თავდამსხმელი დაკავებულია, ის ტურალ გარაევი აღმოჩნდა, რომელიც მმართველი პარტიის აქტივისტია " />

ბაქოში 14 წლის გოგონას თავს “ხსოვნის აქციის” ორგანიზების გამო დაესხნენ

თავდამსხმელი დაკავებულია, ის ტურალ გარაევი აღმოჩნდა, რომელიც მმართველი პარტიის აქტივისტია

ფოტო: პოლიცია 13 აპრილის ხსოვნის აქციას არბევს

ბაქოში დაღუპული სკოლის მოსწავლე გოგონას ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციის ორგანიზატორ გოგონას თავს დაესხნენ. 17 აპრილს, საღამოს, 14 წლის გოგნას სანაი გაჰრამანლის თავს მამაკაცი – სახელად ტურალ გარაევი დაესხა; მან გოგონას და მისი მშობლების შეურაცხყოფა დაიწყო და ხელებში ურტყამდა. გარდა ამისა, ის მოითხოვდა, რომ ყველა მათგანს მეჰრიბან ალიევას (პირველი ლედი და აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტი) წინაშე ბოდიში მოეხადა.

გოგონამ თავდასხმის ტელეფონით გადაღება მოახერხა. ეს ვიდეო სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. თავდამსხმელი დაკავებულია, მას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

რა აქციაზეა ლაპარაკი

13 აპრილს სანაიმ № 162-ე სკოლის გვერდით ყვავილების დაწყობის აქცია დააორგანიზა. აქ სწავლობდა მისი თანატოლი ელინა გაჯიევა, რომელიც 4 აპრილს სკოლის ფანჯრიდან გადახტა, რადგან სხვა მოსწავლეების მხრიდან მუდმივ დაცინვას და მასწავლებლების უხეშ დამოკიდებულებას ვერ გაუძლო. ელინა საავადმყოფოში ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

ამ შემთხვევას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ექიმებისა და სკოლის თანამშრომლების გულგრილობა აშკარა იყო.

• უფრო დაწვრილებით ელინა გაჯიევას დაღუპვისა და 13 აპრილის აქციის შესახებ

ელინას პატივსაცემად მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ორი აქციის ორგანიზება მოხდა. პირველი 12 აპრილს გაიმართა, მას ძირითადად სკოლის მოსწავლეების მშობლები ესწრებოდნენ და ის მშვიდობიანად ჩატარდა.

მეორე აქცია სანაი გაჰრამანლის მიერ 13 აპრილს იყო ორგანიზებული და მას უმეტესად სოციალურად აქტიური ახალგაზრდობა ესწრებოდა. ამჯერად პოლიცია აქციის მონაწილეებს ყვავილების დაწყობაში ხელს უშლიდა და მათ სკოლის ტერიტორიიდან უხეშად დევნიდა.

სწორედ ამ აქციას უკავშირებენ სანაის მშობლები და ნაცნობები მასზე თავდასხმას. გოგონას დედის თქმით, გარაევი გოგონას ვიდრე თავს დაესხმებოდა, მას რამდენიმე დღეს უთვალთვალებდა.

ვინ არის ტურალ გარაევი და რით არის აღსანიშნავი ეს შემთხვევა

გოგონაზე თავდამსხმელი ტურალ გარაევი ცნობილია როგორც მმართველი პარტიის „ენი აზერბაიჯანის“ აქტივისტი და ხელისუფლების მხურვალე მხარდამჭერი. ეს მისი პირველი ამგვარი საქციელი არ არის. სოციალური ქსელების მომხმარებლები ჰყვებიან, რომ ის სამოქალაქო აქტივისტებსა და სხვა „განსხვავებულად მოაზროვნე“ ადამიანებს თავს ადრეც დასხმია.

სანაი – ოპოზიციური პარტია სახალხო ფრონტის თავმჯდომარის მოადგილის, ფუად გაჰრამანლის ქალიშვილია. მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მასზე თავდასხმა ხელისუფლების მიერ არის ორგანიზებული. ამ ვერსიას სოციალური ქსელების ბევრი მომხმარებელიც იზიარებს. თავდასხმას სინდისის ყოფილი პატიმრის გიას იბრაგიმოვისთვის პოლიციაში ახლახან თქმულ სიტყვებს უკავშირებენ. ის გააფრთხილეს, რომ თუკი ხელისუფლების კრიტიკას გააგრძელებს, შესაძლოა, პრეზიდენტისა და ხელისუფლების რომელიმე თაყვანისმცემელმა მას სამაგიერო გადაუხადოს, და „პოლიცია მის დაცვას ვერ შეძლებს“.

• რატომ გამოიძახეს გიას იბრაგიმოვი პოლიციაში

სხვა ვერსიის მიხედვით, თავდამსხმელი ხელისუფლებას არ დაუქირავებია და ტურალ გარაევი საკუთარი ინიციატივით მოქმედებს, რადგან ის ხელისუფლებას მართლაც მხურვალედ ემხრობა და იცავს.


ასევე წაიკითხეთ