ბაზარი ძალიან ადრე იღვიძებს. დილის 5 საათზე აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოვაჭრეები იკრიბებიან, საკუთარ დახლებს აწყობენ და გრძელი სამუშაო დღისთვის ემზადებიან" />

ერთი დღე თბილისის მთავარ ბაზარში. ფოტორეპორტაჟი

ბაზარი ძალიან ადრე იღვიძებს. დილის 5 საათზე აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოვაჭრეები იკრიბებიან, საკუთარ დახლებს აწყობენ და გრძელი სამუშაო დღისთვის ემზადებიან

„დეზერტირების ბაზარი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია თბილისში. ის რკინიგზის სადგურთანაა ახლოს და აქ ყოვეთვის უამრავი ადამიანი ირევა. რას არ იპოვით აქ –  ახალ ხილ-ბოსტნეულს, შინ დამზადებულ ყველსა და ჩურჩხელას, მეორადი ტანსაცმლის უზარმაზარ ბაზრობას, დაბადების დღის დეკორაციებსა და „ნაიკ ეარ მაქსის“ ფალსიფიცირებულ მოდელებს. რა ისტორიების აღმოჩენა შეიძლება დახლების მეორე მხარეს? როგორია ბაზრის ერთი ჩვეულებრივი დღე? ვინ არიან ბაზარში მდგარი მოვაჭრეები?

ბაზარი ძალიან ადრე იღვიძებს. დილის 5 საათზე აქ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოვაჭრეები იკრიბებიან, საკუთარ დახლებს აწყობენ და გრძელი სამუშაო დღისთვის ემზადებიან, რომელიც საღამოს ხუთ საათზე (ან უფრო გვიან) სრულდება ხოლმე.

 

სამუშაო ადგილამდე მისასვლელად იურას დიდი გზის გავლა არ უწევს. იგი ბაზარში, თავისი დახლის გვერდით, პატარა ოთახში ცხოვრობს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სრულიად მარტო დარჩა. იურა ცოცხალ და დაკლულ ფრინველს ყიდის და დროდადრო ბაზრის ზედამხედველის ფუნქციებსაც ითავსებს:

“არ მომწონს ახლანდელი დრო. კომუნისტების პერიოდი უფრო მომწონდა. მაშინ უფრო ადვილი იყო ცხოვრება. ახლა კი ძლივს გამაქვს თავი. არ მომწონს ჩემი სამსახური, ფულს ვერ ვშოულობ, თითქმის არავინ შემოდის ბაზარში” – ამბობს იურა.

აქ ხშირად გაიგონებთ კომუნიზმის ქება-დიდებას. მოვაჭრეების უმრავლესობას ასაკოვანი ადამიანები შეადგენენ, რომლებიც უყურადღებობას გრძნობენ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სექტორის მხრიდან. მათ უბრალოდ საკუთარი ადგილი ვერ იპოვეს თანამედროვე სისტემაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბაზარში თითქმის მთელი დღის მანძილზე მყიდველებითაა სავსე, მოვაჭრეები მაღალ გადასახადებსა და სუპერმარკეტების კონკურენციას უჩივიან.

მამაკაცი სუნელებითა და სიმინდის ფქვილით დატვირთულ დახლთან დგას და მუშტარს ელოდება:

დინარა ყოველდღე ბაზარშია. იგი სიცოცხლით სავსე ადამიანია, რომელიც მაშინაც კი იღიმება, როდესაც ბანანი არ ეყიდება. ბაზარში ნამდვილი სოციალური ქსელი აქვს შექმნილი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ აქ ყველას იცნობს. მისი ქმარი მხატვარია, ვაჟს კი მცირე ბიზნესი აქვს, იგი რესტორნის მომმარაგებელია.

“მიყვარს ფოტოების გადაღება, – ამბობს დინარა. – განსაკუთრებით მოხუცებისთვის მიყვარს სურათის გადაღება. ყველა ნაოჭი რომ ეტყობათ, განვლილი ცხოვრების ყველა ნიშანი. შენი ნაოჭები უნდა გიყვარდეს, აბა როგორ”.

იმ დღეებში, როდესაც ბაზარში ხალხმრავლობა არ არის, აქ სოციალური ცხოვრება ყვავის. მუშტრის მოლოდინში მოვაჭრეები შაშს თამაშობენ:

 

 

რამაზი თბილისის მახლობლად, საკუთარ ეზოში მოკრეფილ ნიგოზს ყიდის:

ნიგოზი ქართული სამზარეულოს ერთ-ერთ უმთავრეს ინგრედიენტებს წარმოადგენს და ამიტომ საკმაოდ ბევრგან იყიდება.

 

ბაზარი ათასგვარი პროდუქტით იზიდავს მუშტარს.

მზია 25 წლის წინ ჩამოვიდა აფხაზეთიდან. იგი თავის ოჯახთან (მეუღლესთან და 2 შვილთან) ერთად გადმოსახლდა, თუმცა დედამისი სოხუმში დარჩა:

მზია დედამისთან ჩასვლაზე ოცნებობს, სოჭში რომ ნახოს, მაგრამ ვიზის მიღებისა და მგზავრობისათვის საჭირო სახსრები არ გააჩნია. იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. ის  ყავასა და ტკბილეულობას ყიდის, მაგრამ ძირითადი შემოსავალს ნივრის რეალიზაციით იღებს – იგი მთელი დღის განმავლობაში ნიორს არჩევს და რესტორნებს აბარებს ხოლმე.

ჩურჩხელების გამყიდველს სამუშაო ადგილზე ჩაეძინა:

ახალი ხორცის მუშტარი დღეს ბევრი არ არის:

გვიან ნაშუადღევს ყველაფერი სრულდება. გამყიდველები საქონელს ასაწყობებენ და სახლებში მიდიან. დასვენებისთვის დიდი დრო არ აქვთ, იმიტომ რომ ხვალ დილის ხუთ საათზე ისევ აქ უნდა მოვიდნენ.


ასევე წაიკითხეთ