დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა" />

დიდი ბრიტანეთი და რუსეთი: ყველაზე მწვავე კონფლიქტი ცივი ომის შემდეგ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა

საგანგებო სამსახურები მუშაობენ იმ სასაფლაოზე, სადაც დასაფლავებულია სერგეი სკრიპალის ცოლი, რომელიც ერთი წლის წინ უეცრად კიბოთი გარდაიცვალა. REUTERS/Peter Nicholls

ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ალბათობით სერგეი სკრიპალი რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოწამლეს, – იუწყება The Guardian.

რუსული დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ქალაქ სოლსბერიში, სავაჭრო ცენტრში 4 მარტს მოწამლეს. ამჟამად ორივე კომაშია.

სერგეი სკრიპალი, რომელიც რუსეთიდან 2010 წელს გაემგზავრა, ბრიტანეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა.

ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის სასამართლოს ექსპერტიზის თანახმად, სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით, რომელიც რუსეთში 1980-იან წლებში შეიქმნა და „ნოვიჩოკი“ ეწოდება. მეის თქმით, რუსეთს შეეძლო ამ ნივთიერების წარმოება და ექსპლუატაცია გაეგრძელებინა.

მეი ორ ვარიანტს უშვებს:

„ეს ან რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირი ქმედება იყო – ანდა, რუსეთის ხელისუფლებამ საშიში ნერვული ტოკსინის გავრცელებაზე კონტროლი დაკარგა და ის უცხო ხელში მოხვდა“.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კრემლისგან მოითხოვა, რომ ამ განცხადებებს ერთი დღე-ღამის განმავლობაში, სამშაბათს საღამომდე გაეცეს პასუხი – მეის თქმით, თუკი ამ ხნის განმავლობაში რუსეთიდან „ნდობის ღირსი პასუხი“ არ იქნება, ოთხშაბათს ის ბრიტანულ პარლამენტს რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლის ღონისძიებათა სიას წარუდგენს.

ამას რუსეთის მხრიდან დაუყოვნებლივ მოჰყვა პასუხი; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა გამოვიდა განცხადებით, რომელშიც ის სკრიპალის მოწამვლასთან რუსეთის კავშირს უარყოფდა. მან მეის გამოსვლას „საცირკო შოუ ბრიტანეთის პარლამენტში“ უწოდა.

რუსეთის რამდენიმე წარმომადგენელმა ერთდროულად განაცხადა, რომ ტერეზა მეის ბრალდებები უსაფუძვლოა.

მეის გამოსვლამდე რამდენიმე საათით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ინგლისელი ჟურნალისტის მიერ სკრიპალის შესახებ დასმულ შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა: „ჯერ თავად გაერკვიეთ, და ამაზე შემდეგ ვიმსჯელოთ“.


ასევე წაიკითხეთ