ახალი წელი - ორასი წლის წინ და ახლა" />

ნაძვის ხის პოლიტიკური თავგადასავლები აზერბაიჯანში

ახალი წელი - ორასი წლის წინ და ახლა

როდესაც რკინის ფარდა გაიხსნა, საბჭოთა ადამიანებმა ბევრი ახალი რამ შეიტყვეს. სხვა დანარჩენთან ერთად, ბავშვობიდან ყველასთვის საყვარელი ნაძვის ხე, საახალწლო კი არა, საშობაო აღმოჩნდა.

თავად ახალი წელი კი, რამდენად საკვირველიც არ უნდა იყოს, მთელი ამ დროის განმავლობაში პოლიტიკური კურსის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა და ევოლუციას განიცდიდა.

ნოვრუზიდან შობამდე

საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანის, ირანის, ცენტრალური აზიის ზოგ ქვეყანასა და რუსეთის აზიატურ ნაწილში ახალი წელი საგაზაფხულო ბუნიაობას ემთხვეოდა. დიახ, ეს ნოვრუზის დღესასწაული იყო.

19-ე საუკუნის პირველ ნახევარში ნოვრუზს ბაქოს ციხე-გალავნის გარეთ ზეიმობდნენ, ბაზრის მოედანზე, იქ, სადაც დღეს პოეტ ფიზულის ქანდაკებაა. იმ დროში ეს უკაცრიელი ადგილი იყო (სხვათა შორის, ციხე-სიმაგრის ფარგლებს გარეთ მრავალი კილომეტრი უკაცრიელი იყო), აქ საქონელი ჩამოჰქონდათ სავაჭროდ და სახელწოდებაც აქედანაა.

ნოვრუზის დროს ადამიანები სწორედ აქ მოდიოდნენ სადღესასწაულო კოცონების დასანთებად და ცეცხლზე გადასახტომად. იმ დროს ციხე-სიმაგრის შიგნით ხის სახლები იდგა, და ცეცხლის დანთება მკაცრად იკრძალებოდა.

1810 წელს ბაქოს სახანო, ისევე როგორც ბევრი სხვა, რუსეთის იმპერიას შეუერთდა, და ნოვრუზის შობით ჩანაცვლებას ხელი არამუსლიმი მოსახლეობის ზრდამაც შეუწყო.

„კასპია“ 25 დეკემბერი 1984 წელი. ზედიზედ ორი განცხადება. ნაძვის ხე ყველა მსურველისთვის საზოგადოებრივ საკრებულოში (ამჯერად ქალაქის ადმინისტრაციის შენობა) და ბაილოვოს ბავშვთა სახლის ობლებისთვის.

მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ქალაქის მოსახლეობამ ინტენსიურად დაიწყო მატება. ეს აზებაიჯანის სხვა დიდ ქალაქში, შემახში მომხდარ მიწისძვრას და ნავთობგადამამუშავებალი სამუშაოების დაწყებას მოჰყვა. ქალაქში გაჩნდა ახალი პარკები, რომელთა შორის ყველაზე პოპულარული იყო გუბერნატორის ბაღი, ხოლო ბულვარი საღამოს მოციონებისთვის მოეწყო.

გუბერნატორის ბაღი, ახლანდელი დრო

მოსახლეობის ეთნიკური, და პირველ რიგში, რელიგიური (განსაკუთრებით მისი შედარებით შეძლებული ფენის) შემადგენლობის ცვლილებამ ცხოვრების ნირის შეცვლაც მოიტანა. ახლა ბაქოში ნოვრუზსაც აღნიშნავდნენ და შობასაც.

კერძოდ, მათთვის ვინც ვერ ერკვევა, შობა – ეს იგივე ახალი წლის დღესასწაულია, ოღონდ რომაული კალენდარით. რადგანაც, როგორც ოდესღაც ეკლესიის მამებმა გადაწყვიტეს, იესოს გაუმართლა და სწორედ ახალ წელს დაიბადა, თუ რაღაც ამგვარი იყო.

70-იან წლებში შადრევნების მოედნაზე პირველი საახალწლო ნაძვის ხე დადგეს, რომ საზოგადოებას მისთვის ეცქირა, ესიამოვნა, და ზიარებოდა.

შადრევნების მოედანი. ახლანდელი დრო

და საზოგადოებაც ეზიარა – განსაკუთრებით, მუსულმანური საშუალო და მაღალი ფენა. ჯერ კიდევ დასავლეთ ევროპაში საფუძველჩაყრილმა საქველოქმედო მეჯლისებისა და ბანკეტების ტრადიციამ ბაქომდეც ჩამოაღწია. დიკენსი ჯერ კიდევ შობის ღამეს ლონდონის დათოვლილ ქუჩებში გაყინულ საბრალო ობლებზე წერდა, ბაქოში კი ოფიცრების, ვაჭრების და ნავთობმომპოვებლების ცოლებსა და დებს უდედმამო ბავშვთა თავშესაფრებში საჩუქრები დაჰქონდათ.

ამასობაში ადგილობრივი გაზეთების მოწინავე გვერდებზე მეცენატი-ქველმოქმედების სიებს აქვეყნებდნენ.

გაზეთი „კავკაზი“ 6 იანვარი. მეცენატების სია

და ერთი რამ, რითაც ძველი წინასაახლაწლო ბაქო ასე ჰგავს ჩვენს თანამედროვე ქალაქს – ეს არის ფასადაკლებები მაღაზიებში. მე-19 საუკუნის ბოლოს ქალაქში 40-ზე მეტი ფოტოატელიე მუშაობდა. ფოტოს გადაღება დღევანდელზე არანაკლებ მოდური იყო. საახალწლოდ ბევრი ატელიე აცხადებდა ფასდაკლებას და ასევე იქცეოდნენ საკონდიტროებიც.

შემდეგ იყო სსრკ

საბჭოთა საახალწლო გაზეთებით თუ ვიმსჯელებთ, ქვეყანაში მოწყენილობამ დაისადგურა, თუმცა სიმდიდრემაც (თუ მთლად სიმდიდრე არა, გამდიდრებას ცოტაღა აკლდა, ოღონდ ჯერ ყველა მტერი უნდა დახოცილიყო). საქმე კი ასე იყო. ყოფილ იმპერიაში და მასთან ერთად ბაქოშიც, ათეიზმის გამარჯვების ხანა დადგა. საშობაო ნაძვის ხე აიკრძალა, როგორც მავნე რელიგიური კულტი, მის ნაცვლად კი ვერც ვერაფერი მოიფიქრეს.

ახალგაზდა საბჭოთა ქვეყნის საშობაო გაზეთების მოწინავე გვერდები აჭრელებული იყო წველადობის ზრდისა და მსოფლიო კომუნიზმის გამარჯვებისადმი მიძღვნილი წერილებით. ახალი წელიც, 24 დეკემბერიცა და 7 იანვარიც (კათოლიკური და მართლმადიდებლური შობა) სამუშაო დღეებად გამოცხადდა.

„ის ვინც მღვდლებთან მეგობრობს,
მასთან ნაძვი ირთვება,
მე და შენ კი ბერებს ვმტრობთ,
შობა რაში გვჭირდება!“ – აი, ასეთ ლექსებს ავრცელებდნენ ხალხში მკაცრ ოციან წლებში.

ძირს საელესიო დღესასწაულები!

აი, რას გვაიმბობს ვალიდა ხანუმი იმ დროზე მამის მონათხრობიდან: „ის ყოველთვის მეუბნებოდა, დღესასწაულს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო კრძალავდნენ, რომ საჭმელი არაფერი იყოო. მისმა ბავშვობამ 30-იან წლებში გაიარა, და ჰყვებოდა თუ როგორი შიმშილობა იყო მაშინ. სახლში, რა თქმა უნდა, თითქმის ყველა აღნიშნავდა, მაგრამ მოკრძალებულად, ნაძვის ხე კი სახლებში 50-იან წლებამდეც არ ჰქონდათ, ჩემს დაბადებამდე.“

ნაძვის ხემ უკვე, არა საშობაო, არამედ საახალწლო სამშვენისის სახით, ძალიან ნელა დაიწყო დაბრუნება 30-იანების მეორე ნახევარში. სწორედ მაშინ ჩაანაცვლა ნაძვის წვერზე პარატარა ანგელოზის ფიგურა პოლიტიკურად გამართლებულმა წითელმა ვარსკვლავმა.

თოვლის ბაბუას დაბრუნება

ევროპის ომისშემდგომი დაყოფის შემდეგ, სსრკ-ს ხელმძღვანელობისთვის ცხადი გახდა, რომ მსოფლიო კომუნიზმის გამარჯვება შეუძლებელი იყო, და მრეწველობა სამხედრო კალაპოტიდან მშვიდობიანზე გადადიოდა. მაშინ, 50-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო იმ დროისთვის ყველაზე ფართომასშტაბიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა (სწორედ იმ ცნობილი „ხრუშოვკების“, პატარა ბინა-კოლოფების, სადაც როგორც იქნა შეასახლეს სარდაფებიდან და კომუნალური ბინებიდან ადამიანები).

გაჩნდა ცალკე ბინები, მათში მაცივრები, და ვისაც გაუმართლებდა, ტელევიზორები. ტელევიზორში კი „მოროზკოდა „გოლუბოი ოგონიოკი“ .

ადამიანებს ნება დართეს ეყიდათ და ღიად მოერთოთ ნაძვის ხეები, საბავშვო ბაღებში კი საახალწლო ზეიმები იმართებოდა, სადაც ყველა ბავშვს ერთნაირად, საბჭოთა ბაჭიების ფორმა ეცვა.

საღამოს გაზეთი „ბაკი“ 1958 წლის 25 დეკემბრის. ახალ წელს ღიად ზეიმობენ.

„მე და ჩემ ძმას სურახანში (ბაქოს გარეუბნის დასახლება)ყველაზე ექსკლუზიური ახალი წელი ვქონდა, – ჰყვება შაჰინი, – ჩვენი მშობლები კულტურის სასახლეში მუშაობდნენ. საახალწლოდ კულტურის სახლში ნაძვის ხეს დგამდნენ, მოდიოდნენ თოვლის ბაბუა, ფიფქია და ჯამბაზები – ნამდვილები, მართლა სასაცილოები, ახლანდელებივით კი არა. ჩვენ იმ ოთახშიც კი გვიშვებდნენ, სადაც თოვლის ბაბუა გრიმს იკეთებდა. და კიდევ ზედმეტი საჩუქრებიც მე და ჩემ ძმას გვრჩებოდა. რაც შეეხება საჩუქრებს, მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა – სტანდარტული კანფეტები და ნამცხვრები იყო“.

შაჰინი ძმასთან ერთად

უკანასკნელი საბჭოთა წლები

ეს წლები ყველას კარგად გვახსოვს და რაიმე მოსაყოლი ყველას გვაქვს.

კატია: „რაც ჩემი თავი მახსოვს, გვქონდა ერთი ხელოვნური ნაძვის ხე, რომელიც დედამ 81 წელს იყიდა ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე. შემდეგ 20 წლის განმავლობაში ვრთავდით ამ ნაძვის ხეს და რადიატორზე ვამაგრებდით, რომ არ გადაყირავებულიყო.

ნაძვის ხის სათამაშოები კი უდიდეს ფასეულობას წარმოადგენდა. მაშინ ქრთამები არ იყო, და ბებიაჩემს, რომელიც სამშობიარო სახლში ექიმად მუშაობდა, ვინმეს რომ ამშობიარებდა, შემდეგ „საჩუქრებად“ ნაძვის ხის სათამაშოებს ჩუქნიდან“.

კატია ფიფქის როლში

„ირადა: „ნაძვის ხის სათამაშოები თითქმის არ გვქონდა, და ჩემთვის იმ დროის ყველაზე ნათელი მოგონება მამას საჩუქარია. მამამ დამტვრეული სათამაშოების ნატეხებისგან გვირგვინი გამიკეთა. სხვა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საჩუქარი 90 წელს მივიღე – მოდური კევის „სტიმოროლის“ ორი ცალი ბალიში. არ ვხუმრობ“.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ (განსაკუთრებით კი ნავთობის კომპანიებთან დადებული, ყბადაღებული საუკუნის კონტრაქტის შემდეგ) ახალი წლის აღნიშვნა შესაძლებელი და საჭიროც გახდა. თუმცა, დღესასწაულს ერთგვარი პატრიოტული ელფერი შეჰმატეს, და ყოველი შემთხვევისთვის, 31 დეკემბერი მთელი მსოფლიოს აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღედ გამოაცხადეს.

ახალი წელს, ისევე როგორც წარმართული ნოვრუზსა, და ისლამისტურ გურბან ბაირამს, ძვირფასად და ხელგაშლილად ზეიმობენ. საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, სანავთოობო აზერბაიჯანი არასდროს ყოფილა ასკეტიზმის მომხრე. ამიტომაც, ახალი წელი შუშხუნებით, ბულვარზე კონცერტებით და სახალხო სეირნობებით აღინიშნება.

გასართობი ინდუსტრიისთვის ეს დღე – ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანია. რესტორნები სადღესასწაულო მომსახურების „კომპლექტებს“ გვთავაზობენ, რაც 60 დოლარით დაწყებული, პლუს უსასრულობამდე მატულობს, ადგილობრივი არხები შოუებს და კონცერტებს გადასცემენ.

აზერბაიჯანულ სოციალურ ქსელებში ამ დღესასწაულს, ისევე როგორც ბევრ სხვ ღირსშესანიშნავ დღეს, არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა. აი, ზოგიერთი სტანდარტული კომენტარი:

“როგორ არ გრცხვენიათ! ნაძვის ხის გარშემო მაიმუნებივით დახტიხართ! და როგორ მოიხსენიებთ საკუთარ თავებს მუსლიმებად ამ ყველაფრის შემდეგ?!”

“თითო ტყვია რომ გეყიდათ იმ ფულით, რაც მაგ თქვენს ასაფეთქებლებში დახარჯეთ, უკვე ყარაბაღი გვექნებოდა აღებული!”

ამის მიუხედავად, წელსაც ისე ჩატარდა ყველაფერი, როგორც შარშან და შარშანწინ – ბაქოს ბულვარში მოწყობილი ფოეიერვერკი, აღფრთოვანებული ბრბო, ქალაქის ყველა უბანში მდგარი მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხეები და პრეზიდენტის სატელევიზიო გამოსვლა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანმა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება შეძლო.


ასევე წაიკითხეთ