“37 წლის ნოემბერ-დეკემბერში ზოგჯერ დღეში 120 ადამიანს ხვრეტდნენ“" />

სტალინური რეპრესიები: გამოფენა ერევანში

“37 წლის ნოემბერ-დეკემბერში ზოგჯერ დღეში 120 ადამიანს ხვრეტდნენ“

ერევანში გაიხსნა გამოფენა „ანტისაბჭოელები“, რომელიც საბჭოთა კავშირში არსებული „დიდი ტერორის“ 80 წლისთავს მიეძღვნა.

როგორც ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში ამ წლებს სომხეთშიც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა; 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა პრესა წერდა, რომ სტალინის რეპრესიებმა უფრო მეტი სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე მეორე მსოფლიო ომმა, ანუ 20 მილიონზე მეტი.

საუბარია რეპრესიებზე, გადასახლებებსა და დახვრეტებზე, რაც 1937 წლის პერიოდში ხდებოდა, სტალინის სიკვდილამდე. გამოფენის ორგანიზატორების თქმით, რეპრესიებს ემსხვერპლა სომხეთის დაახლოებით 60 ათასი მაცხოვრებელი – ისინი გადაასახლეს, დახვრიტეს, ან ბანაკებში არსებული აუტანელი პირობების გამო დაიღუპნენ.

ეთნოგრაფი გარანუშ ხარატიანის თქმით, გამოფენის ექსპოზიციაში შეტანილია რეპრესიების მსხვერპლთა პირადი საქმეები, რომლებიც გამოძიების მიერ იყო შედგენილი და ოთხწლიანი თავდაუზოგავი მუშაობის შემდეგ, უზარმაზარი დოკუმენტური მასალა მიიღეს: „თითოეული მსხვერპლი – ადამიანური დანაკარგია. სტალინის რეპრესიების თითოეული მსხვერპლის ბიოგრაფია ჩვენთვის ძალიან ფასეულია“ – ეთნოგრაფმა ასევე აღნიშნა, რომ გამოფენის მიზანია – თანამედროვე ადამიანებს გააცნოს ის, რაც იმ წლებში ხდებოდა.

“ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით. მაგალითად, ერთ-ერთ დარბაზში წარმოდგენილია დეპორტაციის ფაქტები, რომლებიც სომხეთში 37 წელს დაიწყო. ამას ჯგუფური ხასიათიც ჰქონდა და ინდივიდუალურიც. წარმოდგენილია ასევე ყირიმელი სომხების გასახლებაც,  და მათიც, რომლებიც საბჭოთა კავშირის სხვა მხარეებში ცხოვრობდნენ… არის საკმაოდ ბევრი დოკუმენტი 49 წლის გადასახლებების შესახებ, მათ შორის აზერბაიჯანის, საქართველოს, ასევე კრასნოდარის შესაბამისი ჩინოვნიკების  შინაგან საქმეთა მინისტრების მოხსენებები იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანის დეპორტირება მოახდინეს მათ“, – თქვა გარანუშ ხარატიანმა.     

სომხეთის ეროვნული არქივის დირექტორმა ამატუნი ვირაბიანმა თქვა, რომ ძალადობას განიცდიდა საბჭოთა კავშირის ყველა ხალხი და ამ არაადამიანური ძალადობის მასშტაბები უბრალოდ წარმოუდგენელი იყო.

„რამდენად მტკივნეულიც არ უნდა იყოს ჩვენი ისტორია, მისი დავიწყება არ შეიძლება. უნდა ვიცნობდეთ ყველა მოქმედ პირს, ჯალათებსაც და მსხვერპლსაც. სტალინმა 1937 წელს საქართველოსა და სომხეთში ტერორი მოაწყო,  განსაკუთრებული გადაწყვეტილებები მიიღო ქურთებთან და პოლონელებთან მიმართებით. ძალადობამ არც ასაკი იცოდა და არც ეროვნება. იჭერდნენ, ხვრეტდნენ, მათ ცოლებსა და შვილებს კი, როგორც ხალხის მტრების ნათესავებს, ასახლებდნენ“, – ჰყვება ამატუნი ვირაბიანი.

ეროვნული არქივი თავისი გამოკვლევების შედეგებს ხუთ ტომად გამოაქვეყნებს და მასში  არამხოლოდ მსხვერპლთა, არამედ ჯალათთა  სახელებიც შევა.

 „გამჟღავნდება ყველა სახელი.  ადამიანებს ისტორია ნაწილობრივ კი არ უნდა წარუდგინო, არამედ მთლიანად. 37 წლის ნოემბერ-დეკემბერში ზოგჯერ დღეში 120 ადამიანს ხვრეტდნენ“, – თქვა ამატუნი ვირაბიანმა.


ასევე წაიკითხეთ