სამი რუსი და ერთი უკრაინელი - სავარაუდოდ, მათ ესროლეს სამგზავრო თვითმფრინავს 2014 წლის ივლისში" />

დაასახელეს ის ადამიანები, რომლებიც უკრაინის თავზე „ბოინგის“ ჩამოგდებაში არიან ეჭვმიტანილნი

სამი რუსი და ერთი უკრაინელი - სავარაუდოდ, მათ ესროლეს სამგზავრო თვითმფრინავს 2014 წლის ივლისში

BBC-ის ცნობით, პირველად მას შემდეგ, რაც 2014 წლის ივლისში, აღმოსავლეთ უკრაინის თავზე, „მალაიზიის ავიახაზების“ რეისი MH17 ჩამოაგდეს, საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა კონკრეტული ოთხი ეჭვმიტანილი დაასახელა.

საგამოძიებო ჯგუფი (მის შემადგენლობაში შედიან ინდონეზიის, ავსტრალიის, მალაიზიის, ბელგიისა და უკრაინის წარმომადგენლები) ამტკიცებს, რომ თვითმფრინავი „ბუკის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო დანადგარით ჩამოაგდეს, რომელიც რუსეთის საჰაერო შეიარაღებული ძალების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 53-ე ბრიგადას ეკუთვნის. ბრიგადა რუსეთის ქალაქ კურსკშია ბაზირებული.

ეჭვმიტანილთაგან სამი – რუსია, კიდევ ერთი კი – უკრაინის მოქალაქე. საგამოძიებო ჯგუფი სწორედ მათ ადანაშაულებს „ბუკის“ დანადგარის აღმოსავლეთ უკრაინაში მიტანასა და 298 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის, მათ შორის 80 ბავშვის სიკვდილში.

ეჭვმიტანილებზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

თვითმფრინავი წინასწარი განზრახვით განადგურდა. “ბუკი” რუსული იყო

ვინ არიან ეს ადამიანები

მათ შორის, ყველაზე ცნობილად მოიხსენიებენ იგორ გირკინს, რომელიც ასევე ცნობილია სტრელკოვის გვარით. აი, ის:

ის რუსული დაზვერვის (ეფ-ეს-ბეს) ყოფილი პოლკოვნიკია. გირკინი დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი იყო, სადაც 2014 წლიდან მოყოლებული ომი მიმდინარეობს. ითვლება, რომ გირკინი წოდებით ყველაზე მაღალი სამხედრო პირი იყო დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში და პირდაპირ კონტაქტზე იყო კრემლთან.

მეორე ეჭვმიტანილი – სერგეი დუბინსკია, რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით „პირქუში“.

ის რუსეთის სამხედრო დაზვერვის (გრუ) თანამშრომელია. საგამოძიებო ჯგუფის მტკიცებით, დუბინსკი გირკინის მოადგილე იყო და ასევე რეგულარული კონტაქტი ჰქონდა კრემლთან.

აი, მესამე ეჭვმიტანილი – ოლეგ პულატოვი, ცნობილი ზედმეტსახელით „გიურზა“.

ის რუსული გრუ-ს თადარიგის პოლკოვნიკი და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაზვერვის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილეა.

და მეოთხე ეჭვმიტანილი – ლეონიდ ხარჩენკო, უკრაინის მოქალაქე. ის დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დაზვერვის ჯგუფის მეთაურია.

საგამოძიებო ჯგუფი ამბობს, რომ დუბინსკი, პულატოვი და სტრელკოვი ახლა რუსეთში ცხოვრობენ, ხარჩენკო კი კვლავინდებურად აღმოსავლეთ უკრაინაში ცხოვრობს, უკრაინის ხელისუფლების არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.

2019 წლის ბოლომდე საქმე ჰოლანდიის სასამართლოს გადაეცემა. პირველი სხდომა 2020 წლის 9 მარტს გაიმართება.

რას ამბობს რუსეთი

19 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა, რომ არ მიმართავს რუსეთის ხელისუფლებას ეჭვმიტანილების ექსტრადიციის თხოვნით – იმდენად, რამდენადაც რუსეთის კონსტიტუცია საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემას კრძალავს.

ამავე დროს, საგამოძიებო ჯგუფი სთხოვს რუსეთს, თვითონ დაკითხოს საქმის ფიგურანტები.

ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსეთი ამ დრომდე უარს ამბობს საგამოძიებო ჯგუფის კითხვებზე პასუხის გაცემაზე.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს რუსი სამხედრო მოსამსახურეების კავშირს თვითმფრინავის ჩამოგდებასთან და მომხდარის ალტერნატიულ ვერსიას აყენებს.

BBC-ის კითხვაზე პასუხად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა:

„რუსეთს არ ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო გამოძიებაში, თუმცა… ტრაგედიის პირველივე დღიდან გამოავლინა ინიციატივა… ცდილობდა, ამ საშინელი კატასტროფის გამოძიების ნაწილი გამხდარიყო“.

როგორ გაანადგურეს თვითმფრინავი

სილენა ფრედრიკსი, მისი შვილი ჩამოგდებულ ბოინგში იმყოფებოდა. 19 ივნისი, 2019. REUTERS/Eva Plevier

სილენა ფრედრიკსმა შვილი, ბრაისი დაკარგა. ის ბოინგ MH17-ის მგზავრი იყო.

„ამ ხუთი წლის განმავლობაში ზოგიერთი დაღუპულის ნათესავი ისე გარდაიცვალა, რომ სიმართლე ვერ გაიგეს. ჩვენ სულ უფრო და უფრო შევდივართ ასაკში. იმედი მაქვს, რომ სიმართლეს მანამდე გავიგებ, ვიდრე სამუდამოდ დავხუჭავ თვალებს“, – განაცხადა მან 19 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ბოინგ-777“-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ამსტერდამის აეროპორტიდან 2014 წლის 17 ივლისს აფრინდა და მალაიზიის დედაქალაქ კუალა-ლუმპურში მეორე დღეს უნდა ჩასულიყო.

აფრენიდან რამდენიმე საათში თვითმფრინავმა დისპეტჩერთან კავშირი დაკარგა. ეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 50 კილომეტრში მოხდა. თვითმფრინავი დონეცკის ოლქში, დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მებრძოლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

2015 წლის ოქტომბერში, ნიდერლანდების უშიშროების საბჭომ დარწმუნებით განაცხადა, რომ თვითმფრინავს რუსული სარაკეტო კომპლექს „ბუკიდან“ ესროლეს, რის შედეგადაც მისი ნაწილი ჰაერშივე აფეთქდა.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა 2018 წლის მაისში დარწმუნებით განაცხადა, რომ სარაკეტო სისტემა „ბუკი“ რუსეთის 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადას ეკუთვნოდა. მაშინვე წარმოადგინეს მტკიცებულებები და სარაკეტო სისტემების გადაადგილების მარშრუტი რუსეთიდან აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიისკენ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ