ამგვარად “გირჩი” წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება" />

“გირჩმა” რელიგიური ორგანიზაცია დააარსა და წვევამდელების მღვდლად კურთხევას აპირებს

ამგვარად “გირჩი” წვევამდელებს სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება

“საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება” – ასე ჰქვია რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც პოლიტიკურმა მოძრაობა “გირჩმა” 2017 წლის მარტში დაარეგისტრირა.

როგორც “გირჩის” წარმომადგენლები აცხადებენ, ამ რელიგიური ორგანიზაციის მთავარი მიზანი იმ ახალგაზრდების დახმარებაა, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდა უწევთ.

საქართველოს კანონმდებლობით, თუკი ადამიანი ღვთისმსახურებას ეწევა ან სასულიერო სემინარიის სტუდენტია, მას სამხედრო სამსახურის გადავადების უფლება აქვს.

ამ პრაქტიკას რომ ხშირად მიმართავენ ქართველი წვევამდელები, ამაზე JAMnews-ის სტატიაში წაიკითხეთ.

ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „გირჩი“ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების მომხრეა და ამ მიმართულებით აქტიურ კამპანიასაც აწარმოებს. თუმცა, ვიდრე ეს მოხდება, “გირჩმა” ალტერნატიულ გზად რელიგიური ორგანიზაციის დაფუძნება აირჩია.

“გირჩის” მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის წესდებაში წერია, რომ მას სხვადასხვა რანგის ღვთისმსახურთა კურთხევისა და რელიგიური ცერემონიალების ჩატარების უფლება აქვს. სასულიერო პირად კურთხევის შემდეგ “გირჩი” შესაბამის ცნობასაც გასცემს, რომლის წარდგენა სამხედრო კომისარიატში შეიძლება. ცნობას ხელს აწერენ “გირჩის” წევრი, მთავარი მღვდელმსახური ნიკა ობოლაძე და ორი ეპისკოპოსი, ასევე “გირჩის” წევრები – არჩილ ხაჩიძე და ლევან ჯგერენაია. ეს ცნობა წვევამდელს სრულ უფლებას აძლევს სამხედრო სამსახურის გადავადება მოითხოვოს.

მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ “გირჩის” მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის ცნობით უკვე ისარგებლა რამდენიმე წვევამდელმა.

„აღნიშნული ორგანიზაციიდან გაცემული ცნობით ნამდვილად გადაუვადეს წვევამდელებს სამხედრო სავალდებულო სამსახური“, – განუცხადეს საინფორმაციო პორტალ ონ.ჯის სამხედრო სამსახურში გაწვევის დეპარტამენტში. ზუსტი რიცხვი, თუ რამდენ წვევამდელს დაეხმარა “გირჩის” მიერ შექმნილი რელიგიური ორგანიზაცია, ჯერჯერობით უცნობია.

“გირჩში” ამბობენ, რომ ეს იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარტიას, თვეების განმავლობაში, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საქმეში დახმარების თხოვნით, უამრავმა ახალგაზრდამ მიმართა.

“ეს არის 100 პროცენტით ლეგალური გზა და თუ სახელმწიფო მაინც შეეცდება 1 წლით მათ მონებად გადაქცევას, ჩვენ სასამართლოში დავიცავთ თითოეულ მათგანს”, – ამბობენ “გირჩში”.

ლიბერალური მიმართულების პოლიტიკური მოძრაობა “გირჩი” ზოგადად გამოირჩევა ეპატაჟური კამპანიებით. მაგალითად, გასული წლის 31 დეკემბერს “გირჩის” ოფისში ათობით აქტივისტმა საჯაროდ დათესა მარიხუანა. ამგვარად “გირჩი” ხელისუფლების მკაცრ ნარკოპოლიტიკას გამოეხმაურა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ