შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ „ჭორს“ უარყოფს" />

ბაქოელები ევროპის ლიგის გამო, ქალაქის ცენტრის შესაძლო გადაკეტვამ აღაშფოთა

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ „ჭორს“ უარყოფს

უეფას ევროპის ლიგის ფინალური მატჩის გამო, რომელიც ბაქოში 29 მაისს გაიმართება, ქალაქის ცენტრის მთავარ ქუჩებზე გადაადგილება 25-დან 31 მარტამდე შეზღუდული იქნება, – ამის შესახებ ვებ-გვერდი  Ona.az წერს.

• სკანდალი საფეხბურთო ფინალის ირგვლივ ბაქოში

• რაში სჭირდება აზერბაიჯანს „ფორმულა-1“?

ამ სიახლემ დღეს ბაქოელების უკმაყოფილება გამოიწვია. მით უმეტეს, რომ არსად არ არის დაზუსტებული, თუ რა იგულისხმება „გადაადგილების შეზღუდვაში“. ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ მათ ამ ქუჩებზე უბრალოდ არ შეუშვებენ. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ „ჭორს“ უარყოფს.

ევროპის ლიგის ფინალში, რომელიც ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება, ერთმანეთს ინგლისის გუნდები „ჩელსი“ და „არსენალი“ შეხვდებიან.

ამ პერიოდში აზერბაიჯანში 20 ათასი უცხოელი გულშემატკივრის ჩამოსვლას მოელიან. ჭყლეტვის თავიდან ასაცილებლად და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცენტრალურ საფეხმავლო ზონაში – შადრევნების მოედანსა და ნიზამის ქუჩაზე მოქალაქეების გადაადგილება შეზღუდული იქნება. ყოველ შემთხვევაში,  ამას ვებ-გვერდი Ona.az. ირწმუნება. და რადგანაც ის ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროდ მიიჩნევა, აზერბაიჯანში ამის ბევრს ულაპარაკოდ სჯერა. იმის შემდეგაც კი, რაც რამდენიმე სხვა ვებ-გვერდმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ ამ სიახლის უარყოფა გამოაქვეყნა.

ამ ყველაფერს სოციალურ ქსელებში   კამათი, აღშფოთება და შავი იუმორი მოჰყვა:

„ასე როგორ შეიძლება? იქნებ იქ ვცხოვრობ? ახლა რა ვქნათ, ქუჩაში აღარ გავიდეთ?“;

„მაშინ მთელ ქალაქს ღობე შემოავლონ და ჩვენ შიგნით საერთოდ აღარ შეგვიშვან“;

„გაიგეთ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყოფა გამოაქვეყნა. ალბათ, ხალხის რეაქციის შეეშინდათ. ან ალბათ უბრალოდ ნიადაგი მოსინჯეს და მიხვდნენ, რომ მეტისმეტი მოსდით“.

მთლიანობაში, ჯერ ვერავინ ვერაფერს ხვდება, მაგრამ ყველა გაბრაზებულია.

აბა, დღესასწაული?

ამავე პერიოდში, 28 მაისს აზერბაიჯანში რესპუბლიკის დღეს აღნიშნავენ – იმ დღეს, როდესაც 1918 წელს აქ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა ჩამოყალიბდა. ტრადიციისამებრ, ყოველწლიურად, 28 მაისს პოლიტიკოსები, აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ქალაქის ცენტრში, ისტიგლალიატის პროსპექტზე მდებარე ამ მოვლენისადმი მიძღვნილ ობელისკთან ყვავილებს აწყობენ. მაგრამ ამ წელს ეს პროსპექტიც სავარაუდო „წინასაფინალო შეზღუდვაში“ მოჰყვა.

• კონცერტი, მაშხალები და შეწყვეტილი მსვლელობა: როგორ აღნიშნეს ბაქოში პირველი რესპუბლიკის ასი წლისთავი

ოპოზიციური პარტიის „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერს ილგარ მამედოვს მიაჩნია, რომ ეს უბრალოდ მიზეზია საიმისოდ, რომ ოპოზიციას სადღესასწაულო მსვლელობის ჩატარების საშუალება არ მისცენ. მამედოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე  ამას „სირცხვილი“ უწოდა და უეფაც კი შეარცხვინა იმის გამო, რომ ის აზერბაიჯანის ხელისუფლებას „ხელს აფარებს“.


ასევე წაიკითხეთ