სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დავის საგნად რჩება; მხარეები საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ " />

დავით გარეჯში ქართველმა აქტივისტებმა მორიგი აქცია გამართეს

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის დავის საგნად რჩება; მხარეები საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ

პოლიტიკური კონფლიქტი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გამო გრძელდება.

აზერბაიჯანში ამ ისტორიულ ძეგლს ქეშიშდაგს, ან ქეჩიკდაგს უწოდებენ.

დავით-გარეჯი – უნიკალური ფოტო, ვიდეო და ისტორია აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული დავაზე

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებზე?

დავით გარეჯის მონასტერი მე-6 საუკუნეში აშენდა. მას შემდეგ რეგიონში სახელმწიფოთა საზღვრები არაერთხელ შეიცვალა. დღეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთი პირდაპირ კომპლექსზე გადის. მოლაპარაკებები საზღვრის ამ მონაკვეთის დელიმიტაციისა და, შესაბამისად, ისტორიული ძეგლის ბედის შესახებ, ორ მეგობარ სახელმწიფოს შორის, რომლებიც ასევე სტრატეგიული პარტნიორები არიან, არაერთხელ განახლებულა. თუმცა, ჯერჯერობით რაიმე შედეგი მიღწეული არ არის.

აზერბაიჯანი და საქართველო დავით გარეჯის/ქეშიშდაგის ისტორიული კუთვნილების შესახებ განსხვავებულ ვერსიებს იზიარებენ. საქართველო ამტკიცებს, რომ მონასტერი ქართული კულტურის ძეგლია, აზერბაიჯანი – ალბანურის (ალბანეთი – ქრისტიანული სახელმწიფო ახლანდელი აზერბაიჯანის ადგილას ადრეულ შუა საუკუნეებში)

28 მაისს ქართველმა აქტივისტებმა და სასულიერო პირებმა დავით გარეჯზე მორიგი საპროტესტო აქცია მოაწყვეს – ასობით მოქალაქემ ორი ქვეყნის საზღვარზე, დავით გარეჯის ქედზე მდებარე ჩიჩხიტურის კოშკის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და ქედის თავზე საქართელოს დროშა აღმართეს.

„ეს არის რეაქცია ქართველი საზოგადოების იმ საფრთხეებზე, რასაც ჩვენ ვხედავთ დავით გარეჯის მიმართ. ჩვენ გვეშინია იმის, რომ დავით გარეჯი ითმობა. რომ ის ზეწოლა, რომელსაც ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე ჩვენი ხელისუფლების მიმართ, არის ძალიან დიდი და ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ უძლებს. ამიტომ, მოქალაქეები აქ შევიკრიბეთ,“ – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ.

გარეჯი დღეს.

Posted by დავით ქაცარავა on სამშაბათი, 28 მაისი, 2019

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თემურ კუპატაძის თქმით, დილიდან მესაზღვრეები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად მონიტორინგს ახორციელებდნენ ტერიტორიაზე, სადაც აქცია უნდა გამართულიყო, ასევე ადგილობრივ სასულიერო პირებთან აქციის მონაწილეთა და მომლოცველთა მარშრუტები შეათანხმეს, რათა მათი გადაადგილება მაქსიმალურად უსაფრთხო ყოფილიყო.

“ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული მხრიდან იქნებოდა პროვოკაციები. არავინ, აზერბაიჯანის არც ერთი მოქალაქე არ ამოსულა, იქითა მხრიდან არიან მხოლოდ მესაზღვრეები და ისევე როგორც ჩვენ, ისინიც ასრულებენ მოვალეობას. მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის ყველა დანაყოფი ადგილზე, რომ თავიდან ავირიდოთ ყველანაირი პროვოკაცია და ასევე უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება”, – განაცხადა კუპატაძემ.

ფოტო: პირველი არხი

27 მაისს დავით გარეჯის გარშემო შექმნილი ვითარების გამო საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მიმართა.

“აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე; აუცილებელია გამოვიჩინოთ მეტი კეთილგონიერება და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მოვუწოდებთ სასულიერო პირებს და მრევლს”, – ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში, რომელიც მედიას მისმა მდივანმა დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა გააცნო.

განცხადებაში პატრიარქი აღნიშნავს, რომ ბოლოდროინდელი მოვლენების ანალიზი ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დაძაბვა სხვა ძალას სურს და ეს დაუშვებელია,

„ასევე მივმართავთ როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის ხელისუფალთ, წარმართონ ინტენსიური მოლაპარაკებები სამართლიანობის დასადგენად, რათა ჩვენს ხალხებსა და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა შენარჩუნდეს და გაღრმავდეს. თავის მხრივ, საქართველოს ეკლესია გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში“, – აღნიშნულია პატრიარქის განცხადებაში.

26 მაისი

26 მაისს ქართველმა აქტივისტებმა დავით გარეჯის ტერიტორიაზე მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

შეკრებილებმა სამონასტრო კომპლექსის ქედზე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს ჩიჩხიტურის კოშკისა და უდაბნოს ამაღლების ეკლესიის მიმართულებით, რომლებიც სადავო ტერიტორიაზე მდებარეობს, და საქართველოს დროშა აღმართეს.

ჩვენ მოვითხოვთ, რომ დავით გარეჯის კომპლექსი, უდაბნოს აღდგომის ტაძარი და ჩიჩხიტურის ტაძარი უნდა იყოს მუდმივ რეჟიმში გახსნილი. ეს არის გზავნილი იმისა, რომ ჩვენ არავის დავუთმობთ ჩვენს მიწა-წყლის არც ერთ ნაწილს, არ გვაქვს ამის უფლება“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ.

28 მაისს დავით-გარეჯში ახალი აქცია იგეგმება. განცხადება დაგეგმილი აქციის შესახებ მედიაში “დავით გარეჯის მონასტრის სასულიერო პირების” სახელით გავრცელდა. აქციის ინიციატორების განცხადებით, ეს იქნება სასულიერო პირების და საზოგადოებრივი ჯგუფების საპროტესტო აქცია სახელწოდებით “გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია”.

მისი მონაწილეები საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის დროშებით გამოვლენ.

ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენ არავისთან მტრობა არ გვინდა და მით უფრო ჩვენს სახლში, ჩვენს ძმებთან, კავკასიელებთან. ამ აქციით გავაფრთხილებთ ნებისმიერ დაინტერესებულ ძალას, რომ არავის მიეცემა პროვოცირების საშუალება, ჩვენი დიდი სახლი არიოს და რეგიონს დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს,“- ნათქვამია განცხადებაში.

პროტესტის მიზეზი აზერბაიჯანული მხარის მიერ კომპლექსამდე მისასვლელი გზის მშენებლობა გახდა. ქართული მხარის ინფორმაციით, სამუშაოები 25 მაისამდე გრძელდებოდა, რასაც აქტივისტების მიერ გავრცელებული დრონით გადაღებული ვიდეო ადასტურებს.

თუმცა, აზერბაიჯანული მხარე ამტკიცებს, რომ არანაირ სამშენებლო სამუშაოებს ძეგლის მიდამოებში არ აწარმოებს.

საზღვრის დელიმიტაციის პრობლემა: არსი და პერსპექტივები

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის ლეილა აბდულაევას ინფორმაციით, ორ ქვეყანას შორის 480 კილომეტრიანი საზღვრიდან შეთანხმებულია 314 კილომეტრი.

დარჩენილი 166 კილომეტრის საკითხის გადაწყვეტის მიზნით 1996 წელს საზღვრის დელიმიტაციის და დემარკაციის ორმხრივი კომისია შეიქმნა. მაგრამ კომისიის მუშაობა აქტიური არ ყოფილა, 2011 წლიდან კი ის აღარ შეკრებილა.

მთელი ამ დროის განმავლობაში სამღვდელოებას და ტურისტებს დავით გარეჯში აზერბაიჯანულ მხარეს გადასვლა უპრობლემოდ შეეძლოთ, რაიმე შეზღუდვისა და პასპორტების შემოწმების გარეშე.

სიტუაცია 2019 წლის აპრილ-მაისში დაიძაბა, როდესაც აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვარი ჩაკეტეს.

23-24 მაისს ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა.

ქართული მხრიდან დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა, ხოლო აზერბაიჯანის მხრიდან –საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი.

შეხვედრაზე ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე საზღვრის ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთი დეტალურად განიხილეს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფო საზღვრის ყველა შეუთანხმებელ მონაკვეთს ექსპერტები შეისწავლიან. ასევე მოხდება ყველა დოკუმენტისა და კარტოგრაფიული მასალის შესწავლა და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლებასთან.

მხარეები შეთანხმდნენ კომისიის მორიგი სხდომის თბილისში ჩატარების თაობაზე, რომელიც, სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში გაიმართება.

მხარეთა ოფიციალური რეაქცია

საქართველო

მისი თქმით, დღეს საქართველოს მოქალაქეები გადაადგილდებიან დავით გარეჯის ცალკეულ მიმართულებებზე იმ პრაქტიკის მიხედვით, რაც აქამდე არსებობდა. მან დავით გარეჯის საკითხს “ფაქიზი და ემოციური” უწოდა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ ქართული მხარის შეშფოთება გაითვალისწინა და დაწყებული სამუშაოები საზღვართან შეაჩერა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა, — იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, — რომ არ შექმნილიყო აღქმა და არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ახლა დასვით, უნდა მომხდარიყო სამუშაოების შეჩერება და ეს ასეც მოხდა“, — თქვა პრემიერმა.

დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი დასრულდება იმ სულისკვეთების ფარგლებში, რომელიც არსებობს მოძმე ერებს შორის და იმ სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოებში, რაც არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის”, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

აზერბაიჯანი

22 მაისს ქეშიკჩიდაგის ნაკრძალი (როგორც აზერბაიჯანში დავით გარეჯის კომპლექსს უწოდებენ) აზერბაიჯანული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის “აზერბერპა”-ს წარმომადგენლებმა მინახულეს. აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, განვითარებისა და აღდგენის სამსახურის დირექტორმა თეიმურ ქერიმლიმ განაცხადა, რომ დამთვალიერებლების კომფორტისთვის ისტორიული ძეგლის ტერიტორიაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა შეიქმნება.

ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკება ნაკრძალის თანამშრომლობისთვის ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის შესახებ. გარდა ამისა, გაკეთდება გზები და გაძლიერდება ზომები ძეგლების კონსერვაციისთვის და მათი დაცვისთვის”, – მოჰყავს მისი სიტყვები სააგენტო ONA-ს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ “აზერბაიჯანი ყოველთვის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სასწრაფოდ დელიმიტაციის მიმხრე იყო”.

აზერბაიჯანელი ექსპერტები საქართველოს მოუწოდებენ დავით გარეჯის თემის “პოლიტიზება და აჟიტირება” არ მოახდინონ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ