ფესტივალის პროგრამაში – 19 ფილმია, რომლების ნახვაც უფასოდ შეიძლება " />

ევროპული კინოს ფესტივალი ბაქოში: ჰოლანდიური კატა, უნგრული ცხენი და „უჩინარი“ ფრანგი მხატვარი

ფესტივალის პროგრამაში – 19 ფილმია, რომლების ნახვაც უფასოდ შეიძლება

ბაქოში გაიხსნა ევროპული კინოს IX ფესტივალი, რომელიც ევროკავშირის აზერბაიჯანული წარმომადგენლობის მიერ არის ორგანიზებული. ის 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში ბაქოს საზოგადოება 19 შედარებით ახალი ევროპული ფილმის ნახვას შეძლებს.

აი, მაგალითად, ზოგიერთი მათგანი:

დოკუმენტური ფილმი „ველური ამსტერდამი“ ფესტივალზე ნიდერლანდებიდან რეჟისორ მარკ ვერკერთან და პროდიუსერ იგნას ვან სჰაიკთან ერთად ჩამოვიდა. ფილმი ქალაქ ამსტერდამის ცხოველებზე გვიამბობს, მაგრამ არა ჩვეულებრივი ბუნების შესახებ შექმნილი დოკუმენტური ფილმის სტილში: ამბავს კატა გვიყვება. მისგან ვიგებთ, თუ როგორ ცხოვრობენ ქალაქში ციყვები, მტრედები,ამსტერდამის ცნობილი არხების წყალზე მცურავი ფრინველები და კიბორჩხალებიც კი.

რეჟისორების თქმით, მხოლოდ ფილმისთვის მზადებას – ეკოლოგებთან და სხვა სპეციალისტებთან კონსულტაციებს – ნახევარი წელიწადი დასჭირდა. ფილმი ძალიან სანახაობრივი, დინამიკური და თანამედროვე გამოვიდა. მაგალითად, საგანგებო მანქანის საშუალებით არხის ფსკერიდან ველოსიპედების ამოღება თრილერის სცენასავით გამოიყურება, რადგან ეს ფსკერზე მცხოვრები კიბორჩხალებისთვის ნამდვილი დრამაა.

ფილმი „კინჩემი“ წარმოშობით უნგრეთიდანაა და მისი მოქმედება ასევე ცხოველის გარშემო ვითარდება – დოღის ცხენის, რომელიც ერთ არისტოკრატს ეკუთვნის, და რომელიც იძულებულია, რომ თავი დოღით ირჩინოს. თუმცა, სინამდვილეში ეს ფილმი იპოდრომზე ცხენების შეჯიბრს არ ეხება, არამედ ავსტრიის იმპერიის მაღალი წრის წარმომადგენელთა დაპირისპირებას; უნგრეთი კი ამ იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. და ვიდრე ახალგაზრდა არისტოკრატი თავდავიწყებით ებრძვის ავსტრიის არმიის ოფიცერს, ის სწორედ ამ ოფიცრის ქალიშვილს შეუყვარდება – ემანსიპირებულ კლარას, რომელიც თავის მხრივ, საკუთარი ბედის განკარგვის უფლებისთვის იბრძვის.

გერმანელი რეჟისორის კრისტიან პეტცოლდის „ბარბარა“ დრამაა, რომელიც 2012 წელს არის გადაღებული, და რომელმაც მაყურებელი 1980-იან წლებში დააბრუნა, როდესაც გერმანია ჯერ კიდევ ბერლინის კედლით იყო გაყოფილი. მთავარი გმირი ქალი გდრ-ში ცხოვრობს და იქიდან წასვლაზე ოცნებობს. მას გამუდმებით უთვალთვალებენ, და იძულებულია ღრმა პროვინციაში იმუშაოს და თან მეთოდურად ამზადოს გაქცევის გეგმა; და თითქოს, მას ხელს ვერაფერი შეუშლის, ყოვლისშემძლე შტაზიც კი; ვერაფერი – გარდა კოლეგისადმი მოულოდნელად და უდროოდ აღმოცენებული გრძნობისა.

აიგარს გრაუბის ლატვიური ფილმი „ოცნების გუნდი 1935“ 2012 წელს არის გადაღებული, და ასევე დროში მოგზაურობას გვთავაზობს. ოღონდაც უფრო შორს – უძველეს 1935 წელში, როდესაც ჟენევაში ევროპის პირველი კალათბურთის ჩემპიონატი ჩატარდა. მასში მონაწილეობა თითოეული ეროვნული ნაკრებისთვის სპორტის ისტორიაში შესვლის საუკეთესო შანსი იყო. ამ შანსით სარგებლობა ასევე ლატვიის ნაკრებსაც სურდა. მაგრამ ახალგაზრდა მწვრთნელი ბაუმანისი ხვდება, რომ მეტოქეზე გამარჯვებისკენ კი არ უნდა მიისწრაფოდე, არამედ პირველ რიგში – საკუთარ თავზე გამარჯვებისკენ.

„ ხალიმას გზა“ – ხორვატი რეჟისორის არსენ ანტონ ოსტოიჩის ნამუშევარია, რომელიც მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ ომს – ყოფილ იუგოსლავიაში ომს ეძღვნება. ფილმის მოქმედება ომისშემდეგომ ბოსნიაში ვითარდება. ქალი , სახელად ხალიმა, რომელმაც ქმარი და ვაჟი დაკარგა, მათი ნაწილების პოვნასა და ნორმალურად დამარხვაზე ოცნებობს. ამის გაკეთება კი მხოლოდ დნმ-ს ანალიზით შეიძლება. და თუკი ქმარი საკმაოდ სწრაფად მოიძებენება, ვაჟთან დაკავშირებით სიძნელეები ჩნდება. ახლა ხალიმეს რთული გზის გავლა მოუწევს, რომ იმ ბიჭის ბიოლოგიური დედა მოძებნოს, რომელსაც საკუთარი შვილივით ზრდიდა. მისი ნაწილების იდენტიფიცირება მხოლოდ ამის წყალობით ხდება შესაძლებელი.

ომსა და მის შედეგებს ეძღვნება ასევე ფრანგული ფილმი „იქ, ზემოთ შეხვედრამდე!“. მაგრამ აქ საქმე პირველ მსოფლიო ომს არ ეხება. ისტორია მისი ბოლო დღეებიდან იწყება, როდესაც ორი ახალგაზრდა ჯარისკაცი – მხატვარი მდიდარი ოჯახიდან – ედუარდი, და ბანკის ყოფილი მუშაკი ალბერი – იძულებულები არიან, გარეწარი კაპიტნის ბრძანებით, თავი სასიკვდილო საფრთხეში ჩაიგდონ. ედუარდი ალბერს გადაარჩენს, რა დროსაც საკუთარ სახეს დაიმახინჯებს, და ეს შემთხვევა მეგობრებს სამუდამოდ მტკიცედ აკავშირებს: ახლა ედუარდი – „უჩინარი“ მხატვარია, ალბერი კი – მისი იმპრესარიო.

უშუალოდ ფილმების ჩვენებების გარდა, ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებულია ევროპელი რეჟისორების მონაწილეობით მასტერ-კლასები და განხილვები.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ