დაკავებულები ირწმუნებიან, რომ პოლიციაში მათ სცემდნენ და ქრთამის გადახდას სთხოვდნენ" />

ბაქოში სექსუალურ უმცირესობათა წარმომადგენლები დააკავეს

დაკავებულები ირწმუნებიან, რომ პოლიციაში მათ სცემდნენ და ქრთამის გადახდას სთხოვდნენ

22 სექტემბრიდან მოყოლებული ბაქოს ცენტრალურ ქუჩებში პოლიცია სპეციალურ რეიდებს ატარებდა, რა დროსაც სექსუალურ უმცირესობათა დაახლოებით ასი წარმომადგენელი დააკავეს.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ეჰსან ზაჰიდოვმა ასეთი რეიდების ჩატარების ფაქტი დაადასტურა, თუმცა დასძინა, რომ საუბარია არა დაპატიმრებაზე, არამედ მოკლე დროით დაკავებაზე.

დაზარალებულები ირწმუნებიან, რომ პოლიციის განყოფილებაში მათზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.

„პოლიციელები, გათავისუფლების სანაცვლოდ, დაკავებულებისგან ქრთამს ითხოვდნენ, ასევე უყენებდნენ პირობებს, რომ გეები ქალაქის ცენტრში, ადამიანების თვშეყრის ადგილებში არ გამოჩენილიყვნენ. გარდა ამისა, მოითხოვდნენ, რომ მათ „ისე არ ჩაეცვათ, რომ მათი სექსუალური ორიენტაცია გამჟღავნებულიყო“, – ციტირებს BBC ერთერთი დაკავებულის სიტყვებს.

სხვა დაკავებულმა თქვა, რომ ის ოთხი დღის განმავლობაში სარდაფში ჰყავდათ და სთხოვდნენ, რომ ნაცნობი გეები დაესახელებინა.

ზაჰიდოვის თქმით, რეიდის მიზეზი გახდა მოქალაქეების საჩივრები და სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მხრიდან „გარშემო მყოფთა მიმართ უპატივცემულობა“. მან ასევე უარყო წამების შესახებ განცხადებები და თქვა, რომ ბევრი დაკავებული „გარშემო მყოფთა ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის“.

პოლკოვნიკის თქმით, პოლიცია დაკავებულებს შიდსთან ბრძოლის რესპუბლიკურ ცენტრში აგზავნიდა, სადაც ხუთ მათგანს აივ ინფექცია და სიფილისი აღმოაჩნდა, კიდევ ერთს – მხოლოდ აივ ინფექცია.

თუმცა, შიდსთან ბრძოლის ცენტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მითითებულ დღეებში მათ მიმართ შიდსის ვირუსის გამოვლენის მიზნით არც ერთი მიმართვა არ ყოფილა. გარდა ამისა, პოლიციის მხრიდან არ დასმულა არც შეკითხვა იმის შესამოწმებლად, იმყოფება თუ არა დაკავებული მოქალაქე აღიცხვაზე.

უფლებადამცველი ორგანიზაციის Minority Azerbaijanის წარმომადგენელმა გიულნარა მეჰტიევამ თქვა, რომ ეს აზერბაიჯანის ლგბტ თემის წარმომადგენელთა ამ მასშტაბით დევნის პირველი შემთხვევაა.

მეჰტიევას თქმით, საჩივრებიდან ცხადი ხდება, რომ ადამიანებს დაახლოებით შუაღამეს აკავებდნენ, პოლიციის განყოფილებებში მიჰყავდათ და იქ აჯარიმებდნენ.

აშკარა იყო, რომ სრულიად სხვადასხვაგვარ ადამიანებს აკავებდნენ – როგორც ტრანსგენდერებს, ისე გეებს, მათაც კი, ვინც სექსმომსახურებასთან არ არის დაკავშირებული, და ჩვეულებრივ სამსახურში მუშაობს“, – ციტირებს მეჰტიევას სიტყვებს ВВС.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ILGA-Europeის [ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების, ტრანსგენდერების და ინტერსექსუალების ასოციაცია, რომელიც ამ უმცირესობათა უფლებების დაცვას მეთვალყურეობს] მიხედვით. აზერბაიჯანს ევროპის ქვეყნებს შორის, სექსუალურ უმცირესობათა დაცულობის მხრივ, რეიტინგში ბოლო, 49-ე ადგილი უკავია.

სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა მასობრივმა დევნამ სოციალურ ქსელებში ცხარე დისკუსიები გამოიწვია. იყო ძალიან ბევრი პოლიციის ქმედებების მხარდამჭერი კომენტარი, ზოგჯერ ღია ჰომოფობიური განცხადებებიც. გთავაზობთ ორ მეტნაკლებად სახასიათო კომენტარს ფეისბუკიდან:

გეები ზოგჯერ ფსიქოლოგიურად, ზოგჯერ კი გენეტიკურად არაჯანსაღი ადამიანები არიან… იმის ნაცვლად, რომ მათ უფლებები ან სიცოცხლე წაართვან, ჯობს, მათი გენები გამოიკვლიონ, და ეს საკითხი სამეცნიერო დონეზე შეისწავლონ. გენეტიკური წუნი უკვე დედის საშოშივე უნდა აღმოჩნდეს და გამოვლინდეს, ნაყოფის გარკვეულ განვითარებამდე, და მისი დაბადება აღიკვეთოს, რათა ადამიანი უბედურებას, ამ ცხოვრებისეული დაღს ააცილონ… გეის დაბადება ფსიქოლოგიურ პრობლემებს უქმნის მშობლებსაც და მათ გარშემო მყოფ ადამიანებსაც!“

რა ქვეყანა შეძარით, რა დაგიშავეს ამ ადამიანებმა? ისინი თავიანთი ცხოვრებით ცხოვრობენ და არავის არაფერს უშავებენ, არავის კლავენ; დროა, თქვენც ისწავლოთ საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება და სხვის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფას მორჩეთ. ჯობს, პოლიცია ქურდებს და კორუფციონერებს ებრძოდეს. არ იციან, რით დაკავდნენ, ოღონდ რეალურად მნიშვნელოვანი პრობლემები არ გადაჭრან, ადამიანებს სპეციალურად უწევენ პროვოცირებას და მათი ყურადღება უსარგებლო თემებზე გადააქვთ“.


ასევე წაიკითხეთ