ეჭვმიტანილი დაკავებულია, მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ამის უკან სამშენებლო კომპანია დგას" />

ბაქოში კომერციული ობიექტების გამო ხეებს ქიმიკატებით ანადგურებენ

ეჭვმიტანილი დაკავებულია, მაგრამ ადგილობრივი მაცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ამის უკან სამშენებლო კომპანია დგას

ბაქოს განაპირას, შარიფზადეს ქუჩაზე 10 ძირ ფიჭვის ხეს ქიმიკატი მოასხეს – სავარაუდოდ მჟავა. აზერბაიჯანის დედაქალაქში ეს ხეებზე „თავდასხმის“ პირველი შემთხვევა არ არის, მაგრამ წინათ ხეებს უბრალოდ ჩეხავდნენ და საწამლავს არ იყენებდნენ.

ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ხეების ქვეშ დაყრილი უცნაური ბოთლები შეამჩნიეს და ეკოლოგიის სამინისტროში დარეკეს.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 260.2 – ე მუხლით – საზოგადოებისთვის საშიში მეთოდებით ტყეებისა და მწვანე მასივების განადგურება. ეჭვმიტანილის სახით დაკავებულია ვინმე რეალ გეიუშოვი.

ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარმომადგენელმა ირადა იბრაგიმოვამ ვებგვერდ 1news-ს აცნობა, რომ ნიადაგის ნიმუშები ანალიზზეა გადაგზავნილი, რათა გაიგონ, თუ ზუსტად რა ნივთიერებაა ეს და როგორ უნდა გადაარჩინონ დაზარალებული ხეები.

მიმდებარე სახლების მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ დაახლოებით ერთი წლის წინათ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები სწორედ ამ ხეების მოჭრას ცდილობდნენ, რათა მათ ადგილას მშენებლობა დაეწყოთ. მაგრამ მაშინ ამას თავად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა შეუშალეს ხელი.

ვიდეოზე ერთ-ერთი მათგანი აღშფოთებულია: „რომელმა უსინდისომ ჩაიდინა ეს?! ეს სულ ის ხალხია, რომელებიც აქ დადიოდა, მათი მოჭრა უნდოდათ. მაშინ ეს არ ჩაადენინეს, და აი დაბრუნდნენ“.

აზერბაიჯანში ხეების უკანონო მოჭრა მიიჩნევა ადმინისტრაციულ დანაშაულად, რომლისთვისაც ფიზიკურ პირებს 2 ათასი მანათით აჯარიმებენ (დაახლოებით 1184 დოლარი), ხოლო იურიდიულ პირებს – 15 ათას მანათამდე (დაახლოებით   8876 დოლარი). სამომავლოდ ამ ჯარიმების თანხის გასამმაგებას გეგმავენ, რადგან, აკრძალვის მიუხედავად, ხეების მოჭრა მაინც გრძელდება.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ