი კაფეები გააუქმოს. ისინი ბოლო ხანს უფრო მომრავლდა და მათ ქალაქის სხვადასხვა ნაწილში შეხვდებით. მერის განკარგულებით, 47 ბორბლებიანი კაფე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. კაფეების მფლობელები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან, მთელი კვირა აქციებს აწყობენ და ახლა საპროტესტო აქცია უკვე მთავრობის შენობასთან გამართეს.

ისინი საპროტესტო აქციების გაგრძელებას მანამდე აპირებენ, ვიდრე პრემიერ-მინისტრს ან მის წარმომადგენელს არ შეხვდებიან.

ერევანში უკანონო მშენებლობას ომი გამოუცხადეს

რით არიან უკმაყოფილოები პროტესტის მონაწილეები

კაფეების მფლობელები და თანამშრომლები, რომლებიც მთავრობის შენობის წინ შეიკრიბნენ, მერის მიერ ტრეილერებისთვის ელექტროენერგიის გამორთვის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. ქალაქის ხელისუფლებამ მობილური კაფეების მუშაობის შეზღუდვა სწორედ ამგვარად გადაწყვიტა.

კაფეს მფლობელები აღიარებენ, რომ მათი საქმიანობა კანონით არ რეგულირდება. მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციის აუცილებლობას ათვითცნობიერებენ, ისინი მაინც მოითხოვენ, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე მათი საქმიანობა არ შეზღუდონ. სხვათა შორის, ეს ცვლილებები მერიის მიერ უკვე შემუშავებულია. მაგრამ კაფეების მფლობელები და თანამშრომლები მოითხოვენ, რომ მათ ასევე მისცენ საკუთარი წინადადებების წარდგენის და კანონზე მუშაობაში მონაწილეობის მიღების საშუალება.

„მოცემულ მომენტში 47 გადასაადგილებელ კაფეს საქმიანობა შეუჩერდა. 9 მათგანი უკვე ერევნის ცენტრიდან გავიტანეთ და ტერიტორიის დამოუკიდებლად განთავისუფლება შეგვიძლია. თუმცა, მერიას ვთხოვთ, რომ ასევე ანგარიში გაგვიწიოს, მათ შორის იმით, რომ ამ ბიზნესს მუშაობის შესაძლებლობა მანამდე მისცეს, ვიდრე ეს სივრცე საბოლოოდ არ დარეგულირდება“, – განაცხადა „გადასაადგილებელი კაფეების კავშირის“ ხელმძღვანელმა არენ მელიკიანმა.

კანონიერია თუ უკანონო მერიის ქმედებები?

კერძო მესაკუთრეები მერიის ქმედებებს იმ  მიზეზით მიიჩნევენ უკანონოდ, რომ მესაკუთრეები ყველა თავიანთ ვალდებულებას ასრულებდნენ – კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებებს.

 „მობილური კაფეები ბევრ წამყვან ქვეყანაში არსებობს. ჩვენ რატომ არ გვაძლევენ  მუშაობის უფლებას? რევოლუციის შემდეგ ამბობდნენ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ. მინდა მივხვდე, მათი გაგებით, ეს არის ყველაფრის გაკეთება“?– აღშფოთებული იყო  „გადასაადგილებელი კაფეების კავშირის“ ხელმძღვანელი.

პასუხად, ქალაქის მერიის ვაჭრობისა და მომსახურების სამმართველოს უფროსმა ოვიკ საფარიანმა განაცხადა:

 „ერევნის მერია ძველებურად დაინტერესებულია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით, თუმცა, არა – უკანონო საქმიანობის ხარჯზე, რამაც საბოლოოდ შეიძლება დედაქალაქის მაცხოვრებლებს ავნოს“.

პროტესტანტები ასევე უკანონოდ მიიჩნევენ ელექტროენერგიის გამორთვას, რადგან გადასაადგილებელ კაფეებს ელექტროენერგიის მიმწოდებელ ორგანიზაციასთან უშუალო შეთანხმება ჰქონდათ.

ამავდროულად, კაფეების უზრუნველმყოფელ ორგანიზაციაში „სომხეთის ელექტრონული ქსელები“ მიიჩნევენ, რომ მათი ქმედებები კანონის ჩარჩოებს არ სცდება:

 „ზოგიერთს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, სხვები ელექტროენერგიას შეთანხმების ვადების გასვლის შემდეგაც, ანუ უკანონოდ იყენებდნენ“.

რატომ „გადაჭრეს შუქი“

ყველაფერი ერევნის მერის აიკ მარუტიანის იმ განცხადებით დაიწყო, რომ ქალაქის ხელისუფლება, განსაკუთრებით ავტოსადგომებზე, ახალი ტრეილერი კაფეების გახსნის ნებას არ დართავს:

 „ქვეყანა უნდა განვითარდეს, წინ წავიდეს, და არა 90-იან წლებში დაბრუნდეს, როდესაც ვისაც სად რა უნდოდა, იქ დგამდა“.

მერიაში მიაჩნიათ, რომ ამ 47 მობილური კაფედან ბევრი უსაფრთხოების ტექნიკური ნორმების დარღვევით მუშაობს. ამასთან დაკავშირებით მათთვის ელექტროენერგის მიწოდების შეწყვეტა გადაწყდა.

ოპოზიციის მოსაზრება

გდასაადგილებელ კაფეებთან დაკავშირებული სიტუაცია ოპოზიციის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ქალაქის უხუცესთა საბჭოს, ანუ ქალაქის ხელისუფლების ფარაქცია „ლუის“-ის (შუქი) წარმომადგენლები ეთანხმებიან იმ აზრს, რომ ეს სფერო კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს. თუმცა, კაფეების მფლობელთა მსგავსად, ისინი არ ეთანხმებიან იმ მეთოდებს, რომელსაც ქალაქის ხელისუფლებამ მიმართა.

 „აუცილებელია თამაშის მკაფიო წესების შემოღება. და ჩვენ უკვე რამდენიმე კვირაა ვმსჯელობთ საკანონმდებლო ცვლილებებზე. თუმცა, ელექტროენერგიის გამორთვა და მსგავსი მეთოდები დაუშვებლად მიმაჩნია“, – უთხრა JAMnews-ს  ფრაქცია „ლუის“-ის წარმომადგენელმა დავიდ ხაჟაკიანმა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ