ლგბტ უფლებების დამცველებმა აქციის ჩატარებისგან თავი უსაფრთხოების მოტივით შეიკავეს " />

ბაიკერები, მღვდლები, “ქართული მარში” – თბილისში ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის ნაცვლად ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

ლგბტ უფლებების დამცველებმა აქციის ჩატარებისგან თავი უსაფრთხოების მოტივით შეიკავეს

“ლგბტ თემის წარმომადგენლებმა 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობისთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საჯარო აქციების მოწყობაზე უარი თქვეს. ამის ნაცვლად თბილისში საქართველოს მართლმადილებელი ეკლესიის მიერ დაწესებული დღესასწაულის – ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად, მსვლელობა და კონცერტი გაიმართა. საეკლესიო მსვლელობას ულტრამემარჯვენე აქტივისტები შეუერთდნენ.

რატომ თქვეს უარი აქციებზე ლგბტ თემის წარმომადგენლებმა

როგორც „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენელმა მარიამ კვარაცხელიამ განაცხადა, წინა წლებში ლგბტ თემის მიერ მსგავსი აქციების დაგეგმვას ძალადობრივი ქმედებები მოჰყვა. 2014 წლიდან კი, რაც 17 მაისი საპატრიარქოს მიერ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადდა, საჯარო ღონისძიებების მოწყობა განსაკუთრებით გართულდა.

მისი თქმით, ამ დღეს ყველა ცენტრალური გამზირი დაკავებულია და  ძალადობის რისკების გამო ლგბტ ორგანიზაციები ჰომოფობიასთან და ტრასფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აქციით აღნიშვნას თავს არიდებენ.

• ცხოვრება სიძულვილის გარემოში. რას ჰყვებიან ლგბტ ადამიანების მშობლები

 დამოკიდებულება ლგბტ საზოგადოების მიმართ: საქართველო 24-ე ადგილზეა

“სიტუაცია 2012-2013 წლის მოვლენების შემდეგ, როდესაც ვერ ხერხდება საჯარო სივრცის დაკავება ლგბტ ადამიანების მიერ, კარგად აჩვენებს იმ სისტემურ ჩაგვრას, რისი მსხვერპლიც ეს ადამიანები არიან დღეს ქვეყანაში. ფაქტობრივად, ეს არის ერთადერთი ჯგუფი, რომელიც ისე მარგინალიზებულია, რომ ქუჩაშიც არ გაესვლება და ამის შესაძლებლობა და უფლება არ ეძლევა” , – განაცხადა კვარაცხელიამ.

თუმცა, ლგბტ აქტივისტები წელს, ივნისში გეგმავენ მსვლელობის მოწყობას სახელწოდებით „ღირსების მარში“. ის “თბილისი პრაიდის” ნაწილი იქნება, რომელიც 18-23 ივნისს არის დაგეგმილი.

მსვლელობა ოჯახის სიწმინდის დასაცავად

სამღვდელოება და მოქალაქეები ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ და მსვლელობით სამების ტაძრისკენ გაემართნენ. მსვლელობას წინ ბაიკერები მიუძღოდნენ.

აქციას შემოუერთდა რადიკალური მემარჯვენე ორგანიზაცია «ქართული მარში».

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით სამების ტაძარში პარაკლისი აღევლინება. შემდეგ კი კონცერტი გაიმართება, რომელშიც ცნობილი ანსამბლები მიიღებენ მონაწილეობას – „ერისიონი“, „რუსთავი“, „სუხიშვილები“ და სხვა ფოლკლორული ჯგუფები.

ოჯახის სიწმინდის დღედ 17 მაისი საპატრიარქომ 2014 წელს გამოაცხადა. 2013 წლის 17 მაისს კი რუსთაველის გამზირზე სამღვდელოების ნაწილმა მრევლთან ერთად ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დაარბიეს.

რას ამბობს ხელისუფლება

“საქართველოში ოჯახს და ოჯახურ ფასეულობებს ყოველთვის ჰქონდა ყველაზე მნიშვნელოვანი როლი, ეს ასე იყო, არის და მომავალშიც ასე იქნება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ საქართველოში ნებისმიერი მოქალაქის უფლება კანონით დაცულია.

მისგან განსხვავებით, საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლებმა წელს თავიანთი კონსტიტუციური უფლებით ვერ ისარგებლეს.

„2019 წელს ლგბტ+ თემის, ლგბტ უფლებადამცველებისა და თემის მხარდამჭერების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე ღიად არ აღინიშნება, უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, რაც უკან გადადგმული ნაბიჯია თემის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების რეალიზების გზაზე”,– ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა საქართველოში ძირითადად ძალადობრივ ქმედებებთანაა დაკავშირებული და საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების უსაფრთხოებას.

„სამწუხაროა, რომ ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არსებითად არ შეცვლილა. საზოგადოებაში კვლავ ძლიერია ჰომოფობია და ანტიგენდერული ჯგუფების გავლენა, რის გამოც ლგბტ+ ადამიანები განიცდიან ჩაგვრას, დისკრიმინაციას და ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი… სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ლგბტ+ ადამიანების დაცვის კუთხით არასაკმარისია და ვერ პასუხობს რეალურ გამოწვევებს“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

როგორც, თავის მხრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, 2018 წელს დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულისათვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში სამჯერ მეტი პირია მიცემული, ვიდრე 2017 წელს.

 „2018 წელს საგრძნობლად გაიზარდა სისხლის სამართლის საქმეებში დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები. დაზარალებულისა და მოწმის ინტერესების დასაცავად, მსხვერპლის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასარიდებლად, შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორი პრიორიტეტულად განიხილავს დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლთან კომუნიკაციის საკითხს“, – ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

საერთაშორისო ორგანიზაციები და უცხოელი დიპლომატები

“მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით დაუშვებელია საქართველოს მოქალაქეთა დისკრიმინაცია სხვადასხვა, მათ შორის, სექსუალური ნიშნით, “ლგბტქი+ ადამიანები (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი, ქვიარი, ინტერსექსი) პირისპირ ეჯახებიან დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც არღვევს მათ უფლებებს, ლახავს ღირსებას და რიყავს მათ საზოგადოებიდან”, – ამის შესახებ საუბარია საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებაში, რომელიც 17 მაისს, ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ბიფობიის წინააღმდეგ საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაავრცელეს. განცხადების ტექსტს ნეტგაზეთი აქვეყნებს.

განცხადების ავტორები არიან გაეროს მუდმივი კოორდინატორისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისები საქართველოში, ასევე, ავსტრიის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების, სლოვენიის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელობა და საქართველოში ევროსაბჭოს ოფისი.

როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, საქართველოში ლგბტქი+ ადამიანების ძირითადი უფლებები კანონმდებლობით დაცულია, გარკვეული პროგრესიც მიღწეულია, თუმცა ეს გარანტიები ძირითადად “ქაღალდზე რჩება”.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ლგბტქი+ ადამიანები თითქმის ყოველ ნაბიჯზე განიცდიან.

ეს შემაშფოთებელია და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის ტრადიციას”, – აღნიშნავენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ