უფრო რელიგიური და კონსერვატიულია - ახალგაზრდობა" />

დაღესტნელი მუსლიმები: ფასეულობები და ცრურწმენები

უფრო რელიგიური და კონსერვატიულია - ახალგაზრდობა

“კავკაზსკი უზელ”

2016 წელს რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო მართვის აკადემიისა და გაიდარის სახელობის ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა (ირინა სტაროდუბროვსკაია, ევგენი ვარშავერი და ეგორ ლაზარევი) ინტერნეტით ჩაატარა გამოკითხვა დაღესტნელი მუსლიმების ფასეულობათა გამოსავლენად.

თუმცა, გამოკითხულთა შორის ბევრი საერო ცხოვრების მიმდევარიც აღმოჩნდა. ამიტომ, ავტორებს მიაჩნიათ, რომ ამ კვლევაში აისახა დაღსტანის ინტერნეტ-საზოგადოების ისლამური სეგმენტის, – განათლებული და, უმეტესწილად, ქალაქელი მუსლიმების ფასეულობები.   

გამოკითხვაში 3105 ადამიანი მონაწილეობდა. მათ შორის 1675-მა ანკეტა სრულად შეავსო. სწორედ ამ 1675 ანკეტის საფუძველზე ჩატარდა ანალიზი.

დაღესტნელი მუსლიმები – საკუთარი თავისა და მათი გარემომცველი სამყაროს შესახებ

რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, დაღესტნელი მუსლიმები ბედნიერი ადამიანები არიან, რესპუბლიკაში არსებული ეკონომიკური გასაჭირის, კლანურობის, კორუფციისა და სამართლებრივი განუკითხაობის მიუხედავად. რესპონდენტთა თითქმის 85%-მა განაცხდა, რომ ან ძალიან ბედნიერია, ან თითქმის ბედნიერი, ბედნიერებას სრულიად მოკლებულად მხოლოდ 1,5%-ს მიაჩნია თავი.

გამოკითხულ დაღესტნელ მუსლიმთა დიდი უმრავლესობა მზად არის, იცხოვროს იმიგრანტების, სხვა რასის, რელიგიის, ნაციონალობისა და ენობრივი ჯგუფის წარმომადგენლების  გვერდით.

გაცილებით კრიტიკული დამოკიდებულება აქვთ მათ ისეთი ადამიანების მიმართ, ვისაც ისინი “სოციალური ცოდვების” მატარებლად აღიქვამენ – ალკოჰოლიკების, ჰომოსექსუალების, ნარკომანების მიმართ.

ასეთი მეზობლის ყოლა თითქმის არავის უნდა. ხოლო შიდსით დაავადებულების და დაუქორწინებელი, მაგრამ ერთად მცხოვრები წყვილების საკითხში ხმები ორად გაიყო – არასაურველ მეზობლებად მათ გამოკითხულთა 43-45% განიიხილავს.

რას განიკითხავენ

დაღესტნელი მულიმები ვერ ეგუებიან ტრადიციული მორალური ნორმების დარღვევას – ჰომოსექსუალიზმს, პროსტიტუციას, ქოწინებამდელ სექსუალურ ურთიერთობებს, და ასევე – კორუფციის სხვადასხვაგვარ გამოვლინებას. 86%-ს სრულიად მიუღებლად მიაჩნია, ქრთამის აღების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება.

  • 80% თანხმდება, რომ არაფორმალური გადასახადები კორუფციაა და საზოგადოებისთვის მავნებელია;
  • 70 პროცენტზე მეტი უპირატესობას ანიჭებს ისეთ სისტემას, სადაც ხელისუფლების წარმომდგენლები მკაცრად ადევნებენ თვალ-ყურს წესების დაცვას, და ხელს არ უწყობენ ამ წესების დამრღვევთ.

ამავე დროს, მართალია, გამოკითხულთა 85% დეკლარირებულად მიიჩნევს, რომ სადაც ცხოვრობ, იმ ქვეყნის კანონები აუცილებლად უნდა დაიცვა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ კანონებს არ ეთანხმები, კონკრეტული კანონდრღვევების მიმართ ტოლერანტულობა გაცილებით მაღალია.

 სრულიად გაუმართლებლად მიიჩნევს:

  • სახელმწიფოსგან ისეთი დახმარების  მიღებას, როდესაც  ადამიანს ამის უფლება არ აქვს – გამოკითხულთა 48%;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობას -45%;
  • გადასახადების დაფარვას – 36 %.

და მხოლოდ სხვისი საკუთრების მოპარვა ხდება ერთსულოვანი გაკიცხვის საგანი.

განათლების ფასეულობა

როგორი დამოკიდებულება აქვთ დაღესტნელ მუსლიმებს განათლების პრობლემასთან? იმ აზრს, რომ თანამედროვე ადამიანისთვის უმნიშვნელოვანესია ხარისხიანი განათლების მიღება, მხოლოდ გამოკითხულთა 2% არ დაეთანხმა.  

შვილებისთვის კარგი განათლების მიცემის შესაძლებლობის არქონა ძალიან აწუხებს რესპონდენტთა 80%-ს, და რამდენადმე – 14%-ს. პროფესიონალური კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობის არქონა (რაც უმეტესად ისევ განათლებას უკავშირდება) ასე თუ ისე 80%-ს აღელვებს.

შვილებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემის საშუალების არქონა ოდნავ ნაკლებად აღელვებს ახალგაზრდობას – ეტყობა მათთვის, ეს ჯერჯერობით არ არის იმდენად აქტუალური; სამაგიეროდ, ისინი უფრო მეტად არიან უკმაყოფილოები პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების საშუალების არარსებობით.

მაგრამ როგორი განათლებაა სინამდვილეში მნიშვნელოვანი? 60%-ზე მეტს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია როგორც რელიგიური, ისე საერო განათლების მიღება. საერო განათლების განსაკუთრებული უპირატესობა  30%-მა აღნიშნა; ხოლო პირველ რიგში რელიგიური განათლების საჭიროებას  7% მიიჩნევს.

შრომის ფასეულობა

“ადამიანი უნდა შრომობდეს”. ამ თეზისს ყველანაირი დამატებითი პირობების გარეშე გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი დაეთანხმა. უფრო ახალგაზრდა ასაკობრივ ჯგუფებში შრომის აუცილებლობის შესახებ წამოდგენები კლებულობს: მას აღირებს 55 წელს გადაცილებულთა 65%, და ახალგაზრდების მხოლოდ 48%. მაგრამ რესპონდენტთა მხოლოდ 5% მიიჩნევს, რომ ადამიანმა რაც შეიძლება ცოტა უნდა იმუშაოს (უფროსების – 1%, ახალგაზრდების – 7%)

ოჯახური ფასეულობები

გამოკითხულებმა თითქმის ერთსულოვნად დააყენეს საოჯახო ფასეულობები პირველ ადგილას; ოჯახური ურთიერთობების როლი მათთვის მართლაც მაღალია.

მაგრამ, გამოკითხულთა მხოლოდ მესამედი ენდობა პირველ რიგში თავის ნათესავებს, და მხოლოდ 7%-ია თანახმა ცოლს მუშაობის ნება დართოს, თუკი ბავშვებს მშობლები მიხედავენ.

როგორც ჩანს, რა მნიშვნელოვნადაც უნდა წარმოაჩენდნენ ჩვენი რესპონდენტები ოჯახურ ფასეულობებს, “დიდი ოჯახის” ფასეულობა უკვე წარსულს ბარდება. ამას უფროსი თაობისადმი უფრო კრიტიკული დამოკიდებულებაც ადსტურებს, რასაც მნიშვნელოვანწილად ემყარება ხოლმე გაფართოებული ოჯახური ურთიერთობები. 

პირობითად, უფროსი თაობის წარმომადგენლის მხრიდან შეუფერებელი ქცევის შემთხვევაში, გამოკითხულთა 73% მზადაა, მოხუცისგან წესიერად მოქცევა მოითხოვოს, და მხოლოდ 7%-ს მიაჩნია, ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან უფროსისთვის შენიშვნის მიცემა არასწორია (19%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა). ახალგაზრდებს შორის 64% მზად არის მოხუცისთვის შენიშვნის მისაცემად.

პოლიტიკაში მონაწილეობა

რამდენიც არ უნდა ამტკიცონ საპირისპირო, დაღესტნელი მუსლიმებისთვის დემოკრატიული ფასეულობები მნიშვნელოვანია. გამოკითხულთა 90% სრულიად ეთანხმება აზრს, რომ ადამიანებმა თავად უნდა აირჩიონ პოლიტიკური ლიდერები თავისუფალი და წესიერი არჩევნების გზით. არჩევნები ამ დახასიათების შესაბამისად რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 60%-ზე მეტი მიიღებდა მონაწილეობას ყველა დონის არჩევნებში, 15% კი შეეცდებოდა სახელისუფლო ორგანოებში მოხვედრას.

ასეთ პირობებშიც კი არ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას რესპონდენტთა 17%. ახალგაზრდებში ეს წილი თითქმის მეოთხედამდე იზრდება, და 49%-მდე კლებულობს მათი რაოდენობა, ვინც ნებისმიერი დონის არჩევნებზე წავიდოდა ხმის მისაცემად. სამაგიეროდ, 20%-მდე იზრდება მათი წილი, ვინც სახელისუფლებო ორგანოებში შეეცდებოდა მოხვედრას.

შედეგები

  • სამართლებრივი სახელმწიფო (სამოქალაქო, ან შარიათის სამართალზე დაფუძნებული) დაღესტნელი მუსლიმებისთვის უპირობო ფასეულობას არ წარმოადგენს 
  • არატრდიციული მუსლიმების ფასეულობათა სისტემა უფრო აშკარად არის გამიჯნული. 
  • დაღესტნელი ახალგაზრდობა უფრო რელიგიურია, და უფრო კონსერვატული თავის რელიგიურობაში. 
  • ისლამიზაცია არაერთგვაროვან ზემოქმედება ახდენს ტრადიციულ სოციალურ იერარქიებზე – საფუძველს ურყევს თაობათაშორის იერარქიას, ხოლო გენდერულს – აკონსერვებს. 

გამოქვეყნებულია: 28.11.2016 

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ