ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. რა თქვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და საქართველოს პირველმა პირებმა" />

დონალდ ტუსკი: მივმართავ საქართველოს მოქალაქეებს, არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ

ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. რა თქვეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და საქართველოს პირველმა პირებმა

 ბათუმი საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს, რომლის მონაწილეები ევროკავშირისა და სხვადასხვა ქვეყნების უმაღლესი და პირები, მათ შორის ევროპული აბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკია.

• პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: დარტყმები ოლიგარქზე ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან

ფეისბუკ-ტროლები და ყალბი მედია-გვერდები. როგორ ებრძვის საქართველოს ხელისუფლება მომიტინგეებს

მაღალი რანგის ევროპელის ჩინოვნიკების სტუმრობა და საქართველოს ევროატლანტიკური კურსის ხაზგასმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველო-რუსეთის ურთიერთობების ბოლოდროინდელი  გამწვავების ფონზე. 

კონფერენციაზე გამოსვლისას დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველოს სოლიდარობა სჭირდება პირველ რიგში ქვეყნის შიგნითაც. “დემოკრატია არის განვითარებისათვის და არა იმისათვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები,” – თქვა მან.

საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ თავის გამოსვლაში კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებით ახალ ჰუმანიტარულ პროექტებზე ისაუბრა და ამ საკითხში ევროკავშირს დახმარება სთხოვა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი, აღნიშნა, რომ საქართველო უფრო მეტ მხარდაჭერას ელის ევროპისგან, როდესაც საქმე ოკუპაციას ეხება. 

____________________

“მოდით, ნუ დავმალავთ, არის ბევრი ადამიანი ევროკავშირში, რომელიც ეჭვით უყურებს საქართველოს”

დონალდ ტუსკი და მამუკა ბახტაძე. ფოტო: საქართველოს მთავრობის ფეისბუკ-გვერდი

კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა“ ჰქვია და იგი „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა და საქართველოს პრეზიდენტმა.

დონალდ ტუსკი რუსეთის მიერ საქართველოსთან ავიამიმოსვლის შეზღუდვას გამოეხმაურა და თქვა, რომ ვლადიმირ პუტინის ეს გადაწყვეტილება იყო “დისპროპორციული, უსამართლო და არაფრითაა გამართლებული“.

მან აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა პოზიტიური მოვლენა იყო. ამ კონტექსტში ტუსკმა რუსეთის პრეზიდენტის სიტყვები გაიხსენა:

“გახსოვთ ალბათ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, დროა აღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი იყო უდიდესი შეცდომა ამ ეპოქისო. მე დღეს ძალიან ხმამაღლა მინდა განვაცხადო ამ ტრიბუნიდან, რომ საბჭოთა კავშირის კოლაფსი და დანგრევა იყო ძალიან დიდი პოზიტიური მოვლენა საქართველოსთვის, პოლონეთისთვის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის და დარწმუნებული ვარ თვით რუსეთისთვისაც კი,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა.

მან თქვა, რომ ” საქართველოს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ბრიუსელის სოლიდარობის იმედი”, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა:

“საქართველოს სოლიდარობა სჭირდება ქვეყნის შიგნითაც. დემოკრატია არის განვითარებისათვის და არა იმისათვის, რომ წარმოქმნას სამოქალაქო დაპირისპირებები და ომები”. 

მან ასევე მიანიშნა, რომ არიან ძალები, რომლებსაც საქართველოს და ქართული საზოგადოების დაყოფა სურთ:

” მე მოგმართავთ თქვენ, არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა,“ – განაცხადა დონალდ ტუსკმა და სიტყვით გამოსვლა ქართულად დაასრულა სიტყვებით „გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“ – ასე დაასრულა მან თავისი გამოსვლა. 

კიდევ ერთი ქართული ფრაზა მის გამოსვლაში ვაჟა-ფშაველას სიტყვები იყო. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ვაჟა-ფშაველას ცნობილი წერილიდან „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“ ციტატა ქართულ ენაზე წაიკითხა.

„მინდა გავიხსენო ვაჟა-ფშაველა, ერთ-ერთი უდიდესი კლასიკოსი და მისი სიტყვები პატრიოტებსა და კოსმოპოლიტებზე: “ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია,- ამბობდა ვაჟა” – თქვა ტუსკმა. 

რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ამბობს,  ამ საკითხს ევროპაში ბევრი სკეპტიკოსი ჰყავს:

“მოდით, ნუ დავმალავთ იმ ფაქტს, რომ ეს შეკითხვა კვლავაც რჩება დღის წესრიგში – არის ძალიან ბევრი ადამიანი ევროკავშირში, რომელიც ეჭვით უყურებს ამ გაფართოებას,” – თქვა მან და ხაზი გაუსვა, რომ თავად მსგავსი ეჭვები არ აწუხებს, თუმცა “ასეთი რამეები [ევროკავშირის წევრობა] ერთ დღეში არ ხდება”. 

მისი თქმით, საქართველოს აქვს დიდი პრობლემები უსაფრთხოების კუთხით:

„ძალიან სერიოზული უსაფრთხოების პრობლემები და გამოწვევები არსებობს პარტნიორ ქვეყნებში. საქართველო უნდა ვახსენო, როგორც ქვეყანა, რომელსაც ეს უსაფრთხოების საკითხები ძალიან დიდ გამოწვევად უდგას”.

მან ასევე დადებითად შეაფასა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების გადაწყვეტილება  და თქვა, რომ ეს უფრო აახლოებს საქართველოს ევროპულ ღირებულებებთან.

დონალდ ტუსკთან ერთად სტუმრებს შორის არიან ევროკომისარი ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდესი, ასევე პოლონეთის, შვედეთის, უნგრეთის, სომხეთის, ბულგარეთის, ჩეხეთის, მოლდოვას, ალბანეთის, ბელორუსის, აზერბაიჯანის, სერბეთის, გერმანიის,რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და მთავრობის სხვა წევრები.

მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავარი გამოწვევაა ოკუპაცია და სიღარიბე

კონფერენციაზე სიტყვის გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. პრემიერმა ბახტაძემ თქვა, რომ საქართველოს ორი მტერი ჰყავს – რუსული ოკუპაცია და სიღარიბე.

პრემიერმა ევროპულ თანამეგობრობას თხოვა, დაეხმარონ საქართველოს ხელისუფლებას კონფლიქტის ზონებში მცხოვრები ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში.

“საქართველოს შუაგულში გაგვაჩნია რუსული უკანონო ბაზები და ყოველდღიურად მოტაცების, წამებისა და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობებს ვაწყდებით… ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ არამხოლოდ საქართველო უნდა დადგეს ამის პირისპირ, არამედ ეს გახლავთ ჩვენი ევროპული ამოცანა, დავაკავშიროთ ერთმანეთთან გამყოფი ხაზებით გაყოფილი ოჯახები. ჩვენი ამოცანა გახლავთ, რომ მივაწოდოთ მცხოვრებლებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჯანდაცვისა და განათლების საშუალება. საშუალება ასევე მიკრობიზნესის წარმოებისათვის, რათა მათ თავიანთი ოჯახების გამოკვება შეძლონ. ეს გახლავთ ახალი ინიციატივები უკეთესი მომავლისთვის და გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა, ევროპის მხარდაჭერა, რათა აღნიშნული პროექტი განხორციელდეს,” – თქვა პრემიერმა.

სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის დახმარება, რომ გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა

საქართველოს პრეზიდენტი. ფოტო: სალომე ზურაბიშვილის ფეისბუკ-გვერდი

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს მხარდაჭერისთვის, თუმცა თქვა, რომ საქართველო უფრო მეტს ელოდება დასავლეთისგან, როცა საკითხი ოკუპაციას ეხება. ამ კონტექსტში მან პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებიც ახსენა.

„აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ თემები უკვე აღარ არის პირველი რიგის თემები საერთაშორისო ასპარეზზე. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ჩვენ ან დაგვავიწყდება ან როგორღაც გაქრება. დემონსტრაცია, რომელიც დაიწყო 20 ივნისს ეს არის ბუნებრივი გამოხატულება იმისა, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას წლების განმავლობაში. ეს არის გაწბილება იმის გამო, რომ არ არსებობს არანაირი პოლიტიკური პროგრესი ტერიტორიული გამთლიანების გზაზე,” – აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

პრეზიდენტმა დაძაბულ რუსულ-ქართულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთთან დაძაბულობის და 2008 წლის ომის მიუხედავად, საქართველო აგრძელებს რუსი ტურისტების მასპინძლობას.

“რუსეთთან განახლებული დაძაბულობა, მიუთითებს, რომ არსებული სტატუს-კვო მიუღებელია და ხელს არ უწყობს გრძელვადიან სტაბილურობას,” – აღნიშნა მან.

“დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ, ყველანი მივიღებთ მონაწილეობას… რუსეთის სამხედრო ბაზები გავა გუდაუთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან. რეგიონში სტაბილურობა , შავ ზღვაზე სტაბილურობა არის ისეთივე მნიშვნელოვანი ევროპისათვის, როგორც საქართველოსთვის და ყველა ჩვენი მეზობლისათვის. ჩვენ გვჭირდება მედიაცია, ევროკავშირის დახმარება, რომ გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ,, საქართველო არის მშვიდობიანი ერი და თავისთავად არის ქვეყანა, რომელიც არასოდეს არ დასხმია თავს არც ერთ ქვეყანას”, – ამ ფრაზით საქართველოს პრეზიდენტი ირიბად გამოეხმაურა ვლადიმირ პუტინს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ისტორიული ოკუპაცია მოახდინა და ოსების გენოციდი მოაწყო.

10 წელია, რაც საქართველო ჩართულია ევროკავშირის პროგრამაში, რომელსაც “აღმოსავლეთ პარტნიორობა” ჰქვია. 

“აღმოსავლეთ პარტნიორობა აერთიანებს ევროკავშირს, მის წევრ ქვეყნებს და მის ექვს აღმოსავლეთ მეზობელს – აზერბაიჯანს, ბელარუსს, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთს და უკრაინას.

ეს პროგრამა პოლონეთს და შვედეთის მიერაა ინიცირებული და მისი მიზანია დაეხმაროს ამ ექვს ქვეყანას დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაში, ხელი შეუწყოს ამ ქვეყნების ეკონომიკებს, შექმნას მათი ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის საერთო სივრცე. 

ევროკავშირს ამ ყველაფერში საკუთარი დაინტერესება აქვს – მას სჭირდება ძლიერი და დემოკრატიული აღმოსავლეთ მეზობლები და სტაბილური აღმოსავლეთ საზღვარი. 

აღმოსავლეთ პარტნიორობა არ ნიშნავს ევროკავშირის წევრობას, თუმცა ის მნიშვნელოვნად აახლოებს ამ ქვეყნებს ევროკავშირთან და მის ღირებულებებთან.

კონფერენცია ორდღიანია და იგი ბათუმში ხვალაც გაგრძელდება.


ასევე წაიკითხეთ