სამხრეთ ოსეთში ეს ორივე ჯგუფი საზოგადოებისთვის სახიფათოდ ცნეს" />

ბაპტისტებისა და ალკოჰოლიკების შესახებ

სამხრეთ ოსეთში ეს ორივე ჯგუფი საზოგადოებისთვის სახიფათოდ ცნეს

ყველაზე ადრე ამ თემაზე საუბარი დაიწყო სამხრეთი ოსეთის ინფორმაციისა და ბეჭდვის სახელმწიფო კომიტეტის საერთაშორისო პრესცენტრმა, რომელმაც მრგვალ მაგიდასთან მოაწყო დისკუსია სახელწოდებით “ახალგაზრდობა რელიგიური სექტების, ნარკომანიისა და ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ.”

აღნიშნული დისკუსიის შედეგად “მრგალი მაგიდის” წევრებმა ზოგიერთი რელიგიური ორგანიზაციის, ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი ფრონტის შექმნის იდეის მხარდასაჭერად რამდენიმე არგუმეტი ჩამოაყალიბეს.

1. იმიტომ, რომ საქართველოდან მოდიან

სონია ხუბაევა, სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის მრჩეველი რელიგიის საკითხებში:

“დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო, რომ ის რელიგიური დაჯგუფებები, რომლებმაც სამხრეთ ოსეთში მოიკიდეს ფეხი, საქართველოდან ჩანერგეს. მოგზავნილი სექტანტები ეროვნებით ოსები არიან და, აქედან გამომდინარე, მათ ვერავინ აუკრძალავს სამშობლოში ცხოვრებას.”

სონია ხუბაევამ სექტანტების სიაში შეიყვანა იეჰოვას მოწმეები [ამ ორგანიზაციის თემი, მსოფლიო მასშტაბით, 50 მილიონ ადამიანს ითვლის, JAMnews], ორმოცდაათიანელები[პროტესტანტიზმის ერთ-ერთი მიმდინარეობა, რომელიც 800 მილიონ ადამიანს აერთიანებს მთელ მსოფლიოში, JAMnews] და ბაპტისტები [ორგანიზაცია, რომელშიც 100 მილიონი ადამიანი შედის, JAMnews].

2.იმიტომ, რომ ყველა სექტა პოლიტიკურ საფრთხის მატარებელია

სონია ხუბაევას თქმით, “იეჰოვას მოწმეები სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებისთვის უკვე წარმოადგენენ საფრთხეს, რადგან მათ რიგებში უკვე ათას ადამიანზე მეტი ირიცხება. თუკი ისინი თეატრალურ მოედანზე გამოვლენ, მრავალრიცხოვან საპროტესტო ჯგუფს შექმნიან. ფესევდორელიგიური თეზისების მიღმა ისინი პოლიტიკურ მიზნებს მალავენ. ყველა “ფერადი რევოლუცია” (მ. შ. უკრაინაში მომხდარი გადატრიალებაც) სწორედ ამ სექტების ადეპტების მიერ იყო მართული. სექტები მაიდანზე შეკრებილებს უჭერდნენ მხარს.”

“ეს მოვლენა რეალურ საფრთხეს უქმნის ქვეყანას. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, სამი ათასი სექტანტი არარეგისტრირებულ მიმდევრებსაც თუ წამოიყვანს. მთლიანობაში 5 ათასი ადამიანი გამოვა, რაც ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობის 25%-ს შეადგენს.”

3. იმიტომ, რომ სექტანტებმა ძალაუფლება მოიპოვეს

სონია ხუბაევა, სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტის მრჩეველი რელიგიის საკითხებში: “სექტანტები რესპუბლიკის სახელმწიფო სტრუქტურების საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებენ და მათ საიდუმლო ინფორმაციაზე მიუწვდებათ ხელი. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. განათლების სამინისტრომ, მინისტრის მოადგილის გათავისუფლებით, ნაწილობრივ უკვე შეძლო ამ პრობლემის მოგვარება.”

ხუბაევა არც ისე დიდი ხნის წინათ მომხდარ ამბავს გულისხმობს. საქმე ისაა, რომ ახლახან ადგილობრივ ტელევიზიაში უჩვენეს სიუჟეტი, სადაც განათლების მინისტრის მოადგილე, მაია ზასეევა ორმოცდაათიანელებს შეხვდა და ხაზი გაუსვა მათი უფლებას, გაიარონ ოფიციალური რეგისტრაცია. ამ სიუჟეტის გასვლის შემდეგ ცოტა ხანში მაია ზასეევამ სამსახური დატოვა.

4.იმიტომ, რომ სექტანტებს დასავლეთი აფინანსებს

სოსლან პლიევი, პოლიტიკურ მეცნიერებათა კანდიდატი:

“დღეს რუსეთი იმ ბუფერს წარმოადგენს, რომელიც მესამე მსოფლიო ომის დაწყებას აფერხებს. სამხრეთი ოსეთი რუსეთის უმცროსი ძმაა. კარგი უნდა ჩვენთვის ამერიკას, როდესაც რელიგიური სექტების საქმიანობას აფინანსებს? ჩემი გათვლებით, უკრაინის კრიზისის შექმნის ბრალეულობის 80% სექტებზე მოდის. მათი ამოცანა ხალხის შეკრება იყო; ბრბოს მართვა კი ადვილია. ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს სექტებში ვკარგავთ.”

 

 

იური გაბარაევი, კულტურის, განათლების, მეცნიერების, რელიგიისა და მასმედიის საკითხების ეროვნული პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე:

“სექტების მართვის ცენტრები ჩვენი ქვეყნის საზღვრებიდან ძალიან შორს, კერძოდ კი აშშ-სა და ევროპაში მდებარეობს. საქმე გვაქვს პრობლემასთან, რომელიც ოსეთის უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებს.”

 

 

“მრგვალი მაგიდის” მონაწილეებმა ასეთი იდეები წამოაყენეს:

1. “სექტები უნდა განვიხილოთ, როგორც ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მოვლენა” (ალან ჩოჩიევი, სოციოლოგიური ანალიზის აკადემიის ხელმძღვანელი, სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელი).

2. საზოგადოებაში გაჩნდეს “შეუწყნარებლობის განცდა ისეთი დამანგრეველი მოვლენების მიმართ, როგორიცაა ნარკომანია, ნარკოვაჭრობა და რელიგიური სექტები”(იური გაბარაევი).

  • სამხრეთ ოსეთის კონსტიტუცია (მუხლი N14, პუნქტი N1) : “საზოგადოებრივი და რელიგიური გაერთიანებები კანონის წინაშე თანასწორნი არიან”. 
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ