ნერვულ-პარალიტიკური გაზი „ნოვიჩოკი“ ალექსანდრ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა გამოიყენეს. სახელები შესაძლოა გამოგონილი იყოს" />

სკრიპალების მოწამვლაში ეჭვმიტანილები რუსეთის მოქალაქეები არიან

ნერვულ-პარალიტიკური გაზი „ნოვიჩოკი“ ალექსანდრ პეტროვმა და რუსლან ბოშიროვმა გამოიყენეს. სახელები შესაძლოა გამოგონილი იყოს

ბრიტანეთის პოლიციამ დაასახელა იმ ორი რუსის გვარი, რომელთა მიმართაც არსებობს ეჭვი, რომ ამა წლის მარტში, მათ რუსეთის სპეც-სამსახურების ყოფილი თანამშრომელი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, – წერს BBC.

„საკმარისი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ რუს მოქალაქეებს, ალექსანდრ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვს ბრალდება წაუყენონ, მათ შორის –  სოლსბერიში მომწამვლელი გაზით მკვლელობის მცდელობისთვის“, ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

ისტორია

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამსახურის ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს დილით, ქალაქ სოლსბერის ცენტრში, სკვერში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ისინი რუსეთში შექმნილი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ იყვნენ მოწამლულები.

ამის შემდეგ, მალევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ მოსკოვისგან მომხდარის შესახებ განმარტება მოითხოვა.

სკრიპალების მოწამვლას ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების მნიშვნელოვანი გამწვავება მოჰყვა: ლონდონმა 23 რუსი დიპლომატი გააძევა, იგივე პასუხი გასცა მოსკოვმაც. მალე ათობით ქვეყანამ დიდ ბრიტანეთს დაუჭირა მხარი და რუსი დიპლომატების გაძევების თაობაზე განაცხადეს. ყველაზე მკაცრი სანქციები აშშ-მ დააწესა –  ეს სანქციები რუსეთისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების მიწოდებასა და რუსული ბანკებისთვის სესხის გაცემას ეხება.

30 ივნისს პატარა ქალაქ ეიმსბერიში, სოლსბერის მახლობლად, საავადმყოფოში მიიყვანეს 44 წლის დონ სტრეჯესი, რომელიც ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით იყო მოწამლული. ის 8 ივლისს გარდაიცვალა. მისი მეგობარი 45 წლის ჩარლი როული ასევე მოიწამლა, მაგრამ ის გადარჩა.

ახლახან ქიმიური იარაღის ამკრძალავმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ დონ სტრეჯესი ასევე „ნოვიჩოკით“ გარდაიცვალა.  

ვინ არიან დაკავებულები?

როგორც პოლიციის შეტყობინებაშია აღნიშნული, 2 მარტს მოსკოვიდან ლონდონში ორი რუსი ჩაფრინდა და სასტუმრო City Stay Hotel-ში დაბინავდა. მეორე დღეს, დილით, ისინი მატარებლით სოლსბერიში გაემგზავრნენ და ლონდონში იმავე დღის საღამოს დაბრუნდნენ.

ოთხ მარტს ეჭვმიტანილები იმავე მარშრუტით ისევ სოლსბერიში გაემგზავრნენ, სადაც სკრიპალების სახლის გვერდით სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში მოხვდნენ. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ მათ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ სახლის შესასვლელი კარი მოწამლეს.

იმავე დღეს, საღამოს ისინი ლონდონში დაბრუნდნენ და მოსკოვში გაფრინდნენ.

ზუსტად ერთი თვის შემდეგ იმ სასტუმროს ოთახი, სადაც რუსები ცხოვრობდნენ, ქიმიური დაცვის სპეციალისტებმა გამოიკვლიეს და იქ „ნოვიჩოკის“ ნიმუშების ისეთი რაოდენობა  აღმოაჩინეს, რაც ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ უქმნის.

რეაქცია

როგორც ბრიტანეთის სამეფო პროკურატურა იუწყება, რუსების დაპატიმრებაზე გაცემულია ევროპული ორდერი, თუმცა მათი ექსტრადიციის მოთხოვნა არ იქნება.

„ჩვენ რუსეთს ამ მოქალაქეების ექსტრადიციის თხოვნით არ მივმართავთ, რადგან რუსეთის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციის უფლებას არ იძლევა” —განმარტა პროკურატურის წარმომადგენელმა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ კი ლონდონს „საჯარო ბრალდებებისა და საინფორმაციო მანიპულაციებისგან თავის შეკავებისკენ“ მოუწოდა.

„მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გამოქვეყნებული სახელები, ისევე როგორც ფოტოები, ჩვენ არაფერს გვეუბნება“, – აღნიშნა ზახაროვამ.

ქიმიური იარაღის ამკრძალავი ორგანიზაციის რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ალქსანდრ შულგინმა ლონდონის მიერ გამოქვეყნებულ ცნობებს პროვოკაცია უწოდა.

 


ასევე წაიკითხეთ