ბუკმეკერების ოფისების საქმიანობის შეზღუდვის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მის დროებით გადადებას დაეხმარა " />

ბუკმეკერების ბუნტი: სომხეთში ათასობით ადამიანი შეიძლება უმუშევარი დარჩეს

ბუკმეკერების ოფისების საქმიანობის შეზღუდვის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მის დროებით გადადებას დაეხმარა

სომხეთში ბუკმეკერული ორგანიზაციების თანამშრომლებმა 29 მაისს დილიდანვე გამართეს საპროტესტო აქცია. აქტივისტებმა გადაკეტეს ერევნის ცენტრი – ბაგრამიანის პროსპექტი, სადაც ეროვნული საკრებულოს შენობა მდებარეობს. ასობით დემონსტრანტი ბუკმეკერული კომპანიების საქმიანობის შეზღუდვის შესახებ  პარლამენტის დღის წესრიგში არსებულ კანონპროექტს აპროტესტებდა. ისინი კანონის მიღების გადადებას ან გაუქმებას მოითხოვდნენ, რადგან ათასობით ადამიანი, შესაძლოა, უმუშევარი დარჩეს.

100 ფაქტი პრემიერ-მინისტრისგან ახალი სომხეთის შესახებ

წითელი ხაზი – სად გადის ის ჟურნალისტებისთვის აზერბაიჯანში

რით დაიწყო ყველაფერი

ყველაფერი „ლატარეის შესახებ“ კანონის შეცვლის ინიციატივით დაიწყო. პროექტი აზარტული თამაშების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შეიქმნა. ამ კანონპროექტის თანახმად, 2020 წლის ნოემბრიდან ბუკმეკერული ოფისების საქმიანობის აკრძალვა იგეგმება. კანონს გვერდი არ აუვლია არც მრავალრიცხოვანი სათამაშო ავტომატებისთვის, რომლებიც ძირითადად ავტომობილების გაზგასამართ სადგურებზეა დამონტაჟებული. კანონი ძალაში შესვლისთანავე ავტომატების დემონტაჟს ითვალისწინებს.

ეს ბუკმეკერების მიერ მოწყობილი პირველი საპროტესტო აქცია არ არის. ადრე დემონსტრანტებმა უკმაყოფილება მთავრობის შენობასთან გამოხატეს. მაშინ კომპანია „გუდვინ-ბეტ“-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მის კომპანიაში 400 ადამიანი მუშაობს, და თუ ეს კანონი ძალაში შევა, ყველა მათგანი უმუშევარი დარჩება.

 „სამუშაო ადგილებს არ გვთავაზობენ, არსებულს კი ხურავენ“, – ჩიოდნენ ბუკმეკერული ორგანიზაციების თანამშრომლები.

მაშინ მეპროტესტეებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა. მან მათ უამბო, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლებთან შეხვედრისას ადამიანები მისგან ბუკმეკერული კომპანიების დახურვას მოითხოვდნენ.

„ადამიანები ხელფასს იღებენ, მაგრამ სახლამდე ვერ მიაქვთ, აგებენ.  [ბუკმეკერული ოფისები] ყველა ფეხის ნაბიჯზეა. ასეთი საჩივარი ყველა ქალაქში, ყველა სოფელში,  და ერევანშიც გაისმოდა,“ – უთხრა დემონსტრანტებს ფაშინიანმა.

მათ კი ამის საპირისპიროდ უპასუხეს:

 „ადამიანებს ონლაინ-სივრცეში თამაშის შესაძლებლობაც აქვთ. ბუკმეკერული ცენტრების საქმიანობის აკრძალვა მოთამაშის ცნობიერებას ვერ შეცვლის“.

რით დასრულდა პროტესტი პარლამენტის წინ

დემონსტრანტები პარლამენტის სპიკერ არარატ მირზოიანთან შეხვედრას მოითხოვდნენ, მაგრამ მან მათი მიღება ვერ შეძლო. ეროვნული საკრებულოს წინ პროსპექტის მრავალსაათიანი გადაკეტვის შემდეგ აქტივისტების ჯგუფმა ეკონომიკური საკითხების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარესთან ბაბკენ ტუნანიანთან მოლაპარაკება გამართა.

 „რადგან მირზოიანი დაკავებული იყო, დათმობაზე წავედით და ეკონომიკური საკითხების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარეს ბაბკენ ტუნანიანს შევხვდით. ტუნანიანი და შეხვედრაზე დამსწრე სხვა დეპუტატები დაგვპირდნენ, რომ დამატებით მოსმენას ჩაატარებენ და ჩვენს წინადადებებს გაითვალისწინებენ“, – ჰყვებოდა შეხვედრის შემდეგ კომპანია  „გუდვინ-ბეტ“-ის დირექტორი სარკის მიკაელიანი.

ეროვნული საკრებულოს ეკონომიკური საკითხების კომისიის თავმჯდომარე საპროტესტო აქციის აქტივისტებს დაჰპირდა, რომ უახლოეს წელიწადნახევარში ბუკმეკერულ ოფისებს არ დახურავენ.

 „გადავწყვიტეთ, რომ ბუკმეკერული ცენტრების საქმიანობის აკრძალვა გადავდოთ, მაგრამ სათამაშო ავტომატების აკრძალვა კანონპროექტის მიღებისთანავე ძალაში შევა. ახლა მათ სურთ, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ავტომატების გამოყენების ნებაც დავრთოთ. დავპირდით, რომ კომისიის სხდომაზე პროექტის პირველ და მეორე მოსმენას შორის პერიოდში ამ წინადადებას განვიხილავთ. ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს“,  – განაცხადა ბაბკენ ტუნანიანმა.

ამ შეხვედრის შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაკეტილი პროსპექტი გახსნეს და სახლებში დაიშალნენ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ