ახალი არხის, „პობედას“ გზავნილი, სავარაუდოდ, ასეთია: რუსეთი - „დიადი სახელმწიფო“" />

ახალი ტელეარხი რუსეთში, რომელიც მეორე მსოფლიო ომში მხოლოდ საბჭოთა არმიის მიღწევებზე იქნება

ახალი არხის, „პობედას“ გზავნილი, სავარაუდოდ, ასეთია: რუსეთი - „დიადი სახელმწიფო“

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მოსკოვში, წითელ მოედანზე გამართული აღლუმი. 9 მაისი 2018. REUTERS/მაქსიმ შუპენკოვი

მეორე მსოფლიო ომის 75 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთში ახალი ტელეარხი, სახელად „პობედა“ გამოჩნდება. უკვე ითქვა, რომ ეს არხი მეორე მსოფლიო ომში მხოლოდ საბჭოთა არმიის მიღწევებზე იქნება და პროპაგანდირებას გაუწევს საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მთავარ როლს, რომელიც მან ფაშიზმზე გამარჯვებაში შეასრულა.

• რა არის სინამდვილეში „რუსული სამყარო“ რუსეთის გარეთ? სამი მოკლე ფილმი

• სტალინის “დიდი ტერორი”. ყველაზე მარტივი კითხვები 1937 წელზე

„პობედას“ რუსეთის ერთ-ერთი მთავარი მაუწყებელი, „პირველი არხი“ ქმნის. ახალი არხის ნახვა რუსეთის მთელ ტერიტორიასა და მის საზღვრებს გარეთ შესაძლებელი იქნება საკაბელო ქსელებითა და თანამგზავრის საშუალებით.

მოგიყვებით, რაში დასჭირდა ეს რუსეთის ხელისუფლებას

მეორე მსოფლიო ომი უკვე აქტიურად არის წარმოდგენილი ყველა რუსულ ტელეარხზე

„პობედას“ შემქმნელების ვერსიით, მეორე მსოფლიო ომმა – დიდმა სამამულო ომმა, როგორც მას რუსეთში უწოდებენ – ისეთი რაოდენობის მხატვრული და დოკუმენტური მასალები მისცა ქვეყანას, რომ არათემატურ არხებზე მის ჩვენებას ვერ ასწრებენ.

არადა, საკმარისია, რუსული ტელეარხების პროგრამას ჩახედო და დარწმუნდები: ზოგადად სამხედრო და, კერძოდ, მეორე მსოფლიო ომის თემა, ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს.

ძველ მხატვრულ ფილმებს ყოველწლიურად ემატება თანამედროვე სერიალები.

მაშინ, რაში დასჭირდათ კიდევ „პობედა“?

პროპაგანდისტების მთავარი არგუმენტი

მეორე მსოფლიო ომისა და მასში გამარჯვების თემა რუსული პროპაგანდისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, მას ეყრდნობა აზრი იმის შესახებ, რომ რუსეთი – „დიადი სახელმწიფოა“ და მას განსაკუთრებული უფლებები აქვს, პირველ რიგში, მეზობლებთან ურთიერთობებში.

რუსულ ტელეეთერში ყოველდღიური პროპაგანდის გარდა, ეს გზავნილი მასობრივ აზროვნებაში ისეთი აქციების საშუალებით მყარდება, როგორიცაა „უკვდავი პოლკი“. ყოველწლიურად, 9 მაისს, როდესაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღე აღინიშნება, რუსეთსა და კიდევ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ადამიანები მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ახლობლების პორტრეტებით ხელში, მასობრივ მსვლელობას აწყობენ.

ეს ტრადიცია დაიწყო როგორც ჭეშმარიტი სახალხო ინიციატივა. თუმცა, მალევე, ის ხელში აიღო სახელმწიფო აპარატმა და გადაიქცა ოფიციალურ იდეოლოგიურ ღონისძიებად, რომელში მონაწილეობაც სავალდებულო გახდა სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებისთვის.

რამდენიმე დღის წინ, სანკტ-პეტერბურგში, მასშტაბური სამხედრო აღლუმი მოეწყო, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის გარღვევის 75 წლისთავს მიეძღვნა – მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ საკვანძო მოვლენას. მედიასა და სოციალურ ქსელებში ბევრმა გააკრიტიკა ხელისუფლება და აღნიშნა, რომ უმჯობესი იყო, ეს ფული იმ ხალხს მოხმარებოდა, ვინც ბლოკადას გადაურჩა.

ჟურნალისტები წერენ, რომ, მაგალითად, გერმანიამ ამ თარიღთან დაკავშირებით 12 მილიონი ევრო გამოყო სანკტ-პეტერბურგში ვეტერანებისთვის საავადმყოფოს გასარემონტებლად.

რას არ ამბობს რუსული პროპაგანდა

არსებობს მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებული რამდენიმე თემა, რომელიც არასოდეს ჩანს რუსულ ტელესივრცეში:

სამოკავშირეო ურთიერთობები სტალინსა და ჰიტლერს შორის 1941 წლის 22 ივნისამდე.

პოლონეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ გერმანიისა და საბჭოთა კავშირის კოორდინირებული აგრესია.

• ათობით მილიონი დაღუპული (ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია) საბჭოთა მხრიდან, რაც საბჭოთა სამხედრო მეთაურობის შეცდომამ და შეუბრალებლობამ გამოიწვია.

  • ათობით მილიონი ადამიანი, რომლებიც გერმანელების ტყვეობაში აღმოჩნდნენ, დაბრუნდნენ სახლში, დაუჯერეს რა დაპირებას და სტალინის ბრძანებით, „სამშობლოს ღალატისათვის“ ციმბირის ბანაკებში გაგზავნეს.

• ის ფაქტი, რომ მეორე მსოფლიო ომში მოპოვებული გამარჯვება მიღწეულ იქნა ყველა საბჭოთა რესპუბლიკისა და ხალხის ძალისხმევითა და მსხვერპლით, არა მხოლოდ რუსეთის.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ