ხელისუფლება ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრობს, ადგილობრივი მოსახლეობა კი თავიანთი საცხოვრებელი გარემოს შეუქცევად ცვლილებას ეწინააღმდეგება" />

ენერგეტიკა პროტესტის ფონზე – რატომ ეწინააღმდეგეებიან საქართველოს რეგიონებში ჰესების მშენებლობას?

ხელისუფლება ენერგოდამოუკიდებლობაზე საუბრობს, ადგილობრივი მოსახლეობა კი თავიანთი საცხოვრებელი გარემოს შეუქცევად ცვლილებას ეწინააღმდეგება

საქართველოს რეგიონებში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში დაიწყო. JAMnews გთავაზობთ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების და მოსახლეობის მხრიდან მათ წინააღმდეგ გამოსვლის მთავარი მიზეზების მიმოხილვას.

პროტესტი პანკისში ჰესების წინააღმდეგ. ფოტო: REUTERS/Ekaterina Anchevskaya

21 აპრილს, პანკისის ხეობაში 5,4 მგვტ-იანი „ხადორი-3“ ჰესის მშენებლობას ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 ადგილობრივი მცხოვრები.

დაპირისპირების შედეგად დაზიანებულია პოლიციის მანქანები და ჰესის მშენებელი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო ტექნიკა. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, ადგილობრივებმა კი სამართალდამცავებს ქვები დაუშინეს.

„ხადორი-3“ კომპანია „ალაზანი ენერჯი”-ს რიგით მესამე ჰესია ამ ხეობაში. მდინარე ალაზანზე უკვე აშენებულია “ხადორი-1” და “ხადორი-2”.

პროექტის თანახმად, ახალი ჰესის სოფელ ბირკიანთან უნდა აშენდეს და 4,5 კილომეტრის მანძილზე მდინარე ალაზნის წყლის 90% მილსადენში მოაქცევს.

პანკისელები შიშობენ, რომ მდინარეში წყლის შემცირება საძოვრებზე აისახება, საძოვარი კი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია – მოსახლეობის დიდი ნაწილი მესაქონლეობით ირჩენს თავს.

გარდა ამისა, არსებობს შიში, რომ ეს კიდევ უფრო გააუარესებს ხეობის სოფლებში სასმელი წყლის ისედაც მწვავე პრობლემას. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალი ჰესის მშენებლობის შემთხვევაში ტურიზმის განვითარებასაც შეეშლება ხელი.

21 აპრილს, ხეობაში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ადგილობრივებთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ ჰესის მშენებლობა შეჩერდება მანამდე, სანამ პროექტს მოსახლეობის 90% მაინც მხარს არ დაუჭერს.

• მთავრობა აპირებს მილიარდიანი ხუდონჰესი თავად ააშენოს. რატომ?

• სახელმწიფო შეძლებს ერთ თვეში ჩამოართვას ქონება მესაკუთრეს

რატომ სჭირდება საქართველოს ახალი ელექტროსადგურები (და სჭირდება თუ არა?) და რამდენად გამართლებულია მოსახლეობის შიში? JAMnews-ის კვლევა

შეტაკება პანკისის მოსახლეობასა და პოლიციის სპეცრაზმს შორის. ფოტო: REUTERS/Ekaterina Anchevskaya

რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს საქართველო, რამდენს აწარმოებს და საიდან ახდენს იმპორტს

2018 წელს საქართველომ 12 595 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, აქედან 1 508 მლნ კვტ.სთ სხვა ქვეყნებიდან იყო მიღებული. ამავე დროს საქართველომ ელექტროენერგია ექსპორტზეც გაიტანა – 588 მლნ კვტ.სთ-ი.

ამჟამად ქვეყანაში ელექტროენერგიას 86 ჰიდროელექტროსადგური, 5 თბოელექტროსადგური და ქარის 1 სადგური აწარმოებს.

იმის გამო, რომ საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი ჰიდროსადგურებზე მოდის, შიდა წარმოება სეზონურობით ხასიათდება: აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, როდესაც მდინარეებში წყლის დონე მაღალია, ელექტროენერგიის წარმოება მატულობს. მოხმარებაც ნაკლებია და შესაბამისად, ამ დროს ქვეყანას ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა შეუძლია.

სექტემბრიდან მარტის ჩათვლით, როდესაც მდინარეებში წყლის დონე კლებულობს, შიდა მოხმარება კი იზრდება, საქართველო ელექტროენერგიას მეზობელ ქვეყნებში – თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში ყიდულობს.

როგორც ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაცია მოწმობს, საქართველო ელექტროენერგიის ყველაზე დიდ ნაწილს აზერბაიჯანსა და რუსეთში ყიდულობს. შესაბამისად, იმპორტზე დამოკიდებულებაც სწორედ ამ ქვეყნების მიმართ იზრდება.

ეს არის ერთ-ერთი ის მთავარი მიზეზიც, რის გამოც ხელისუფლება მუდმივად ენერგოდამოიუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების აუცილებლობაზე აპელირებს.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთი საშუალება კი მცირე და საშუალო ჰესების მშენებლობაა.

ამჟამად სხვადასხვა კომპანიებთან 117 ჰესის მშენებლობაზე 84 მემორანდუმია გაფორმებული. გეგმის თანახმად, 2019 წელს ექსპლუატაციაში შევა 10 ჰესი, რომელთა ჯამური სიმძლავრე 94,8 მგვტ. იქნება.

რას ამბობენ გარემოსდამცველები?

ისინი ამბობენ, რომ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, თუმცა მოითხოვენ, რომ ქვეყანას ჰქონდეს ენერგეტიკის განვითარების გეგმა და ჰესები ამ გეგმის მიხედვით შენდებოდეს.

რაც მთავარია, ჰესები უნდა აშენდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების გაკეთების შემდეგ – იმისთვის, რომ ჰესმა გარემოს და ადგილობრივ მოსახლეობას რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს.

ამავე დროს ხელისუფლებამ ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიულ წყაროებზე – მზისა და ქარის ენერგიის ათვისებაზეც იფიქროს და მშენებლობებში ენერგოეფექტური მასალების გამოყენება წაახალისოს.

ზოგიერთი ექსპერტის აზრით, საქართველოში უკვე არსებობს უამრავი ჰესი, მათ შორის, საბჭოთა კავშირის დროს აშენებულებიც და ისინი გამოიმუშავებენ იმის მეოთხედს, რისი გამომუშავებაც რეაბილიტაციის შემთხვევაში შეუძლიათ.

კითხვებს ისიც ბადებს, რომ სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებები ხშირად არის გაუმჭვირვალე, ე.წ. გარანტირებული შესყიდვები კი ეჭვს იწვევენ. მაგალითად, ხელშეკრულების თანახმად “ხადორი-3”-ის მიერ გამომუშავებული 1 კვტ.სთ სახელმწიფომ 10 წლის განმავლობაში 5,4 აშშ ცენტად უნდა შეიძინოს, მაშინ, როცა სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი 1 კვტ.სთ დენის ფასი საშუალოდ 5 აშშ ცენტია.

ხუდონი

საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველი და ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია „ხუდონჰესის“ მშენებლობას მოჰყვა.

702-მეგავატიანი ხუდონჰესი, 200 მეტრამდე სიმაღლის კაშხლითა და 364 მილიონი კუბური მეტრი მოცულობის წყლის რეზერვუარით, ზემო სვანეთის სოფელ ხაიშში, მდინარე ენგურზე უნდა აშენდეს.

1300-მეგავატიანი ენგურჰესის შემდეგ ის საქართველოში სიმძლავრით მეორე ელექტროსადგური იქნება და წლიურად 1,5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. წინასწარი გათვლებით, „ხუდონჰესი“ საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების 20%-ს შეავსებს.

პროექტის ღირებულება 1 მილიარდი დოლარია. აქედან 600 მილიონი დოლარი კაშხლის მშენებლობას უნდა მოხმარდეს, 400 მილიონი კი მოსახლეობის განსახლებას და სხვა სოციალურ საჭიროებებს.

ჰესის მშენებლობისთვის 528 ჰექტარი მიწა უნდა დაიტბოროს. წყლით უნდა დაიფაროს ხაიში და მისი მიმდებარე რამდენიმე პატარა სოფელი, რასაც წინასწარი გათვლებით, იქ მცხოვრები 3000-მდე ადამიანის გადასახლება დასჭირდება.

აქცია ხაიშში ხუდონჰესისის წინააღმდეგ, 2013 წელი. გიორგი გოგუა, “ლიბერალი”

ჰესის მშენებლობის პირველი სამუშაოები 80-იანი წლების ბოლოს დაიწყო, თუმცა 1988 წელს საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილი „ხუდონჰესის“ მშენებლობას დაუპირისპირდა. იმ დროისთვის ჰესზე სამუშაოების 25 პროცენტი უკვე შესრულებული იყო, გაწეული ხარჯი კი 150 მილიონ მანეთს შეადგენდა.

სვანეთში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა შიმშილობა გამოაცხადეს, თბილისში კი მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მრავალათასიანი მიტინგები იმართებოდა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით, 1989 წელს „ხუდონჰესის“ მშენებლობა შეჩერდა.

“ხუდონჰესზე” 90-იანი წლების ბოლოს, საყოველთაო ენერგოკრიზისის ფონზე, კვლავ ალაპარაკდნენ, მაგრამ ძვირადღირებული პროექტისთვის რეალური ინვესტორი ვერ მოიძებნა.

სამაგიეროდ, ინვესტორი “ვარდების რევოლუციის” შემდეგ გამოჩნდა – პროექტი კომპანია „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედ“-თან შეთანხმდა. თუმცა სამშენებლო სამუშაოები არც სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაწყებულა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ოპოზიციაში ყოფნის დროს „ქართული ოცნება“ ამომრჩეველს დაპირდა, რომ საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა აიკრძალებოდა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ენერგეტიკის სამინისტროში „ხუდონჰესის“ ხელშეკრულების შემსწავლელი ჯგუფი შეიქმნა. ამ ჯგუფის დასკვნა ფართო საზოგადოებას დღემდე არ უნახავს.

2017 წელს ხელისუფლებამ „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა. მაშინდელმა ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ განაცხადა, რომ ჰესი მაინც აუცილებლად აშენდება, რადგან ის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და მას ბიუჯეტის ფულით თვითონ სახელმწიფო ააშენებს. თუმცა, ჰესის მშენებლობა ამ დრომდე არ დაწყებულა.

ნენსკრა და მესტიაჭალა

მოსახლეობა ნენსკრაჰესს და მდინარე მესტიაჭალაზე მშენებარე „მესტიაჭალა ჰესი-1″ და “მესტიაჭალა ჰესი-2”-საც აპროტესტებს.

მესტიაჭალაზე ჰესების მშენებლობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია, ჰიდროელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე კი 50 მგვტ-ი.

2017 წლის დეკემბერში ჰესის მშენებლებს ადგილობრივმა მოსახლეობამ გზა გადაუკეტა და მუშაობის საშუალება არ მისცა. აქცია 2018 წლის 31 მარტს განახლდა, როდესაც რამდენიმე ქალი საავტომობილო გზაზე დაწვა და მშენებელი კომპანიის ტექნიკას გადაადგილების საშუალება არ მისცა. ისინი აცხადებდნენ, რომ ჰესების მშენებლობამ მათ საცხოვრებელ გარემოს ზიანი უკვე მიაყენა და მშენებლობის ზონასთან ახლოს მჟავე წყლის წყაროები დაშრა.

მდინარე ნენსკრა. ფოტო: ამერიკის ხმა

დიდი საპროტესტო აქცია მოჰყვა მესტიაში ნენსკრაჰესის მშენებლობასაც. პროექტის თანახმად, მდინარე ნენსკრაზე 135 მეტრი სიმაღლისა და 820 მეტრი სიგრძის კაშხალი უნდა აშენდეს, 400 ჰექტარი ტყე და საძოვრები უნდა დაიტბოროს, ჭუბერის თემის სამი სოფლის მოსახლეობა კი გადასახლდეს. ადგილობრივები ჰესის ალტერნატიული გზით მშენებლობას ითხოვენ, ისე, რომ ხეობა არ დაიტბოროს.

2016 წლის 20 მაისს “ნენსკრა ჰესის“ მოწინააღმდეგეების აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა ძალის გამოყენებით დაშალა და რვა ადამიანი დააკავა.

2018 წლის მარტში, მესტიაში ლალხორი – სვანეთის თემების წარმომადგენელთა კრება გაიმართა და ჰესების მშენებლობის აკრძალვის შესახებ ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღო.

„ამიერიდან სვანეთში ჰესები აღარ აშენდება, მათ შორის ხუდონ ჰესი, ნენსკრა ჰესი, მესტიაჭალა ჰესი და ზემო სვანეთში დაგეგმილი სხვა 50-ზე მეტი ჰესი“, – ნათქვამია ლალხორის განცხადებაში.

დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ ანალოგიური შეკრება რაჭაშიც შედგა. ონში მცხოვრებმა მოსახლეობამ მდინარე რიონზე ორი ჰესის: ონი-1 და ონი-2-ის მშენებლობა გააპროტესტა. ამ ორი ჰესის ჯამური სიმძლავრე 206 მგვტ-ი იქნება.

ჰესების საწინააღმდეგო მოძრაობა მაღალმთიან აჭარაში

2019 წლის 9 თებერვალს, მაჭახელას ხეობაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობა – “სიტყვის კაცები” დაფუძნდა. მოძრაობაში მაჭახლის ხეობის ხუთი სოფლის მცხოვრებლები გაწევრიანდნენ. მათ პირობა დადეს, რომ არ მიჰყიდიან კუთვნილ მიწას ჰესის მშენებელ კომპანიას.

მდინარე მაჭახელაზე 30 მგვტ სიმძლავრის ჰესის აშენებას კომპანია „მაჭახელა ჰესი“ გეგმავს. ადგილობრივი მოსახლეობა ეკოტურიზმის განვითარებას და ეკოსოფლის აშენებას აპირებს. მათი აზრით, ჰესის მშენებლობა ამას ხელს შეუშლის.

ამას უკანასკნელ წლებში აშენებული ჰესების არასაიმედოობა ემატება. ექსპლუატაციაში გაშვებიდან ორი თვის შემდეგ, „შუახევი ჰესის“ ორი გვირაბი ჩამოიშალა. როგორც კომპანიაში განაცხადეს, ჩამოშლა “გაუთვალისწინებელმა გეოლოგიურმა პროცესებმა გამოიწვია.”

შუახევში ჰესის აშენებისთვის 400 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა და ამჟამად ის გაჩერებულია.

საპროტესტო აქციები იმართება შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულშიც. ადგილობრივები ამბობენ, რომ „შუახევი ჰესის” აშენების შემდეგ სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურდა, სახლები დაიბზარა და 40 ოჯახი სოფლიდან განსახლებას ელოდება.

ხელვაჩაურში კი კომპანია „აჭარენერჯიმ“, რომელიც „კირნათი ჰესს“ მართავს, მდინარე ჭოროხი ისე დააგუბა, რომ სოფლებში მარადიდსა და კირნათში მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთები წყალმა დაფარა.


ასევე წაიკითხეთ