აფეთქების მიზეზი უცნობია, ვარაუდობენ, რომ ეს საყოფაცხოვრებო ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია" />

ბაქოში საცხოვრებელ სახლში მომხდარი აფეთქების გამო სამი ადამიანი დაიღუპა

აფეთქების მიზეზი უცნობია, ვარაუდობენ, რომ ეს საყოფაცხოვრებო ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია

ფოტო: Trend

ბაქოს ცენტრში, ერთსართულიან ხის სახლში აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შედეგად, ამ სახლის ყველა მაცხოვრებელი დაიღუპა – სამი ადამიანისგან შემდგარი ოჯახი.

ხანძარი 9 იანვარს გამთენიისას მოხდა. მზიდი კედელი ჩამოინგრა, სახლის დარჩენილი ნაწილი კი სრულიად დაიწვა. ალის ჩაქრობის შემდეგ მეხანძრეებმა მამაკაცის, მისი ცოლისა და ქალიშვილის გვამები აღმოაჩინეს.

მეზობლების თქმით, ეს სახლი უნდა დანგრეულიყო, მაგრამ მისი პატრონები გამოსახლებაზე უარს ამბობდნენ, რადგან მათ ფულადი კომპენსაციის რაოდენობა ხელს არ აძლევდათ. ბაქოსთვის ეს ძალიან გავრცელებული სიტუაციაა.

• „სოვეტსკაია“ – ბაქოს ლეგენდარული უბანია, რომელიც მალე გაქრება

• 2018 წლის შვიდი მთავარი მოვლენა აზერბაიჯანში

მეზობლები ასევე ჰყვებიან, რომ გუშინ ამ უბანში მორიგი სახლი დაანგრიეს, და ამიტომ ბუნებრივი აირი რამდენჯერმე ჩართეს და გამორთეს. მათი აზრით, მორიგი გამორთვის დროს სახლის პატრონებს, შესაძლოა, ბუნებრივი აირის გადაკეტვა დაავიწყდათ, და როდესაც ისევ ჩაირთო, გაჟონვა მოხდა.

ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით არანაირი ოფიციალური განცხადებები არ არსებობს. საინფორმაციო ვებგვერდები მხოლოდ იმას იუწყებიან, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

საყოფაცხოვრებო ბუნებრივი აირის გაჟონვა ან გაზის ბალონის აფეთქება – აზერბაიჯანის საცხოვრებელ შენობებში ხანძრის გავრცელებული მიზეზია. გასული წლის ნოემბერში ბუნებრივი აირის გაჟონვამ ქალაქ განჯაში მრავალსართულიან სახლში აფეთქება გამოიწვია და მაშინაც სამი ადამიანი დაიღუპა. მანამდე კი, მაისში ბაქოს კაფეში გაზის ბალონის აფეთქების გამო, ორი ადამიანი დაიღუპა.


ასევე წაიკითხეთ