ჯავახეთში შიშობენ, რომ არქეოლოგები სადავო ეკლესიაში სომხურ კვალს წაშლიან" />

“ეკლესიის წართმევას ხომ არ გვიპირებენ?”

ჯავახეთში შიშობენ, რომ არქეოლოგები სადავო ეკლესიაში სომხურ კვალს წაშლიან

სოფელ კუმურდოს ნახევრად დანგრეული ეკლესიის ეზოს დაჟანგული ჭიშკარი აქვს, რომლის უკან სხვადასხვა ზომის დახავსებული  ქვები ალაგია. ზოგიერთ მათგანზე ძველი ორნამენტები და წარწერებიც ჩანს.

ეკლესიის ირგვლივ ბალახი გამხმარია, აღმოსავლეთ კედელთან კი სამი ახალი ორმო ჩანს.

 

ეს ეკლესია დიდი ხანია, მოქმედი აღარ არის. აქ წირვა-ლოცვა აღარ ტარდება, მაგრამ ეს ერთადერთი ტაძარია სოფელში, რომელშიც ძირითადად სომხები ცხოვრობენ. სომხური სამოციქულო ეკლესიის დღესასწაულებზე სოფლის მოსახლეები ახალქალაქის რაიონის სხვა ეკლესიების მღვდლებს იწვევენ. ყოველ უქმე დღეს კი აქ იმისთვის იკრიბებიან, რომ ბიბლიის ნაწყვეტები მოისმინონ, რომლებსაც მათი თანასოფლელი ილია გაბრიელიანი საკუთარი ინიციატივით კითხულობს. ამ შეკრებაზე სოფლის მოსახლეობა რწმენისა და ადამიანური ყოფის სხვადასხვა საკითხზეც მსჯელობს.



სოფელი კუმურდო (ადგილობრივები მას გუმბურდოს ეძახიან) ახალქალაქიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. სოფლის მამაკაცების ნახევარხზე მეტი სამუშაოდ რუსეთშია წასული, დანარჩენები კი მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას მისდევენ. მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა სახელმწიფო ენა არ იცის.



ეს ეკლესია მეათე საუკუნეში წმინდა აღდგომის სახელზე აიგო და იმ ათეულობით ძეგლის სიაშია, რომლებიც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიასა და სომხურ სამოციქულო ეკლესიას შორის დავის საგანს წარმოადგენს. ამ ტაძარს ორივე მხარე საკუთარ სიწმინდედ მიიჩნევს.

კონფლიქტი გასულ ზაფხულს გამწვავდა, როდესაც კუმურდოში გათხრებისა და რესტავრაციის ჩასატარებლად თბილისიდან არქეოლოგები ჩავიდნენ. ეკლესიის ტერიტორიაზე არსებული ორმოები სწორედ იმ პერიოდიდანაა შემორჩენილი. 

თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ სამუშაოების ნამდვილი მიზანი ეკლესიიდან სომხური კვალის წაშლა იყო.

 სოფლის მოსახლეობამ უკმაყოფილება საპროტესტო წერილით გამოხატა, რომელიც ახალქალაქის ადმინისტრაციასა და სომხური სამოციქულო ეკლესიის ადგილობრივ ხელმძღვანელობას გადაუგზავნა.



ეკლესიის ეზოში ჩატარებულ სამუშაოებს კუმურდოს მოსახლეობამ ‘ვანდალიზმი’ უწოდა. მათი თქმით, გათხრების შედეგად ადგილობრივებმა  ნათესავების საფლავები დაკარგეს.

‘მას შემდეგ, რაც ქვები გაწმინდეს, თხრა გააგრძელეს და მიწიდან რამდენიმე მიცვალებულის თავის ქალა ამოიღეს, ყუთში ჩააწყვეს და ჩვენთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიღეს. ჩვენ – კუმურდოს მოსახლეები, საქართველოს პირველი პირებისგან და სულიერი წინამძღოლებისგან ჩვენი ნათესავების ძვლების წმინდა აღდგომის ეკლესიის სასაფლაოზე დაბრუნებას ვითხოვთ …,’- წერია წერილში, რომელსაც 180 ადამიანი აწერს ხელს. ხელმომწერები ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სასწრაფო საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ.

 

სომხური ეკლესია ამ წერილის კომენტირებისგან თავს იკავებს. JAMnews-თან საუბრისას რაიონის საკრებულოს დეპუტატმა, აშოტ საარიანმა კი თქვა, რომ ნაპოვნი ძვლები არქეოლოგებმა ისევ მიწაში ჩამარხეს.

‘მოსახლეობამ გათხრების ჩატარებაზე მხოლოდ ერთი პირობით განაცხადა თანხმობა – სამუშაოები მათ უნდა შეესრულებინათ და, ყველაფერი, რასაც აღმოაჩენდნენ, ბოლოს ისევ უკან ჩაემარხათ. გათხრები მხოლოდ ერთ დღეს გრძელდებოდა – ათ საათზე დაიწყო და საღამოს 5-6 საათზე დასრულდა. პროცესს ადგილობრივი მოსახლეებიც აკვირდებოდნენ’ – ამბობს აშოტ საარიანი. 
კუმურდოელები აღნიშნავენ, რომ გათხრებს დაესწრნენ, მაგრამ მომხდარს სხვანაირად აღწერენ.

‘რუკებით მოვიდნენ. კარგად იცოდნენ, სად რა უნდა ეძებნათ. ყველაფერი, რაც ამოთხარეს, თან წაიღეს. უკან არაფერი ჩაუმარხავთ. ქვა მოტეხეს და წაიღეს. სად წაიღეს? რატომ? მოდიან და ყოველ ჯერზე რაღაც მიაქვთ,’ – ამბობს ვრეჟ კურგინიანი, რომელიც გათხრებს დაესწრო.

‘ხალხს აინტერესებს, რატომ არ მიდიან მეზობელ სოფლებში და იქაურ დანგრეულ ეკლესიებს რატომ არ უტარებენ რესტავრაციას. რატომ მოდიან მაინცდამაინც კუმურდოს ეკლესიაში? აქ ჩვენი საფლავები და სიწმინდეებია. ჩვენ აქ ვლოცულობთ და სანთლებს ვანთებთ. ისინი კი, სალოცავად კი არა, მიწის საჩიჩქნად, დასანგრევად და ადამიანების გასაღიზიანებლად მოდიან,’ – ამბობს კუმურდოს მცხოვრები არარატ საარიანი.



რესტავრაციისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მისაღებად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს სახელზე მიმართვა დავწერეთ. პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

კუმურდოში ‘თბილისელი სტუმრების’ ვიზიტს აქამდეც მტკივნეულად აღიქვამდნენ. თბილისიდან ჩასულ არქეოლოგებს ეკლესიის რესტავრაციის მცდელობა 90-იანი წლების დასაწყისშიც ჰქონდათ, მაგრამ სოფლის მოსახლეები მაშინაც ეკლესიის ‘დასაცავად’ დადგნენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ რესტავრაციის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, მაგრამ მოითხოვენ, რომ ამ პროცესში სომხური სამოციქულო ეკლესიაც ჩაერთოს.


ასევე წაიკითხეთ