ახალი სატრანსპორტო გეგმის თანახმად, ერევანში სამჯერ ნაკლები ავტოსატრანსპორტო საშუალება იმოძრავებს" />

ერევანი უარს ამბობს მიკროავტობუსებზე. როგორია ახალი სატრანსპორტო სისტემა?

ახალი სატრანსპორტო გეგმის თანახმად, ერევანში სამჯერ ნაკლები ავტოსატრანსპორტო საშუალება იმოძრავებს

ახალი სატრანსპორტო ქსელის პროექტის მიხედვით, ერევანში ნაკლები სატრანსპორტო საშუალება იმოძრავებს. იგეგმება ტროლეიბუსების და ავტობუსების რიცხვის გაზრდა და მეტროს გააქტიურება. რაც შეეხება მიკროავტობუსებს, რომლებიც დღეს სომხეთის დედაქალქში მრავლად არიან, მათი საერთოდ გაუქმება იგეგმება.

ახალი სატრანსპორტო გეგმის თანახმად, მოქმედი სატრანსპორტო საშუალებების და მარშრუტების რიცხვი თითქმის სამჯერ შემცირდება:

  • 115 მარშრუტის მაგივრად იმოქმედებს მხოლოდ 42
  • 2039 სატრანსპორტო საშუალების მაგივრად, ქალაქში იმოძრავებს 939.

პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ სატრანსპორტო საშუალებების შემცირება დედაქალაქში გადაადგილების პრობლემას კი არ შექმნის, პირიქით, უფრო ეფექტურს გახდის. მათი თქმით,  მოქმედი სისტემისგან განსხვავებით, ახალი გეგმით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებები ერთმანეთს შეავსებენ.

„სატრანსპორტო საშუალებები დედაქალაქის ყველა რაიონისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი იქნება და მგზავრების უსაფრთხო, საიმედო და ღირსეულ მომსახურებას უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ერევნის ვიცე-მერმა ვაგე ნიკოიანმა.

მისი თქმით, ერევანში შემოვა ახალი, ე.წ. გადაბმული ავტობუსები, რომელთა სიგრძეც 18 მეტრია 150 მგზავრამდე იტევს. ასევე  ექსპლუატაციაში შევა 12 მეტრიანი ავტობუსები, რომლებიც 90-100 მგზავრზეა გათვლილი.

„ამოქმედდება ბილეთების საერთო ელექტრონტული სისტემა. დაინერგება სატელეფონო აპლიკაციები, სადაც ჩატვირთლი იქნება ავტოტრანსპორტის განრიგი, ასევე გამოყენებული იქნება საბილეთო და საგადასახადო ტერმინალები, გადახდა გაკონტროლდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით“, – აღნიშნა ნიკოიანმა.

ერევნის ახალი სატრანსპორტო პროექტის ავტორია საკონსალტინგო კომპანია WYG.


ასევე წაიკითხეთ