საქართველოში წლებია ყოველდღიურად ძალადობენ ბავშვზე. საზოგადოება კი ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს" />

ბავშვები ქუჩაში. წლიდან წლამდე მათი რიცხვი არ მცირდება

საქართველოში წლებია ყოველდღიურად ძალადობენ ბავშვზე. საზოგადოება კი ამის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს

თბილისის მეტროში ბევრი ბავშვი მათხოვრობს, თუმცა ეს ბიჭუნა კარგად დამამახსოვრდა – ადრე პატარა ხატები დაჰქონდა ხოლმე. ცხრა წლისაც არ იქნება, მაგრამ ისე ეწევა სიგარეტს, რომ ბევრად უფროსი გეგონება.

– ხატებს აღარ ყიდი? _ ვკითხე და იმ ცარიელ ჭიქაზე მივუთითე, სადაც ფულს აგროვებს.
– არა, ახლა ვმღერი, _ ღიმილით მიპასუხა ბიჭმა, _ სიმღერაში უფრო მეტს მაძლევენ. დღეს უკვე 35 ლარი ვიშოვე! 

მატარებელი ჩამოდგა და კარი გაიღო. ბიჭი ვაგონში შევიდა და სიმღერა შემოსძახა.

ერთი წუთის შემდეგ ჩემ გვერდით სკამზე მისი დაქალი ჩამოჯდა, პლასტიკატის ჭიქიდან ხურდები ხელისგულზე გადმოიყარა და თვლა დაწიყო. ქალის კალთაში მჯდომი ბავშვი ამ ხურდების ხელში ჩაგდებას ცდილობს. თვლა დაასრულა, მატარებელი კი არ ჩანს. 


– რამდენი წლისაა? _ ვეკითხები ქალს. მსუბუქად,თითქმის კეთილგანწყობით მპასუხობს. წლისა და ოთხი თვის ყოფილა. ყველაზე უმცროსია. სახლში კიდევ სამი ელოდება _ უფროსი ხუთი წლისაა, შუათანა _ სამის, უმცროსი კი _ ორის.  

სახელმწიფოსგან შემწეობას იღებს, რომელიც, მისი თქმით, ძალიან ცოტაა. ამიტომ, იძულებულია, იმათხოვროს.

ამ „სამსახურთან“ დაკავშირებული უამრავი გასაოცარი ფაქტი შევიტყვე. ქალს არანორმირებული სამუშაო გრაფიკი აქვს _ დილიდან თითქმის შუაღამემდე მუშაობს და ამიტომ ძიძის დაქირავება უწევს, რომელსაც 10 ლარს უხდის, რაც დღიური შემოსავლის დაახლოებით მესამედს წარმოადგენს. თუ მარტო ივლი, ბევრად უფრო ნაკლებს იშოვი; ამიტომ მათ, ვისაც შვილები არ ჰყავთ, ხშირად ქირაობენ ბავშვებს _ რაც დღეში 15-20 ლარი ღირს.

ადამიანები, რომლებიც მოწყალებას ითხოვენ საქართველოს ქუჩებში 90-იან წლებიდან გამოჩნდნენ. მათი ასაკი თანდათან შემცირდა და ამჟამად ამ საქმით მეტწილად ბავშვები არიან დაკავებულნი.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ქუჩაში მათხოვრობამ მასობრივი ხასიათი მიიღო, სახელმწიფომ პირველად აღიქვა პრობლემის მასშტაბები და 2009 წელს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებელი პირველი სერიოზული პროგრამა ამოქმედდა.

პროექტის წყალობით, თბილისში სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების, ადმინისტრაციული მუშაკებისა და პედაგოგებისგან შემდგარი მობილური ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც ქუჩაში ბავშვებს ხვდებოდნენ, მათი ნდობის მოპოვებასა და მათთან მეგობრული ურთიერთობის დამყარებას ცდილობდნენ. მობილური ჯგუფის წევრები უსახლკარო ბავშვებს ამავე პროგრამის ფარგლებში შექმნილ დღის ცენტრებში მოსვლას ურჩევდნენ.

დღის ცენტრი არის ადგილი, სადაც ქუჩის ბავშვს ჭამა, დაძინება და შხაპის მიღება შეუძლია. თუმცა, ამ სისტემას მთლიანად ანგრევს ის, რომ ოფიციალური რეგისტრაციის გავლის გარეშე, დღის ცენტრის ყველა მომსახურებით სარგებლობა არ შეიძლება. კანონის მიხედვით, არასრულწლოვანი ადამიანის რეგისტრაციისათვის იუსტიციის სამინისტროს მისმა მშობლებმა, ან მეურვეებმა უნდა მიმართონ.

ბავშვებისთვის დახმარების გაწევის მიზნით, დაბადების მოწმობებისა და „აიდი ბარათების“ მიღებაში დახმარების აღმოსაჩენად, სოციალური მუშაკები ბავშვების ოჯახებთან ამყარებდნენ კონტაქტს. ეს ყველაფერი დროში იწელებოდა და ყოველთვის სათანადო შედეგი არ მოჰქონდა.

2013 წელს ახალი პროგრამა დაიწყო, მაგრამ საბუთების არქონასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ვერც ამ პროექტის ფარგლებში მოხერხდა. 
თუმცა, არასამთავრობო სტრუქტურები არსებულ მდგომარეობას ოპტიმისტურად უყურებენ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, ბავშვებს, რომლებიც ქუჩაში ცხოვრობენ და მუშაობენ, „უსახლკაროს სტატუსი“ მიენიჭებათ, სოციალურ მუშაკებს კი უფლება მიეცემათ, ამათუიმ ბავშვისთვის საბუთების შესაგროვებლად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სათანადო ორგანოებს მიმართონ.

შეცვლის თუ არა ეს სიახლე ბავშვების მდგომარეობას? ბავშვები ხომ საკუთარი ნებით არ გადიან ქუჩაში! ისინი მშობლების, ნაცნობების, ან ნათესავების წაქეზებისა თუ მუქარის შედეგად გადიან სამათხოვროდ. უფლებადამცველებს მიაჩნიათ, რომ ეს კანონპროექტი პრობლემას არ წყვეტს და ამიტომ, ეს არა სოციალურ-ეკონომიკურ, არამედ იურიდიულ ასპექტში უნდა განიხილებოდეს _ ისე, როგორც ჩადენილი დანაშაული.

‘ცვლილებები, რომლებსაც პარლამენტი განიხილავს, მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს, _ ამბობს ანა აბაშიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, – დავუშვათ, რომ მე ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ვარ და სახელმწიფოს თავშესაფარში გადავყავარ, მპირდება, რომ დამაპურებს, დამარწყულებს, მაგრამ მოძალადის მიმართ სრულიად უმოქმედოა.

ვერ ვხვდები, ასეთი რომანტიკული დამოკიდებულება რატომ გვაქვს მოძალადე მშობლების მიმართ, რომლებიც საკუთარ შვილებს ქუჩაში ყრიან და მათხოვრობას აიძულებენ. ეს ქმედება მკვლელობის ტოლფასია’.

ანა აბაშიძე თვლის, რომ დოკუმენტებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ორი წლის დაკარგვის ნაცვლად, ხელისუფლებას იმ უფლებადამცველებისთვის უნდა მოეყარა თავი, რომლებიც ბავშვების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე იმუშავებდნენ.

’რამდენიმე გახსნილი საქმე და სიტუაცია მაშინვე გაუმჯობესდება, – ამაში დარწმუნებული ვარ’, – განაცხადა მან.

მართლა სჭირდება თუ არა ოჯახს დამატებითი შემოსავალი, რა მიზეზით გადის დედა ბავშვთან ერთად ქუჩაში და ხდება თუ არა ბავშვზე ძალადობა, როდესაც მას ქუჩაში მუშაობას აიძულებენ, სოციალურმა მუშაკმა უნდა განსაზღვროს. კანონმდებლობის შეცვლის შემდეგ სოციალურ მუშაკს უფლება მიეცემა, დაუყოვნებლივ მოაშოროს ბავშვი აგრესორს. ამ შემთხვევაში აგრესორი შეიძლება იყოს ნებისმიერი, ვინც ბავშვზე ძალადობს.

ამასთან, უფლებადამცველებს უჩნდებათ ლოგიკური კითხვა _ რატომ უნდა დაიტვირთოს დამატებითი ფუნქციებით სოციალური მუშაკი, რომელსაც ისედაც ძალიან ბევრი მოვალეობა აკისრია; ბავშვებით სპეკულაციის ფაქტი ხომ, პრაქტიკულად, სახეზეა ხოლმე.

რატომ არიან უმოქმედოდ სამართალდამცავები? და რატომ არ ერთმევათ მშობლის უფლებები იმ პირებს, რომლებიც, ყველა ადამიანური კანონის მიხედვით, ყველაზე მკაცრ სასჯელს იმსახურებენ. ამ შეკითხვაზე ჯერჯერობით პასუხი არ არსებობს, რადგან სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს იმის ნება, რომ დახმარების ეფექტური სისტემა შექმნას მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება შემწეობა.


ასევე წაიკითხეთ