ექიმების საქმიანობა აზერბაიჯანის ფრონტისპირა სოფლებში" />

გამოძახება ტყვიების ზუზუნში

  ექიმების საქმიანობა აზერბაიჯანის ფრონტისპირა სოფლებში

ეს მისთვის ერთი რიგითი სამუშაო დღეა. მშვიდი ხმით მაფრთხილებს, რომ სროლა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიწყოს. რას არ მიეჩვევი 21 წელიწადში!

ირადა ჰუსეინოვა 1995 წლიდან ყარადაღლის საექიმო ამბულატორიის მთავარ ექიმად მუშაობს. ეს სამედიცინო დაწესებულება  ყარააღაჯის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ოლქში, ტერტერის რაიონში მდებარეობს. ამ რაიონის უდიდეს ნაწილს სომხური შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. ირადა ხანუმის პაციენტები, ძირითადად, საზღვრისპირა სოფლების – ყაფანლის, ყარადაღლისა და ყარააღაჯის მოსახლეები არიან.

წინათ მისი სამედიცინო დაწესებულება არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში იყო, მაგრამ ორიოდე თვის წინ სოფელ ყაფანლიში ახალი ამბულატორია აშენდა. ირადა ჰუსეინოვა ამბობს, რომ ამბულატორიაში წამლების საკმარისი რაოდენობაა და ამის დასტურად პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო წამლებისა და სხვა აუცილებელი პრეპარატების ყუთებს გვიჩვენებს.

ამბულატორიაში სულ 10 ადამიანი მუშაობს – ერთი სტომატოლოგი და ერთი ექიმი, დანარჩენი კი – უმცროსი სამედიცინო პერსონალი.

ყაფანლის, ყარადაღლისა და ყარააღაჯის მოსახლეობა მთლიანობაში 2962 ადამიანს შეადგენს. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანში ყოველ 10 ათას ადამიანზე 34,6 ექიმი მოდის.

გამოდის, რომ ამ სამ სოფელში, სულ ცოტა, 10 ექიმი უნდა იყოს.

ექიმის თქმით, ის პაციენტებს ძირითადად სახლში აკითხავს ხოლმე, ღამით კი ავადმყოფებს შინ, თავისთან იღებს. ამბობს, რომ გამოძახების ხვალისთვის გადადება არაფრით არ შეიძლება: ‘ჩვენ ხომ ფიცი გვაქვს დადებული…’  სოფლის სხვა ექიმების   მსგავსად, ირიდა ხანუმსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ძილი გაიტეხოს, და შუაღამით კარს მიმდგარ პაციენტს დაეხმაროს.

ექიმის ცხოვრებაში ხიფათიანი ეპიზოდები საკმარისზე მეტია. ისვრიან, გარშემო ჭურვები სკდება, მას კი ტყვიების ზუზუნში მეზობელ სოფელში ელიან სასწრაფო გამოძახებაზე. ‘რაღაც ყოველ დღე ხდება, მაგრამ ხშირად მომხდარს იმავე დღეს ვივიწყებ, თუმცა ზოგჯერ ისეთებიც ხდება, რომ ვფიქრობ, ამას ნამდვილად ვეღარ დავივიწყებ-მეთქი.’

ახლახან, გაბმით ისროდნენ და ამ დროს მოხუცი ქალისგან გამოძახება შემოვიდა. იმ მომენტში ექიმის განკარგულებაში მანქანა არ იყო. ირადა ჰუსეინოვა სოფლის მეორე ბოლოში უნდა მისულიყო. ‘არც კი ვიცოდი, მივაღწევდი თუ არა დანიშნულების ადგილს ცოცხალი. ავადმყოფი მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. იცოდა, რომ გარეთ ისროდნენ და ამ გრძელი გზის გავლა ფეხით მომიხდა. მის დასახმარებლად მივედი, მან კი ჩემი დამშვიდება დაიწყო. განუწყვეტლივ მიმეორებდა, რომ არაფრის შემშინებოდა და სოფლიდან არ გავსულიყავი. ამის გამო, წნევამ უფრო აუწია. ძლივს დავამშვიდე და დავპირდი, რომ სოფელს არ დავტოვებდი და მერეღა მომცა უფლება, დავხმარებოდი.’

  • ჩვენი თანამოსაუბრის თქმით, იმ სოფლებში, სადაც ის მუშაობს, მოსახლეები ყველაზე ხშირად ჰიპერტონიით არიან ავად. შემთხვევების სიხშირის მხრივ, მეორე ადგილზეა შაქრიანი დიაბეტი. სამივე სოფლის ბავშვებშს, ძირითადად, სტრესით გამოწვეული დაავადებები აღენიშნებათ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი სროლაში გაჩდნენ, ვიდრე ამ ხმებს მიეჩვეოდნენ, გაზრდაც მოასწრეს.
  • 2 აპრილს დაწყებული დაძაბულობა მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც აისახა. ექიმის თქმით, ბოლო დღეებში ადამიანებში იმატა მაღალი წნევის შემთხვევებმა; ასევე გაიზარდა გულის პრობლემებთან დაკავშირებული მიმართვებიც.
  • ‘ყველა თავის საქმიანობას აგრძელებს. სოფლიდან არავინ წასულა,’ – მითხრეს სოფლის უხუცესებმა. შემდეგ კი შეშფოთებით დაამატეს: ‘ სროლა ამ ღამითაც განახლდება, ამიტომ დიდხანს ნუ დაყოვნდებით.’

 სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია ავტორს ეკუთვნის  და, შესაძლოა, რედაქციის დამოკიდებულებას არ გამოხატავდეს.

გამოქვეყნდა 27.04.2016


ასევე წაიკითხეთ