მაგრამ, მათი რწმენით, ევროპის კავშირს შეუძლია, რომ სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ხელი შეუწყოს" />

სომხეთის ახალი ხელისუფლება და ევროკავშირი ჯერჯერობით ერთმანეთს აკვირდებიან – მიაჩნიათ სომეხ ექსპერტებს

მაგრამ, მათი რწმენით, ევროპის კავშირს შეუძლია, რომ სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას ხელი შეუწყოს

ერევანში JAMnews -ზე გამოქვეყნებული პუბლიკაციის „ევროკავშირისა და სომხეთის ურთიერთობები „ხავერდოვანი რევოლუციის შემდეგ“. რატომ არ მოხდა გარღვევა“ განხილვა შედგა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო JAMnews-ის სტატიის ავტორმა, ანალიტიკოსმა ვაან უნანიანმა,  ცენტრ „მოდუს ვივენდის“ ხელმძღვანელმა არა პაპაიანმა და პოლიტოლოგმა არმენაკ მინასიანცმა.

ვაან უნანიანს მიაჩნია, რომ სომხეთის ახალი ხელისუფლება და ევროკავშირი ჯერჯერობით ერთმანეთს ეცნობიან. მხარეთა დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, და ის დახმარება, რომლის გამოყოფასაც ევროკავშირი სომხეთისთვის აპირებს, რევოლუციამდეც გათვალისწინებული იყო:

 „ძნელია იმის თქმა, სომხეთსა და ევროკავშირს შორის ურთერთობა უკეთესი თუ უარესი მიმართულებით ვითარდება. ამჟამად უფრო სტატიკური სიტუაციაა. დღის წესრიგი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ევროკავშირში ენთუზიაზმით აღიქვეს ის, რაც სომხეთში მოხდა. მაგრამ მოცემულ მომენტში, ყველაზე მაღალ დონეზე რიტორიკის გარდა, პრაქტიკული ნაბიჯები არ გადადგმულა“.

ევროკავშირის პოლიტიკა სომხეთთან მიმართებაში, შესაძლოა, ახალი ხელისუფლების განცხადებებით იყოს განპირობებული, – ვარაუდობს ვაან უნანიანი. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არაერთხელ განუცხადებია, რომ საგარეო პოლიტიკაში რევერსები არ იქნება. შესაბამისად, ევროპელ კოლეგებს საჭიროდ არ მიაჩნიათ, რომ თავიანთი მიდგომა კარდინალურად შეცვალონ.

ცენტრ „მოდუს ვივენდის“ ხელმძღვანელს არა პაპაიანს მიაჩნია, რომ სერიოზული ცვლილებებისთვის 5 თვე საკმარისი არ არის. ექსპერტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირისგან მსხვილი ფინანსური დახმარების ახალი ტრანშები წლიურ ბიუჯეტში მტკიცდება, ეს კი მხოლოდ შემდეგ წელს არის შესაძლებელი:

 „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდება. სომხეთისთვის გაწეული დახმარება გაიზრდება. მსხვილი ევროპული კომპანიები სომხეთით სულ უფრო ინტენსიურად ინტერესდებიან. ევროპელები – გონიერი ხალხია, და მათ საქმის სწამთ, და არა სიტყვების. საქმეებისთვის კი დრო და თანმიმდევრული ნაბიჯებია საჭირო“.

პაპაიანი დარწმუნებულია, რომ ბევრი რამ სომხეთში დაგეგმილ რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზეც იქნება დამოკიდებული.

„არჩევნების მოლოდინში ჩვენ არამხოლოდ ინვესტორებს ვკარგავთ, არამედ ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების გაზრდასაც. რასაკვირველია, გეოპოლიტიკური ფაქტორი მნიშვნელოვანია, პრინციპი „მეტისთვის მეტი“ მუშაობს. გასაკვირი იქნებოდა, რომ ჩვენ ევროკავშირიდან დაფინანსება გაგვიზარდონ იმ პირობებში, როდესაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი რუსეთია.

ასე არ ხდება. ან ჩვენი მოკავშირე ხარ, და ფულს  ჩვენ გაძლევთ, ან რუსეთის მოკავშირე ხარ, და ფულსაც მათგან იღებ. თუკი სულ იმას ვიტყვით, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკა არ შეიცვლება, მნიშვნელოვანი ცვლილებების იმედი არ  უნდა გვქონდეს“.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ ოფიციალური ერევნის რიტორიკა მალე შეიცვლება, რადგან არსებობს ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების აუცილებლობა – ქვეყნის უსაფრთხოებას მხოლოდ საზღვრების დაცვა არ განაპირობებს.

პოლიტოლოგი არმენაკ მინასიანცი, თავის მხრივ, მიიჩნევს, რომ ევროპელი კოლეგების განცხადებები ბოლო წლებში – კორუფციასთან ბრძოლისა და სასამართლო სისტემის რეფორმის აუცილებლობის შესახებ – ახლა სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკას ემთხვევა. და ამან მხარეებს შორის ურთიერთობის განვითარებაში, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს:

„ევროკავშირის რიტორიკა იცვლება. ევროკავშირი მზად არის, სომხეთს საარჩევნო სისტემის რეფორმირებაში დაეხმაროს. მიმდინარეობს ცალკეული პასუხისმგებელი სფეროების შეხვედრები. და გააქტიურება სწორედ უკანასკნელ კვირებში შეინიშნება“.

ექსპერტებს ერთსულოვნად მიაჩნიათ, რომ ევროკავშირს შეუძლია ისეთი ზომების მიღება, რაც სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულების დონეს შეამცირებდა. თუმცა, არა პაპაიანი მიიჩნევს, რომ პრაქტიკული ნაბიჯები სომხეთმაც უნდა გადადგას:

 „რუსეთს უახლოესი მეზობლები ან ვასალების სტატუსით ჰყავს, ან – მტრის. მას მოკავშირეები არ გააჩნია. მე ევროკავშირისგან მზადყოფნას ვხედავ, თუმცა ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული. და სომხეთმა საქართველოსთან და ირანთან დაკავშირებული რეგიონული პროექტები უნდა წარმოადგინოს“.

სპიკერებს მიაჩნიათ, რომ სომხეთსა და ევროკავშირს შორის  ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაცია ნორმალურ რეჟიმში მიმდინარეობს, წუხილის მიზეზები არ არსებობს. რამდენიმე ასეულ ფურცლიანი დოკუმენტი ქვეყანაში არსებითი რეფორმების ჩატარებას ითვალისწინებს, მათი განხორციელებისთვის კი უბრალოდ დროა საჭირო.


ასევე წაიკითხეთ