მერიისთვის ისიც კი უცნობია, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ შენობებში, რომლებიც სიცოცხლისთვის სახიფათოა " />

ერევანში ავარიული შენობების მცხოვრებლებს წასასვლელი არსად აქვთ

მერიისთვის ისიც კი უცნობია, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ამ შენობებში, რომლებიც სიცოცხლისთვის სახიფათოა

ერევნის ყველა მერი ერთმანეთის მიყოლებით დებდა დედაქალაქში მდგარი ავარიული შენობების დანგრევისა და მათი მცხოვრებლების ნორმალური ბინებით დაკმაყოფილების პირობას. თუმცა, ვერცერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ამ პრობლემის საბოლოოდ გადაწყვეტა. ქალაქში ჯერ კიდევ დგას შენობები, რომლებიც დასანგრევია, მათგან ასზე მეტი – სიცოცხლისთვის სახიფათოა, მაგრამ იქ ისევ ცხოვრობენ ადამიანები – მათ შორის, ბავშვები და მოხუცები.

ცხოვრება ავარიულ შენობებში 

„როგორც კი წვიმა იწყება, ბავშვები სათლების მოსატანად გარბიან და ოთახებში ალაგებენ, მე კი გადასაფარებელს ვაფარებ ტახტსა და ლოგინებს. შემდეგ მეზობლები მოდიან და ბავშვები მიჰყავთ თავისთან ღამის გასათევად, რათა სახლში არ დარჩნენ და არ დასველდნენ. ორი ტელევიზორი გვქონდა – ნაცნობებმა გვაჩუქეს, მაგრამ ჭერიდან იმდენი წყალი ესხმებოდა, რომ ორივე გაფუჭდა“, – გვეუბნება კრისტინე კარაპეტიანი, რომელიც ავარიულ შენობაში ცხოვრობს.

კრისტინე 35 წლისაა. ცხოვრების ნახევარზე მეტი ამ შენობაში გაატარა. ადრე ეს კორპუსი რობოტმშენებელი ქარხნის სახანძრო სამსახურს ეკუთვნოდა. საწარმოს „მარსი“ ეწოდებოდა. უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, ამ მესამე ხარისხის ავარიულ შენობაში ადამიანები ცხოვრობენ.

ის დედაქალაქის გარეუბანში, მალათია-სებასტიას რაიონში დგას. იქ მისასვლელად საჭიროა ერთ-ერთი სამარშრუტო ხაზის ბოლო გაჩერებამდე მისვლა, რამდენიმე ასეული მეტრი დაუსახლებელი ტერიტორიის გავლა, რომელიც ნაგავსაყრელს ჰგავს და სადაც ქუჩის ძაღლები დაძრწიან.

ეს შენობა საცხოვრებელი სახლის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, რამდენადაც ქარხნის ქვეშ აშენდა. და მიუხედავად იმისა, როგორი მოუხერხებელი და ავარიულია, აქ დაახლოებით 40 ოჯახი ცხოვრობს. ადამიანები ამ შენობას „ჰაერში ჩამოკიდებულს“ უწოდებენ, რამდენადაც სახელმწიფო უწყებები, აბსოლუტურად არცერთი, არ თანხმდება ამ პრობლემით დაკავებას.

კრისტინე აქ თავის მშობლებთან ერთად მაშინ დასახლდა, როდესაც 17 წლის იყო. იხსენებს, რომ, როდესაც გადმოვიდნენ, შენობაში მხოლოდ 30 ადამიანი ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში მათი რიცხვი გაიზარდა – ცხოვრების დონე კი გაუარესდა.

აქვე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, აქვე დაიბადა კრისტინეს ექვსი შვილი – ოთხი გოგონა და ორი ბიჭი. ჯერჯერობით ყველა მათგანი არასრულწლოვანია. 

რვასულიანი ოჯახი ერთ, 18 კვ.მ ფართობის ოთახში ცხოვრობს. ეს ერთდროულად მისაღებიცაა და საძინებელიც. ოჯახის ყველა წევრი, ღამე, რაღაცნაირად ახერხებს დაძინებას ერთ ტახტსა და ერთ ლოგინზე. ბინაში სანგანყოფილებაცაა, რომელშიც მხოლოდ უნიტაზი დგას, ნიჟარა და შხაპი – არა.

ეს შენობა არასოდეს გაურემონტებიათ – კედლები და ჭერი დიდი ხანია დაბზარულია.

ელექტროსადენები მთელ შენობასა და ზოგიერთ ბინაში არანაირად არ არის დამაგრებული და დაფარული. ამან უკვე არაერთხელ გამოიწვია უბედური შემთხვევა. ჭერიდან ჩამოვარდნილი დაუცველი მავთულების გამო, რამდენიმე წლის წინ ტრავმა მიიღო კრისტინეს შვილმა. 11 თვის ბავშვმა მაშინ დენის დარტყმის შედეგად ორი თითი და ტუჩების ნაწილი დაკარგა. 

შენობის მცხოვრებლებს შორის ხშირად წარმოიქმნება ხოლმე კონფლიქტები სანგანყოფილებების გამო. ზოგიერთები უბრალოდ „მტრობენ“ ერთმანეთს იმიტომ, რომ მეზობლის სახლებში დაზიანებული მილებიდან წყალი მათ ბინებში ჩადის და კიდევ უფრო აფუჭებს ჭერს.
ყველაზე მეტად ავარიული შენობის მცხოვრებლები საკუთარ შვილებზე ნერვიულობენ. მუდმივად თან დაჰყვებიან, რომ ფრთხილად იმოძრაონ დანგრეულ კიბეებზე, მოერიდონ სართულებს შორის მორბენალ ვირთხებს და ასევე, ეზოში მოსეირნე ძაღლებსა და გველებს. 

„ბავშვები კი მთელი დღე თამაშობენ ამ ქვებსა და ნაგავში. იღლებიან, მაგრამ სათამაშო და სხვაგან წასასვლელი არსად აქვთ. ჩვენ კი ფული არ გვაქვს, რომ ისინი საქანელებსა და გასართობ პარკებში ვატაროთ. მე უკვე დავკარგე იმედი. ვფიქრობ, მთელ ცხოვრებას აქ გავატარებ“, – ამბობს კრისტინე.

სხვათა შორის, აქ მცხოვრები ადამიანები გაკვირვებულები იყვნენ იმით, რომ „ჟურნალისტმა გაბედა“ ფეხით მათ სახლამდე მისვლა და არ შეეშინდა ძაღლებისა და გველების.

თავად ისინი, მარტოები ამ გზის გავლას ერიდებიან. ყოველი თვის დასაწყისში, როდესაც სოციალური დახმარებების მიღების დრო დგება, მეზობლები იკრიბებიან და ამ გზას ერთად გადიან.

„მარსიანელები“ ცარიელი დაპირებებისგან დაიღალნენ 

„მარსის“ მცხოვრებლები ხუმრობენ: მათი შენობა მართლაც სხვა პლანეტაა, რომელიც დედამიწიდან სადღაც, ძალიან შორს მდებარეობს.

ყველა მათგანი აქ იძულებით დასახლდა. ზოგიერთმა მათგანმა რაღაც მიზეზით დაკარგა თავისი წინა საცხოვრებელი, ვიღაცას საერთოდ არ ჰქონდა. ისინი ჰყვებიან, რომ მიუხედავად ცუდი საცხოვრებელი პირობებისა, ბევრმა მათგანმა აქ საკუთარი ბედნიერება იპოვა და შექმნა ოჯახი – როგორც კრისტინემ.

ეს ადამიანები ყოველთვის მზად არიან, საკუთარ პრობლემებსა და საჭიროებებზე მოგითხრონ, სხვა შენობაში გადაცხოვრების სურვილზე, გამოსავლის მოძებნაზე – თუკი ვინმე მოუსმენთ.

ყველა ერთხმად იმეორებს, რომ უკვე დაკარგეს იმედი: აკაკუნებდნენ ყველა სახელმწიფო ინსტანციის კარზე. პასუხი ყველგან ერთი იყო: შენობა მათ დაქვემდებარებაში არ არის და ამიტომ, არ შეუძლიათ ინსპექციის ჩატარება და იმ საფრთხეების დადგენა, რომელიც მცხოვრებლების სიცოცხლეს ემუქრება.

ვინ უნდა გადაწყვიტოს ამ ხალხის პრობლემა? 

ამბობენ, რომ შენობაში დასახლება ეროვნული კრების სპიკერის, კარენ დემირჩიანის წინადადებით 1999 წელს დაიწყო. რობოტმშენებელი ქარხანა მისი ინიციატივით ჯერ კიდევ მაშინ აშენდა, როდესაც ის სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობას იკავებდა. დემირჩიანი გამოვიდა ინიციატივით, რომ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საცხოვრებლის პრობლემა ჰქონდათ, მიეცათ საშუალება, დაეკავებინათ ეს შენობები. მაგრამ ამ სახლის მცხოვრებლებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ იმ ბინების საკუთრების უფლება, რომლებიც უკვე დიდი ხანია დაკავებული აქვთ.

როდესაც JAMnews-ი შენობის შემდგომი ბედის შესახებ ინფორმაციის მიღებას შეეცადა, მერია დათანხმდა ამ შენობის მცხოვრებლებთან შეხვედრას. და აქ, ისინი დაადანაშაულეს იმაში, რომ იქ ცხოვრების წლების განმავლობაში, მათ „მთელი რიგი უკანონო ნაბიჯები“ გადადგეს, კერძოდ, რამდენიმე საყრდენი კედელი დაანგრიეს, რაც დაუშვებელია უსაფრთხოების კუთხით.

დაინტერესებულმა ადამიანებმა კითხვები ვერ დასვეს. მათ მხოლოდ ურჩიეს, რომ მიმართონ სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტს, რომლის ბალანსზეც აღნიშნული შენობა ირიცხება.

კომიტეტში კი განაცხადეს, რომ ეს ადამიანები იქ უკანონოდ ცხოვრობენ – საკუთრების უფლების გარეშე. გვითხრეს, რომ ამ ხალხს არაერთხელ მოუწოდეს საკუთარი ნებით შენობის დატოვებისკენ, რამდენადაც ის სიცოცხლისთვის სახიფათოა. თუმცა, მოწოდებები არ შეისმინეს – და მიზეზი მათთვის გასაგებია: ადამიანებს წასასვლელი არსად აქვთ. ასევე გაირკვა, რომ სახელმწიფო ქონების მართვის კომიტეტს ავარიული შენობების მცხოვრებლების სხვაგან გადაყვანის გეგმა არ აქვს, იმდენად, რამდენადაც ამისათვის ხელისუფლების გადაწყვეტილებაა საჭირო.

უცნობია, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ავარიულ შენობებში 

სიცოცხლისთვის ყველაზე საშიშია მე-3 და მე-4 ხარისხის ავარიული შენობები. ერევანში ამჟამად დასახლებულია:

• 107 შენობა მე-3 ხარისხის 

• 8 შენობა მე-4 ხარისხის. 

მერიას ინფორმაცია არ აქვს, რამდენი ადამიანი ცხოვრობს ავარიულ შენობებში. საქმე ისაა, რომ მათი რიცხვი მუდმივად იცვლება. შენობის აღწერიდან ერთი კვირის შემდეგაც კი შესაძლოა საგრძნობი ცვლილებები მოხდეს – ვიღაც ტოვებს იქაურობას, ვიღაც კი ცხოვრებას იწყებს.

უიღბლოებზე

აი, ერევანში, შირაკის ქუჩაზე, ერთ-ერთი სახლი, ავარიულობის მე-4 ხარისხით, რომელიც დანგრევას ექვემდებარება.

მცხოვრებთა სიტყვებით, მათ დიდი ხანია დაკარგეს იმედი, რომ სხვა სახლში გადაასახლებენ. ეს საკითხი მერიაში რამდენიმე წლის წინ განიხილებოდა. მაგრამ სახლის მცხოვრებლებმა და მერიამ რაღაც საკითხებზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოახერხეს. ამის შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებმა შენობის არსებობა დაივიწყეს და მისი ბინადრების გადასახლების პროექტიც გაურკვეველი ვადი შეაჩერეს.

იღბლიანებზე

ქალაქის ხელმძღვანელობა ბოლო თვეებია მსჯელობს არცახის ქუჩაზე მდებარე, ავარიულობის მე-4 ხარისხის მქონე მეორე შენობის მცხოვრებთა გადასახლებაზე. რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა, რომ ოჯახების დიდ ნაწილს – აქ მათი რიცხვი 81-ია – გადაასახლებენ ახალ ბინებში, საკუთრების უფლების გაფორმებით. დანარჩენებს დროებით გადაიყვანენ ბინებში, რომელთა ქირის საფასურს მერია მანამ გადაიხდის, სანამ მათთვის გათვალისწინებული სახლის მშენებლობა არ დასრულდება. ამის შემდეგ მერია მეზობლად, არცახის ქუჩის 10-ში მდებარე ავარიული სახლის მობინადრეთა გადასახლების პროცესის დაწყებას გეგმავს.

თუმცა უცნობია, საბოლოოდ როდის გადაწყდება პრობლემა და როდის გაასახლებენ ყველა ავარიული შენობის მცხოვრებლებს. ქალაქის ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა და გრაფიკი არ აქვს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ